აღმოჩენილია 7000 წლის ჩაძირული ნავები, რომლებიც მიუთითებს, როგორ მოგზაურობდა ნეოლითის ხალხი ხმელთაშუა ზღვაში — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 7000 წლის ჩაძირული ნავები, რომლებიც მიუთითებს, როგორ მოგზაურობდა ნეოლითის ხალხი ხმელთაშუა ზღვაში — #1tvმეცნიერება

ზღვა კაცობრიობის ისტორიის დიდ ნაწილს მალავს. მთელი პლანეტის მასშტაბით აღმოჩენილი ჩაძირული არტეფაქტები არქეოლოგებს დიდად ეხმარება, რომ შეისწავლონ, როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები და როგორ კვეთდნენ ისინი ზღვებს ახალ მიწებამდე მისასვლელად.

ევროპაში ქვის ხანის აგრარული საზოგადოებები მოგზაურობაში, ვაჭრობასა და კომუნიკაციაში დამოკიდებული იყვნენ ზღვაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ხმელთაშუა ზღვის გარშემო ვრცელდებოდნენ, ნეოლითის ხანაში, ძვ. წ. 10 000 – 7000 წლებში. თუმცა, მათი ტექნოლოგიური ცოდნის ნაშთები ან ტბებსა და ლაგუნებშია ჩაძირული, ან ჭაობებში ჩამარხული, რაც მათ პოვნას ართულებს.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ესპანეთის კვლევების ეროვნული საბჭოს არქეოლოგი ხუან ხიბახა ხელმძღვანელობდა, რომის მახლობელ სოფელთან არსებული ტბის ნაპირებიდან ამოღებული ხუთი ნეოლითური კანოე აღწერა. კვლევამ ცხადყო, რომ ამ რეგიონის მეზღვაურ საზოგადოებებს ნავების მშენებლობის დახვეწილი ტექნიკა უნდა ჰქონოდათ.

„ლა-მარმოტაში აღმოჩენილი ნეოლითური კანოეების პირდაპირი დათარიღებით ირკვევა, რომ ისინი უძველესია მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში“, — წერენ მკვლევრები.

ნეოლითური დასახლება ლა-მარმოტა არქეოლოგებმა 1989 წელს აღმოაჩინეს; ის ტბა ბრაჩიანოში, რვა მეტრზე იყო ჩაძირული. ეს ტბა ხმელთაშუა ზღვას მდინარე არონეთი უერთდება.

გათხრები 1992-2006 წლებში მიმდინარეობდა, შემდეგ კი 2009 წელს განახლდა. ძეგლზე ხის ნივთები განსაკუთრებით კარგად იყო შენახული ტალახისა და წყლის მიერ. მათ შორის დიდი ოდენობით იყო საქსოვი ხის ხელსაწყოები, საკვების სატარებელი დაწნული კალათები და მორებისგან გამოთლილი ხუთი კანოე.

ამ აღმოჩენების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლა-მარმოტა წარმატებული აგრარული საზოგადოება უნდა ყოფილიყო, ვაჭრობის მნიშვნელოვანი კვანძი ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო. ხუთ კანოეზე ხიბახასა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული ახალი ანალიზების მიხედვით, ვაჭრობა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ამ ქალაქის მცხოვრებთა ხეზე მუშაობისა და გემთმშენებლობის დახვეწილი უნარების წყალობით.

კანოები ამოკვეთლი ხეებისგან არის დამზადებული; ეს ხეები დაახლოებით ძვ. წ. 5700 – 5100 წლებშია გაზრდილი. ერთ-ერთი ნავი სიგრძეში 11 მეტრამდეა და სავარაუდოდ მუხის ხისგანაა დამზადებული; მკვლევართა შეფასებით, ის იმაზე დიდია, ვიდრე ბრაჩიანოს ტბის გადაკვეთისთვის უნდა ყოფილიყო საჭირო. დიდად პატარა არც დანარჩენი ოთხი კანოე იყო, მათი სიგრძეები 4-დან 9,5 მეტრამდე მერყეობს. დადგინდა, რომ ორი მათგანი მურყანის ხისგანაა დამზადებული, ერთი ვერხვის და ერთი წიფლისგან.

კორპუსის გასამაგრებლად, კანოეებს ასევე ჰქონდათ ჯვარედინი კიჩოები; ერთ-ერთს კი კედლებში თანაბრად დაშორებულ მანძილებზე ჩაყენებული ჰქონდა T-ს ფორმის სამი სარჭი, რომლებზეც თოკები ან იალქნები შეიძლება დამაგრებულიყო.

„მათში უნდა ყოფილიყო ხალხი, რომელსაც ეცოდინებოდა, როგორ შეერჩიათ საუკეთესო ხეები, როგორ ამოეკვეთათ მორები და დაწვის შედეგად შუაში დაეწვრილებინათ, როგორ დაებალანსებინათ ნავი ძირზე განივად გამაგრების გზით და ა. შ.“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ასეთი სტრატეგიები უზრუნველყოფდა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ადამიანთა, ცხოველთა და საქონლის ტრანსპორტირების დიდ ტევადობას.

თუ გავითვალისწინებ ამ მახასიათებელთა მსგავსებას უფრო ბოლოდროინდელ საზღვაო ტექნოლოგიებთან, მკვლევრები ეჭვობენ, რომ მრავალი დიდი წინსვლა ზღვაოსნობაში, სწორედ ნეოლითის ხანაში უნდა მომხდარიყო და ბრაჩიანოს ტბის ტალახში შეიძლება კიდევ ბევრი ნავი იმალება. სხვათა შორის, ჯერ ამ ძეგლის მხოლოდ ერთი-მეოთხედია გათხრილი.

არქეოლოგები ჯერ ვერ ხსნიან, რატომ მიატოვეს ლა-მარმოტას დასახლება უცაბედად, დაახლოებით ძვ. წ. 5230 წელს.

ვინაიდან ძეგლზე ამდენი ნივთი შემორჩა და დღემდე კარგად შემოინახა, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ხალხს იქაურობა სწრაფად უნდა მიეტოვებინა, სავარაუდოდ ქალაქის სწრაფი დატბორვის გამო.

კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.