ამერიკის პირველი მკვიდრნი კონტინენტზე „ლამინარიის გზატკეცილით“ მივიდნენ, გაცილებით ადრე, ვიდრე მიგვაჩნდა
ამერიკის პირველი მკვიდრნი კონტინენტზე „ლამინარიის გზატკეცილით“ მივიდნენ, გაცილებით ადრე, ვიდრე მიგვაჩნდა

ამერიკის პირველი მკვიდრნი კონტინეტზე შეიძლება სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული „ლამინარიის გზატკეცილით“ მივიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ისინი ამერიკაში იმ სხვა კულტურაზე ბევრად უფრო ადრე გამოჩნდნენ, რომელიც კონტინენტის პირველ მოსახლეობად მიიჩნეოდა.

მკვლევართა უმეტესობა თანხმდებოდა, რომ კლოვისის კულტურა, რომელიც ამერიკაში 13 500 წლის წინ გამოჩნდა, იყო კონტინენტის ადგილობრივ კულტურათა უმეტესობის წინაპარი. თუმცა, საკმაოდ ბევრი მტკიცებულების შეგროვების შემდეგ, სულ ახლახან, ანთროპოლოგებმა უარყვეს მოსაზრება, რომ კლოვისის ხალხი პირველი იყო.

კლოვისის ხალხს ეს სახელი უწოდეს იმიტომ, რომ მათი კულტურის არტეფაქტები 1932 წელს ნიუ-მექსიკოს ქალაქ კლოვისში იპოვეს. აღმოჩენილია ძალიან ცოტა ჩონჩხის ნაშთი, მაგრამ მონტანაში, კლოვისის სამარსში აღმოჩენილმა ახალშობილი ბიჭის ნეშტმა (სახელად უწოდეს აზნიკ-1) აჩვენა გენეტიკური კავშირი ამერიკისა და ციმბირის თანამედროვე ადგილობრივ ხალხებს შორის.

მიჩნეულია, რომ კლოვისის ხალხმა ციმბირიდან ამერიკისკენ გზა გაიკვლია უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში ბერინგის ზღვაზე გადებული ხმელეთის გავლით, რომელსაც ბერინგის ხმელეთის ხიდს (ბერინგია) უწოდებენ.

ციმბირულ წარმოშობას ყველა არ ეთანხმება, რადგან აზნიკ-1-ის გენომმა აჩვენა გენეტიკური განსხვავებაც ციმბირის მოსახლეობასთან, თუმცა ის ფაქტი, რომ კლოვისის ხალხი მართლაც არსებობდა, განხილვას არ ექვემდებარება.

ამჯერად, როგორც ამერიკელ (აშშ) ანთროპოლოგთა ჯგუფი აცხადებს, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს გაცილებით ძველ დასახლებაზე, რომელიც იმ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, როცა ბერინგის ხმელეთის ხიდი ჩაკეტილი იყო მყინვარების მიერ. შესაბამისად, ამერიკაში მისასვლელად მათ უდავოდ განსხვავებული გზა უნდა გაევლოთ.

„ეს არის დრამატული ინტელექტუალური შემობრუნება; არქეოლოგთა და სხვა სწავლულთა უმეტესობას ახლა უკვე სჯერა, რომ უძველესი ამერიკელები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან ბერინგიასა და ამერიკის კონტინენტზე გადასასვლელად გაუყვნენ წყნარო ოკეანის სანაპიროებს არშიასავით შემოვლებულ ზოლს“, — წერენ მკვლევრები.

„ლამინარიის გზატკეცილის ჰიპოთეზის მიხედვით, დაახლოებით 17 000 წლის წინ, ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ წყნაროკეანური გარე სანაპიროს მყინვარებისგან გათავისუფლებამ, წყნარი ოკეანის გასწვრივ წარმოქმნა საწყლოსნო და ხმელეთის რესურსებით მდიდარი გაფანტული კორიდორი, რომელიც მდიდარი იყო ლამინარიის ტყითა და ესტუარული ეკოსისტემით ზღვის დონეზე, არ არსებობდა რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ბარიერი“.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებდა გაცილებით ადრეული დასახლებების შესახებ. 2011 წელს, ტეხასში აღმოაჩინეს 15 500 წლის წინანდელი ქვის ხელსაწყოები, ორეგონში ნაპოვნი ადამიანთა გაქვავებული სახეები კი 14 000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება.

გარდა ამისა, აღმოჩენილია მასტედონის ჩონჩხი (სპილოს მსგავსი მოზრდილი, გადაშენებული ძუძუმწოვარი), რომლის ნეკნშიც ჩაჭედილია სხვა მასტედონტის ძვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებმა ის ძვლისგან დამზადებული შუბით მოკლეს. ჩონჩხი 13 8000 წლის წინანდელია. გასულ წელს, ფლორიდაში აღმოაჩინეს 14 550 წლის წინ დაკლული მასტედონის ნაშთები.

„გენეტიკური, არქეოლოგიური და გეოლოგიური მონაცემების შეჯერების შედეგად, ცხადი ხდება, რომ ამერიკის კოლონიზაცია 20 000-15 000 წლის წინ დაიწყო“, — უთხრა აშშ-ის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის უფროსმა მკვლევარმა ტორბინ რიკმა გამოცემა Seeker-ს.

„ეს არ გამორიცხავს უფრო ადრეულ მიგრაციებს და სულაც არ გვაფიქრებინებს, რომ მათ კვლევაზე ხელი ავიღოთ, მაგრამ მტკიცებულებათა მზარდი ტალღა ამ პროცესს 20 000-15 000 წლის წინანდელ მონაკვთში ათავსებს, უფრო ადრეულ მიგრაციათა მტკიცებულებები კი პრობლემატური და სპეკულაციურია.

მკვლევართა თქმით, ზღვის დონემ სწორედ ამ პერიოდის შემდეგ აიწია, ოკეანემ ამოჭამა სანაპირო და სანაპირო ხაზმა გადაინაცვლა; შესაბამისად, ადრეულ მიგრაციათა მტკიცებულებები იაშვიათია.

მეტ მტკიცებულებათა საპოვნელად, საჭიროა სანაპირო რეგიონებზე ფოკსურებული ინტერდისციპლინარული კვლევა; ასეთ რეგიონებში მრავლადაა მღვიმეები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე დიდად არ შეცვლილა.

ამ ყველაფერს ალბათ საუკეთესოდ აღწერს სან-დეიგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ტოდ ბრეიჯი:

„30 წლის წინ მიგვაჩნდა, რომ ყველა კითხვაზე გქვონდა პასუხი. მაგრამ ახლა, ჩვენ წინაშეა გაცილებით მეტი პასუხგაუცემელი კითხვა“.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ე. წ. ბერინგის ხმელეთის ხიდი

მომზადებულია seeker.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით