მაჩუ-პიქჩუ იმაზე ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მაჩუ-პიქჩუ იმაზე ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ინკების ისტორია მათმა დამპყრობლებმა დაწერეს და რაც უფრო ვიკვლევთ, ირკვევა, რომ ჩვენთვის ცნობილი მათი ისტორია არც ისე ზუსტია.

თანამედროვე რადიონახშირბადული დათარიღება მიუთითებს, რომ მაჩუ-პიქჩუ იმაზე სულ მცირე 20 წლით ძველია, ვიდრე ამას ისტორიული ჩანაწერები მიუთითებს.

თავის დროზე, მე-16 საუკუნის დოკუმენტები ამერიკელმა არქეოლოგმა და ანთროპოლოგმა ჯონ როუიმ შეისწავლა და დაასკვნა, რომ მთის წვერზე მდებარე ეს ციტადელი ინკების იმპერატორმა პაჩაკუტიმ ტახტზე ასვლიდან მალევე, ახ. წ. 1438 წელს ააშენა.

როუის ნაშრომი 1940-იან წლებში გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ეს თარიღი მაჩუ-პიქჩუს აშენების წლად მიიჩნეოდა.

ამჯერად, ძეგლის წმინდა ადგილებში დამარხული ადამიანების ძვლებისა და კბილების დათარიღება მიუთითებს, რომ მაჩუ-პიქჩუ 1420 წელს უკვე დაკავებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ თარიღზე ადრეა აშენებული.

„ეს პირველი კვლევაა, რომელიც სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაყრდნობით ადგენს მაჩუ-პიქჩუს აგების თარიღს და მისი გამოყენების ხანგრძლივობას, რაც ამ ძეგლის წარმოშობისა და ისტორიის მკაფიო სურათს გვთავაზობს“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი რიჩარდ ბარგერი.

მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქეოლოგიური ძეგლია, მაგრამ დიდწილად საკამათოა მისი ზუსტი დანიშნულება და მიტოვების მიზეზი. მე-16 საუკუნეში, როდესაც ინკების უკანასკნელი იმპერატორი დაიღუპა, ქალაქი მიატოვეს და დასავლელ ისტორიკოსთა ყურადღება მან მხოლოდ 1911 წელს მიიპყრო.

მეცნიერები ათწლეულობის მანძილზე ცდილობდნენ ამ შთამბეჭდავი სამეფო მამულის ისტორიის აღდგენას. ბოლო დრომდე არ გვქონდა მისი ნამდვილი ასაკის დასადგენად საჭირო ტექნოლოგიაც.

აქსელერატორი მასსპექტრომეტრის (AMS) ტექნოლოგიაში ბოლოდროინდელი მიღწევების წყალობით, მეცნიერებს ბოლოსდაბოლოს მიეცათ მისი ზუსტი ასაკის დადგენის შანსი — თარიღის, რომელიც კოლონიურ ინტერპერატაციებზე არ იქნებოდა დაფუძნებული.

საერთო ჯამში, მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს მაჩუ-პიქჩუს სხვადასხვა საფლავზე დაკრძალულ ადამიანის ძვლებისა და კბილების 26 ნიმუშს. ერთობლივად, ეს ნეშტები მაჩუ-პიქჩუზე სულ დამარხულ ადამიანთა ათ პროცენტს შეადგენდა.

ძვლებს მძიმე მუშაობის მცირე ნიშნები აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები იქ სავარაუდოდ მაჩუ-პიქჩუს ასაშენებლად არ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ის მათი სახლი იყო.

„ჩვენ მიერ შესწავლილთაგან სულ მცირე ორი ადამიანი მაჩუ-პიქჩუზე 1440 წლამდეა დამარხული; რადიონახირბადული და მედიანური გაზომვების მიერ ნაჩვენები ამ თარიღის სიზუსტე 95,4 პროცენტია. როგორც ჩანს, მაჩუ-პიქჩუს საზაფხულო რეზიდენცია 1420 წელს უკვე ფუნქციონირებდა, თუ უფრო ადრე არა“, — წერენ მკვლევრები.

თუ ეს აღმოჩენა შემდგომი რადონახშირბადული დათარიღებითაც დადასტურდა, გამოდის, რომ იმპერატორ პაჩაკუტის ტახტზე ასვლის თარიღშიც რამდენიმე ათწლეულიანი შეცდომაა.

მართლაც, სწორედ ამაზე მიუთითებს ცოტა ხნის წინ, ახლომდებარე ქალაქ კუსკოში (ინკების იმპერიის დედაქალაქი) ჩატარებული რადიონახშირბადული დათარიღებაც.

თუ პაჩაკუტი ტახტზე მართლაც 1438 წელს ავიდა და მაჩუ-პიქჩუ მართლა მისთვის ააგეს, მაშინ ეს ძეგლი 1440 წლამდე არ უნდა ყოფილიყო დაკავებული და ეს უფრო 1450 წლისთვის უნდა მომხდარიყო. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ იმპერატორს ჯერ ეს მთიანი რეგიონი უნდა დაეპყრო და მხოლოდ ამის შემდეგ აეშენებინა საკუთარი სამეფო მამული.

თუმცა, მაჩუ-პიქჩუზე დაკრძალული სხეულები ამ ქრონოლოგიას არ ემთხვევა. მათი ასაკები მიუთითებს, რომ მაუ-პიქჩუ უკვე დაკავებული იყო 1420-1435 წლებში.

„ალბათ მოვიდა დრო, რომ რადიონახშირბადული მტკიცებულებები პრიორიტეტულად გამოვიყენოთ ინკების იმპერატორთა ქრონოლოგიის დადგენისა და ინკების მონუმენტური ძეგლების დათარიღებისთვის“, — წერენ კვლევის ავტორები.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.