პირველი ადამიანები ამერიკის კონტინენტზე შეიძლება 24 000 წლის წინ გადავიდნენ — #1tvმეცნიერება
პირველი ადამიანები ამერიკის კონტინენტზე შეიძლება 24 000 წლის წინ გადავიდნენ — #1tvმეცნიერება

ყინულის გზის საშუალებით, უძველესი მოგზაურები ციმბირიდან ამერიკის კონტინენტზე შეიძლება იმაზე 10 000 წლით უფრო ადრე გადავიდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურისა და ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ დანალექებსა და ზღვის განმარხებულ არსებებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ზღვის ყინულს ადრეული მიგრაცია გაცილებით უნდა გაეადვილებინა.

სან-ფრანცისკოში, ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გეოლოგის, სამერ პრაეტორიუსის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, ზამთრის ყინულის ბრტყელმა სივრცეებმა შეიძლება კრიტიკული როლი შეასრულა მოგზაურობაში იმ პერიოდში, როცა ნავით მოგზაურობა ძლიერ არასაიმედო და სახიფათო იქნებოდა.

უკვე ნახევარი საუკუნეა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის პირველ მოსახლეებად არქეოლოგები მიიჩნევენ კულტურას, რომელსაც კლოვისის ხალხს უწოდებენ. დაახლოებით 13 000 წლის წინ, ახალი ნაყოფიერი სანადირო ადგილებით მოხიბლული ოჯახები, ციმბირისა და ალასკის დამაკავშირებელი დროებითი ყინულის საშუალებით ახალ მიწებზე მოხვდნენ.

ამ ჰიპოთეზას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ამჟამად გადაშენებულ მეგაფაუნაში აღმოჩენილი რამდენიმე ჩონჩხის ნაშთები და ისრის წვერები მათ უფრო ადრეულ ყოფნაზე მიუთითებდა. ხმელეთის მასებს შორის უფრო ადვილი მიმოსვლის ქრონოლოგიას მხარს უჭერდა კლიმატური მონაცემებიც.

ბოლო წლებში გაკეთებულმა აღმოჩენებმა კლოვისის ხალხის ჰიპოთეზას კიდევ უფრო შეუყენა წყალი და ამერიკის კონტინენტზე პირველი ადამიანების გამოჩენა გაცილებით უკან, ბოლო გამყინვარების მაქსიმუმში, 25 000 წლის წინანდელ პერიოდში გადასწია.

ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ განახორციელეს ასეთი რთული მოგზაურობა ამ უძველესმა მოგზაურებმა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 36 000 წლის წინ ზღვის დონე იმდენად დაბალი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ორ კონტინენტს შორის ამოწეული ხმელეთის ერთგვარი ხიდი უნდა ყოფილიყო გადებული, ლანდშაფტში გაბატონებულ თოვლისა და მყინვარული საფარის გამო, ამ გზის გადაკვეთა ურთულესი ან საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც მყინვარებმა უკანდახევა დაიწყო, სანაპირო ეკოსისტემის თხელ ზოლს საზოგადოებებისთვის რესურსები და ნავით მოძრაობის საშიუალება უნდა მიეცა. კანადის დასავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილი 14 000 წლის წინანდელი დასახლების ნაშთები მხარს უჭერდა იმის შესაძლებლობას, რომ კლოვისის კულტურაზე ადრე იქ სხვა ხალხი მივიდა წყლის კიდეებზე გაყოლის გზით.

ლამინარიის გზატკეცილის ჰიპოთეზის“ მიხედვით, საზღვაო ტექნოლოგიას ოჯახები მშვიდობიანად უნდა გადაეყვანა ათასობით კილომეტრის მანძილზე, ცივ საზღვაო გარემოში. ეს შესაძლებლობა დიდწილად დამოკიდებული უნდა ყოფილიყო, თუ როდის განხორციელდა მოგზაურობა.

2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება კრიტიკულად თბილ პერიოდებში იხურებოდა, როდესაც აჩქარებული დნობა მიმდინარეობდა.

პრაეტორიუსის და მისი ჯგუფის განცხადებით, კლიმატურ მოდელთა ანალიზი ადასტურებს, რომ 20 000 წლის წინ, ძლიერი ქარებისა და ზღვის დაბალი დონის გამო, ოკეანის დინებები დღევანდელზე ორჯერ ძლიერი უნდა ყოფილიყო, რაც კიდევ უფრო მეტი თავსატეხი იქნებოდა მეზღვაურთათვის.

თუმცა, მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ ზამთრის ზღვის ყინულის მრავალი სივრცე დაახლოებით 15 000 წლის წინანდელ პერიოდამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელზეც მიგრანტებს სიარული ან სულაც სრიალიც კი შეეძლებოდათ.

„დავადგინეთ, რომ ადრეული მიგრანტებისთვის ალასკის სანაპიროზე გადასვლის ყველაზე სავარაუდო თარიღებია 24,5 – 22 ათასი და 16,4 – 14,8 ათასი წლის წინანდელი პერიოდები, რაშიც მათ სავარაუდოდ დაეხმარათ ‘ზღვის ყინულის გზატკეცილი’“, – წერენ მკვლევრები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზღვით მოგზაურობა უნდა გამოვრიცხოთ იმ პერიოდებში, როცა ამისათვის ხელსაყრელი დინებები იყო.

ამას გარდა, არის იმის ნიშნებიც, რომ დაახლოებით 20 000 წლის წინ, ადამიანები უკვე საკმაოდ სამხრეთით, ნიუ-მექსიკომდე იყვნენ ჩასული; შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათმა წინაპრებმა შედარებით უსაფრთხო გზა გამოიარეს ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოსახვედრად.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.