პანამაში უძველესი რელიგიური წინამძღოლის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ოქროს ნივთებითაა სავსე — #1tvმეცნიერება
პანამაში უძველესი რელიგიური წინამძღოლის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ოქროს ნივთებითაა სავსე — #1tvმეცნიერება

პანამაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს დაახლოებით 1200 წლის წინ დამარხული რელიგიური წინამძღოლის საფლავი, რომელშიც მრავლად იყო ოქროს ნივთები და სხვა ადამიანთა ნეშტები.

უძველესი სამარხი ელ-კანიოს არქეოლოგიურ პარკში აღმოაჩინეს, კოკლეს პროვინციაში, რომელიც განთქმულია კოლუმბამდელი პერიოდის აღმოჩენებით, განსაკუთრებით კი მდიდრული სამარხებით. ახლად აღმოჩენილი სამარხი ახ. წ. დაახლოებით 700 წელსაა აგებული და მეცხრეა ამ ძეგლზე 2008 წლის შემდეგ აღმოჩენილთა შორის. ამის შესახებ პანამის კულტურის სამინისტრო იუწყება.

ეს სამარხები, მათ შორის ახლად აღმოჩენილიც, მაღალი სტატუსის მქონე ადამიანთა სამუდამო განსასვენებელია. მკვლევართა ჯგუფის აზრით, საფლავის ცენტრში დამარხულ ადამიანს მაღალი სტატუსი უნდა ჰქონოდა, რასაც არა მხოლოდ მისი ფიზიკური განლაგება მიუთითებს, არამედ სხეულის გარშემო დაწყობილი ოქროსა და კერამიკის არტეფაქტებიც.

ელ-კანიოს მიმდებარე რეგიონში მცხოვრები ცივილიზაცია ამ ძეგლს მაშინ წმინდა ადგილად აღიქვამდა და ადიდებდნენ წინაპრებს, რომლებსაც კარგი საქმეები ჰქონდათ გაკეთებული.

„სჯეროდათ, რომ ამ ადამიანთა სიკვდილის შემდეგ, მყარდებოდა მუდმივი კომუნიკაცია წინაპარსა და მის შთამომავლობას შორის. ჩვენი კვლევა წარმოაჩენს მაღალი სტატუსის მქონე პირთა სამგლოვიარო რიტუალების პრაქტიკას“, — ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, ელ-კანიოს ფონდის დირექტორი ხულია მაიო.

ახლად აღმოჩენილი ელიტარული წინამძღოლი დაახლოებით 30-40 წლის კაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც არქეოლოგებმა „ფლეიტების მბრძანებელი“ უწოდეს, რადგან მის სამარხში მრავლად იყო ცხოველების ძვლებისგან დამზადებული ფლეიტები, რომლებსაც სავარაუდოდ რელიგიურ ცერემონიებში იყენებდნენ.

სამარხის კვლევასთან ერთად, არქეოლოგები მიხვდნენ, რომ ფლეიტების მბრძანებელი მარტო არ იყო და სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში რამდენიმე ათეული კომპანიონი ახლდა — მათი ძვლები მის გარშემო დაწყობილი ნივთების ქვეშ იყო დამარხული.

ასეთი მახასიათებლები მკვლევრებს წინა სამარხებშიც ჰქონდათ ნანახი და როგორც წინა რვა საფლავის კვლევები მიუთითებდა, სხვა სხეულები ეკუთვნოდა მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს, რომლებიც მიცვალებულს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში კომპანიონობის გასაწევად შესწირეს. მაიოს განცხადებით, ახლად აღმოჩენილი ჩონჩხები ყველა ერთდროულადაა დამარხული და ასევე აქვთ რიტუალური სიკვდილის ნიშნები.

ელ-კანიო სამარხი კამერების ორ სექტორად იყოფა: მაღალი სტატუსის სექტორად, რომელში შემავალ სამარხებშიც მრავალი სხეულია დაკრძალული და დაბალი სტატუსის სექტორად, რომლის საფლავებშიც მხოლოდ თითო სხეულია დამარხული. გათხრები ჯერ არ დასრულებულა და უცნობია, ზუსტად რამდენი სხეულია დამარხული ახლად აღმოჩენილ საფლავში, მაგრამ წინა რვა საფლავის შემთხვევაში, თითოეულში 8-32 სხეული იყო დაკრძალული.

მკვლევართა აზრით, წინა რვა საფლავი სამხედრო ლიდერებს ეკუთვნით, ახალი კი უფრო რელიგიური წინამძღოლისაა, რადგან სხეული ფლეიტებთან და ზარებთან ერთად იყო დამარხული და არა ნაჯახებთან, შუბებთან და დიდ მტაცებელთა კბილებისგან დამზადებულ ობიექტებთან, როგორც ეს ამ ძეგლზე აღმოჩენილ სხვა ლიდერთა სამარხების შემთხვევაში იყო. მაიოს განცხადებით, ეს ამ პიროვნების რელიგიურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

მეცხრე სამარხის კვლევა მომავალი წლის მარტში დასრულდება.

სავარაუდო რელიგიური წინამძღოლის სხეული პირქვე, სახით დაბლა იყო დაკრძალული ქალის სხეულზე. უცნობია, რა კავშირი შეძლება ჰქონოდა მას ამ ქალთან.

„ამ რეგიონში, იმ პერიოდში საკმაოდ გავრცელებული იყო პირქვე დაკრძალვა, რასაც ვერ ვიტყვით ქალის სხეულზე მაღლიდან განთავსებას“, — ამბობს არქეოლოგი ნიკოლ სმიტ-გუსმანი.

თუმცა, მისივე თქმით, ახლომდებარე ძეგლ სიტიო-სიერაზე აღმოჩენილია თითქმის 1000 წლით უფრო ძველი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ასეთივე პოზაშია დამარხული. მკვლევართა ვარაუდით, ისინი ცოლ-ქმარი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს თეორია ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

ფლეიტების მბრძანებლის სამარხში აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის არის ხუთი სამკერდე, ოქროს მძივებისგან დამზადებული ორი ქამარი, რამდენიმე ოქროს სამაჯური და ყელსაბამი, ადამიანის ფორმის ორი საყურე და ცხოველის კბილებისგან დამზადებული რამდენიმე სამკაული, მათ შორის ვეშაპის ძვლისგან დამზადებული საყურეები.

მკვლევართა აზრით, ელ-კანიო რეგიონულ საცერემონიო ცენტრს ან ნეკროპოლს წარმოადგენდა საზოგადოების ელიტის წარმომადგენელთათვის.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.