მექსიკაში აღმოჩენილი გიგანტური წყალქვეშა მღვიმე სავსეა მაიას ცივილიზაციის საიდუმლოებით
მექსიკაში აღმოჩენილი გიგანტური წყალქვეშა მღვიმე სავსეა მაიას ცივილიზაციის საიდუმლოებით

ათთვიანი ინტენსიური კვლევების შემდეგ, მეცნიერებმა მექსიკაში აღმოაჩინეს მსოფლიოში უდიდესი დატბორილი მღვიმის სისტემა, რომელიც ნამდვილი წყალქვეშა საოცრებათა სამყაროა.

347 კილომეტრზე გადაჭიმული მიწისქვეშა მღვიმეების ეს ჩაძირული ლაბირინთი უბრალოდ ბუნებრივი სანახაობა როდია — არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა, მაიას უძველესი ცივილიზაციის მრავალ დაკარგულ საიდუმლოს ახადოს ფარდა.

„ეს უზარმაზარი მღვიმე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ჩაძირულ არქეოლოგიურ ძეგლს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის წყალქვეშა არქეოლოგი გილერმო დე ანდა.

„შეიცავს ასზე მეტ არქეოლოგიურ კონტექსტს, რომელთა შორის არის მტკიცებულებები ამერიკის პირველ მოსახლეთა შესახებ, ისევე როგორც გადაშენებული ფაუნა და რაღა თქმა უნდა, მაიას კულტურის მრავალი საიდუმლო“.

დე ანდა ხელმძღვანელობს პროექტს მაიას ცივილიზაციის შესახებ (Great Maya Aquifer Project ანუ GAM) — კვლევას, რომელიც უკვე ათწლეულებია მექსიკის შტატ კინტანა-როოში წყალქვეშა მღვიმეებს იკვლევს. ეს შტატი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულის კარიბის ზღვის სანაპიროზე.

რეგიონში აღმოჩენილია ჩაძირულ მღვიმეთა 358 სისტემა. ეს მღვიმეები ზედაპირქვეშ დამალული, მტკნარი წყლით სავსე ტუნელებია, რომელთა საერთო სიგრძე 1400 კილომეტრს აღწევს.

ამ ვერცელ ქსელში, გასულ კვირას ახალი ჩემპიონი გამოიკვეთა. საკ-აკტუნის სისტემა იმდენად უზარმაზარია, რომ თავიდან ორი სხვადასხვა მღვიმის სისტემა ეგონათ.

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ 93 კმ-ზე გადაჭიმული კიდევ ერთი სისტემა დოს-ოხოსი (ესპ. „ორი თვალი“) საკ-აკტუნს არ ეკუთვნოდა, მაგრამ 10-თვიანმა გულმოდგინე წყალქვეშა კვლევამ დაამტკიცა, რომ სინამდვილეში, ეს ორი მღვიმე ერთი უწყვეტი, გიგანტური ჩაღრმავების ნაწილია.

„რამდენჯერმე მართლაც ძალიან ახლოს მივედით. რამდენიმე შემთხვევაში, სულ რაღაც მეტრი გავშორებდა ორი უდიდესი მღვიმის სისტემის შეერთებისგან“, — უთხრა მექსიკის გამოცემა El Pais-ს პროექტის დირექტორმა რობერტ შმიტნერმა.

„ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, ვენებს რომ მიჰყვე ორგანიზმში. ეს იყო ბილიკების ლაბირინთი, რომელიც ხან ძალიან ახლოს მიდიოდა ერთმანეთთან, ხანაც შორდებოდა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებდა“.

ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მღვიმეთა კანონების თანახმად, საკ-აკტუნმა შთანთქა დოს-ოხოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ 347 კილომეტრიანი საკ-აკტუნი ახლა უკვე მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დადასტურებული წყალქვეშა მღვიმეა. უკან ჩამოიტოვა 270 კილომეტრიანი ოკს-ბელ-ჰას მღვიმეთა სისტემა, რომელიც ასევე კინტანა-როოს შტატში მდებარეობს.

მაგრამ ძიება ჯერ არ დასრულებულა. როგორც ჩანს, საკ-აკტუნი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მკვლევართა თქმით, ის შეიძლება დაკავშირებული იყოს წყალქვეშა მღვიმის სამ სხვა სისტემასთან, რასაც შემდეგი კვლევები დაადგენს.

როგორც მკვლევართა მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალაში ჩანს, ამ უპრეცედენტო მღვიმეთა სისტემაში აღმოჩენასა და ანალიზებს ელის მაიას ცივილიზაციის მრავალი არტეფაქტი თუ ადამიანთა ნაშთები.

საბოლოო ჯამში, სამეცნიერო მნიშვნელობა შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რამდენადაც თავად ეს მღვიმეა.

„აღვრიცხეთ 100-ზე მეტი არქეოლოგიური ელემენტი: გადაშენებული ფაუნის ნაშთები, ადრეული ადამიანები, მაიას არქეოლოგია, კერამიკა და მაიას სამარხები“, — განუცხადა დე ანდამ მექსიკურ მედიას.

„თქვენ წინაშეა დროის გვირაბი, რომელიც 10 000-12 000 წლის წინანდელ ეპოქაში წაგიყვანთ“.

მომზადებულია ibtimes.co.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით