უძველესი ტბა მაიას ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს მალავს - ახალი კვლევა
უძველესი ტბა მაიას ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს მალავს - ახალი კვლევა

მექსიკაში, ერთ-ერთი ტბის ფსკერზე არსებული დანალექები შეიცავს დიდი ხნის ნანატრ პასუხებს მაიას ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს შესახებ.

მაიას უძველესი ტომები თავდაპირველად იუკატანის ნახევარკუნძულზე, იმ დროის სხვა მოწინავე ცივილიზაციებთან ერთად სახლობდნენ. მაიას ხალხმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქალაქების მშენებლობა.

მოწინავე სოფლის მეურნეობისთვის ისინი ასტრონომიას იყენებდნენ. გარდა ამისა, შექმნეს კალენდრები და იყენებდნენ მათემატიკასაც.

მაგრამ მიუხედავად მთელი ამ პროგრესისა, ათასობით წლის განმავლობაში ნაშენები მაიას იმპერია სულ რაღაც რამდენიმე ასეულ წელიწადში დაეცა.

კოლაფსის მიზეზებთან დაკავშირებით, მეცნიერებს რამდენიმე თეორია აქვთ, მათ შორის არის გაუტყიურება (დეფორესტაცია), ჭარბი მოსახლეობა და გვალვა. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ფოკუსს გვალვაზე აკეთებს და პირველად ისტორიაში, გვთავაზობს, რამდენად ექსტრემალური შეიძლება ყოფილიყო ის.

იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ჩიჩანკანაბის ტბის ფსკერის დანალექების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახ. წ. 800-დან 1000 წლამდე, დაახლოებით ასწლიან მონაკვეთში, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 50 პროცენტით შემცირდა, ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 70 პროცენტამდე გაიზარდა.

გვალვის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ეს კვლევა პირველია, რომელმაც მოახდინა იმ პერიოდის ნალექების, ფარდობითი ტენიანობისა და აორთქლების რაოდენობრივი შეფასება. გარდა ამისა, ეს კვლევა ასევე პირველია, რომელიც ერთმანეთს ურწყავს ანალიზის მრავალ ელემენტს და ახდენს მოდელირებას, რათა განსაზღვროს მაიას ცივილიზაციის დაცემის ეპოქის კლიმატის ჩანაწერები.

ნევადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგი, მეთიუ ლეჩნიეტი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, აღნიშნავს, რომ გვალვის რაოდენობრივი შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან წარმოაჩენს ბუნებრივი კლიმატის ცვალებადობის ძალას.

„ადამიანები გავლენას ახდენენ კლიმატზე. ჩვენ მას ვათბობთ და მოსალოდნელია, რომ ის ცენტრალურ ამერიკაში უფრო მშრალი გახდება. შეიძლება, მივიღოთ გაორმაგებული ძალის გვალვა. თუკი ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული სიმშრალე დაემთხვევა ბუნებრივი მიზეზებისას, შედეგად მიიღებთ გაცილებით ძლიერ გვალვას“, — ამბობს ლეჩნიეტი.

ახალი კვლევის ფარგლებში გამოიყენეს დანალექების ბირთვი, რასაც კლიმატის მეცნიერები ხშირად იყენებენ წარსულის გარემო პირობების გასარკვევად. ამ შემთხვევაში, უძველესი მიწა ერთგვარი გეოლოგიური დროის კაფსულის როლს ასრულებს.

მიწის სიღრმეში ჩამარხულ დანალექთა თითოეული ფენა შეიცავს ნალექების, ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების მტკიცებულებებს. ქიმიური პროცესებისა და ურთიერთქმედებათა გზით, კლიმატის გარემო პირობები „იწერება“ იმ დროის ნიადაგის ზედაპირზე, შემდეგ კი თანდათან იმარხება.

მეცნიერები ამ ნიადაგს შემდეგ ბურღავენ და ახდენენ მისი ფენების ანალიზს, თითოეული წლის მიხედვით. საბოლოოდ, იქმნება ერთგვარი ქრონოლოგია.

ამ კონკრეტული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გულმოდგინედ შეისწავლეს ჩიჩანკანაბის ტბის ფსკერიდან ამოღებული ტალახისა და თიხის ფენები.

მშრალ პერიოდებში, ტბის მოცულობა უნდა შემცირებულიყო. წყლის აორთქლებისას, პირველად უფრო მსუბუქი ნაწილაკები უნდა აორთქლებულიყო, მძიმე ელემენტები კი ტბაში დარჩენილიყო.

თუკი გვალვა ძლიერი და ხანგრძლივი იყო, წარმოიქმნებოდა თაბაშირის კრისტალები, რომელთა სტრუქტურებშიც კომბინირდებოდა ტბის წყალი. ამ კრისტალებში არსებული „ნამარხი წყლის“ საშუალებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის პალეოკლიმატოლოგიის მკვლევარმა ნიკ ევანსმა და მისმა ჯგუფმა იმ პერიოდის ტბის წყლის თვისებების ანალიზი მოახდინა.

ნამარხი წყლის ქიმიურმა შემადგენლობამ მიუთითა მაიას თაიმლაინის გვალვის პერიოდებზე და გამოავლინა, რამდენად ხანგრძლივი და ძლიერი იყო კონკრეტული გვალვა.

გვალვის გამომწვევ მიზეზთა შესახებ მრავალი თეორია არსებობს, მაგრამ უკვე 1000 წელზე მეტია გასული და არ არსებობს რაიმე გადამწყვეტი მტკიცებულება. გვალვა ემთხვევა შუა საუკუნების თბილი პერიოდის დასაწყისს, რომელიც მიჩნეულია, რომ გამოიწვია ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის შემცირებამ და მზის აქტივობის ზრდამ.

როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ამ პროცესში შეიძლება, წვლილი ასევე შეიტანა მაიას ხალხის მიერ ტყის ჩეხვამ. ცნობილია, რომ დეფორესტაცია (გაუტყიურება) ამცირებს ტენის ოდენობას და ნიადაგს არამდგრადს ხდის.

ევანსის თქმით, გვალვის მიზეზების შესახებ დამატებითი თეორიებს შორის არის ცვლილებები ატმოსფეროს ცირკულაციაში და ტროპიკულ ციკლონთა სიხშირის შემცირება.

ევანსი და მისი ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა არქეოლოგებს დაეხმარება გაარკვიონ, რა გავლენა მოახდინა უძველესმა გვალვამ მაიას სოფლის მეურნეობაზე მათი ისტორიის კრიტიკულ მომენტში.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ავსტრალიის ვრცელი რეგიონებში მნიშვნელოვანი გვალვა მძვინვარებს.

სოციოპოლიტიკური კვლევები აჩვენებს, რომ გვალვამ შეიძლება, გამოიწვიოს ომები, შიმშილობა და ადამიანთა დიდი მიგრაციები.

„გვალვას აქვს პოტენციალი, რათა მრავალი პრობლემის მთავარი მიზეზი გახდეს, საბოლოოდ კი დიდი დარტყმა მიაყენოს ცივილიზაციას“, — აღნიშნავს ევანსი.

მაგრამ როგორც იგი შენიშნავს, დღევანდელ გლობალიზებულ ეკონომიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია აღმოფხვრას მაიას მსგავსი, აპოკალიფსური გვალვა.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.