პერუში უძველეს ცივილიზაციათა მიერ მსხვერპლად შეწირული ბავშვების ნეშტები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუში უძველეს ცივილიზაციათა მიერ მსხვერპლად შეწირული ბავშვების ნეშტები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ანდების მთისწინეთი იმ სისხლიან საიდუმლოებს გვიმხელს, რომლებსაც დიდხანს მალავდა: მსხვერპლად შეწირულ ბავშვთა უძველეს ჩონჩხებს.

ჩრდილო-დასავლეთ პერუში, ლამბაიეკეს რეგიონში, არქეოლოგიურ ძეგლ უაკა-სანტა-როსა-დე-პუკალაზე, არქეოლოგებმა 29 ადამიანის 1000 წლის წინანდელი ჩონჩხი აღმოაჩინეს.

ოთხი ჩონჩხი, რომელთაგან ორი ბავშვისაა, ერთი მოზარდის, ერთი კი ზრდასრულის, უარის კულტურის პერიოდისაა.

ეს ოთხი ჩონჩხი წარმოადგენს უარის ცივილიზაციის მიერ ადამიანის მსხვერპლშეწირვის პირველ ცნობილ ნიმუშებს ამ რეგიონში.

გარდა ადამიანთა ნაშთებისა, გათხრებისას აღმოაჩინეს რვა ზღვის გოჭის, რამდენიმე ალპაკისა და ლამას ჩონჩხი; ყველა მათგანი სავარაუდოდ მსხვერპლად არის შეწირული. აღმოჩენილია ქოთნები, ბოთლები და ნახევარმთვარის ფორმის პირიანი დანაც.

გათხრების ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა ბრაკამონტე ლევანომ ადვილად გამოიცნო, რომ ეს სამარხები უარის კულტურას ეკუთვნოდა; ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ სამარხები გარშემორტყმული იყო სამი სხვადასხვა, D-ს ფორმის ზღუდით, რაც ამ კულტურის რელიგიური სივრცეებისთვისაა დამახასიათებელი.

„ადამიანის მსხვერპლშეწირვა შეიძლება იმ რელიგიური რიტუალის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც ასეთი რელიგიური სივრცეების მშენებლობის დაწყებას ახლდა თან“, — ამბობს ლევანო.

გარდა მსხვერპლად შეწირული ოთხი ადამიანისა, არქეოლოგთა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა მეხუთე ინდივიდიც, რომლის ჩონჩხიც მეორეულ სამარხში იყო მოთავსებული. მკვლევართა განცხადებით, ის სადღაც სხვაგან უნდა ყოფილიყო დამარხული და შემდეგ გადმოესვენებინათ D-ს ფორმით შემოზღუდულ ადგილას.

უარის ცივილიზაცია თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, მთების გასწვრივ და სანაპიროებზე ყვაოდა ახ. წ. 500 – 1000 წლებში. უარის ხალხი ცნობილი იყო წმინდად ნაქსოვი ტექსტილითა და სკულპტურული კერამიკით, გზებითა და ტერასებზე გაშენებული მეურნეობებით. მათ მიერ აშენებული გზები შემდეგ ინკების იმპერიის ნაწილი გახდა.

უარის საზოგადოების ზუსტი სტრუქტურა ცნობილი არ არის, მაგრამ არქეოლოგებს ნაპოვნი აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ რელიგია მჭიდროდ იყო გადახლართული პოლიტიკასთან, ხოლო მმართველობის მაღალ დონეებზე მონაწილეობდნენ ქალებიც.

დანარჩენი 25 ჩონჩხი მოჩეს კულტურას ეკუთვნის და მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები მსხვერპლად არ შეუწირავთ. ეს ცივილიზაციაც პერუში, თანამედროვე ლამბაიეკეს რეგიონში ყვაოდა ახ. წ. 100 – 700 წლებში; მოგვიანებით, ის უარის კულტურამ გააძევა.

უარის ხელოვნებისგან განსხვავებით, რომელიც უფრო აბსტრაქტული ფორმებისკენ არის მიდრეკილი, მოჩეს ხელოვნება უფრო პირდაპირი, ნატურალისტური სტილით გამოირჩევა. შედეგად, ამ ორი კულტურის არტეფაქტები ერთმანეთისგან ძალიან ადვილი გასარჩევია.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.