უცნობი ცივილიზაციის მიერ აგებული ეს მზის ობსერვატორია უძველესია მთელ ამერიკის კონტინენტზე — #1tvმეცნიერება
უცნობი ცივილიზაციის მიერ აგებული ეს მზის ობსერვატორია უძველესია მთელ ამერიკის კონტინენტზე — #1tvმეცნიერება

დიდი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ძალაუფლებას ინკები აიღებდნენ და თავიანთ მზის ღმერთის დიდებას დაიწყებდნენ, ნაკლებად ცნობილმა ერთმა სხვა ცივილიზაციამ ამერიკის კონტინენტზე ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი უძველესი მზის ობსერვატორია ააგო.

მართალია, ისეთი ძველი არ არის, როგორც სტოუნჰენჯი, მაგრამ ეს უძველესი ნანგრევები, რომელსაც ჩანკილიოს უწოდებენ, „ადამიანის შემოქმედებითი გენიის შედევრად მიიჩნევა. გამოირჩევა ისეთი უნიკალური მახასიათებლებით, როგორიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.

არქეოლოგიური ძეგლი პერუს სანაპირო უდაბნოში მდებარეობს და მოიცავს ქვის 13 კოშკის მწკრივს, რომლებიც ერთად მიჰყვებიან გორაკის ჰორიზონტს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, დაკბილული ქვედა ყბის მსგავსად.

ამ გამორჩეული სტრუქტურის გარდა, რომელსაც ცამეტ კოშკს უწოდებენ, ობსერვატორიის ნანგრევები ასევე მოიცავს სამმაგ კედლიან კომპლექსს ბორცვის წვერზე, რომელსაც გამაგრებულ ტაძარს უწოდებენ, ობსერვატორიის სახელით ცნობილ ორი შენობის კომპლექსს და ადმინისტრაციულ ცენტრს.

ძეგლის მშენებლობა 2300 წლის წინ დასრულდა, ახ. წ. პირველ საუკუნეში კი მიატოვეს, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში იდუმალებით მოცული რჩებოდა მოგზაურთათვის.

მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისში, ოფიციალური გათხრების დაწყებისას გააცნობიერეს არქეოლოგებმა, რასთან ჰქონდათ საქმე.

უნაყოფო უდაბნოს ლანდშაფტში, გორაკის წვერზე მდებარე ქვის სტრუქტურები დაახლოებით 300 მეტრზე იშლება და დღისით თითქმის არ ჩანს, არაფრით გამოირჩევა. მაგრამ სულ სხვა ამბავია გამთენიისა და შებინდებისას.

როდესაც აღმოსავლეთიდან მზე ამოდის, სინათლის ბურთი სადღაც კოშკების რიგის გასწვრივ ჩნდება. წელიწადის მსვლელობასთან ერთად, იცვლება მზის ამოსვლის პოზიციაც, სინათლე „დაკბილული“ ჰორიზონტიდან კოშკებს შუიდან მოჩანს.

მაგალითად, ზაფხულის მზებუდობისას, მზე უკიდურესი მარჯვენა კოშკის მარჯვნიდან ამოდის. ზამთრის მზებუდობისას კი, უკიდურესი მარცხენა კოშკის მარცხნიდან.

ჩანკილიოს კოშკები ისე ფრთხილად არის განლაგებული, რომ როდესაც დამკვირვებელი კოშკების მწკრივს დაბლა, კონკრეტული დაკვირვების ადგილას დგას, მხოლოდ მზის აისსა და დაისზე დაყრდნობით შეუძლია 2-3-დღიანი სიზუსტით გამოიცნოს წელიწადის დღე. სადამკვირვებლო წერტილი დასავლეთით, ქედისკენ, რაც დაკვირვების სტრუქტურას წარმოადგენს, მზის ჩასვლას იყენებს. რაც აღმოსავლეთის სადამკვირვებლო წერტილად არის მიჩნეული, მისგან შემორჩენილია მხოლოდ არასრული ოთახის ქვის მოხაზულობა, მაგრამ წარმოადგენს სიმეტრიულ ადგილმდებარეობას და მზის ამოსვლისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

მაგალითად, სექტემბრის ბუნიაობა განისაზღვრება, როდესაც მზე მეექვსე და მეშვიდე კოშკს შორის ჩადის, როგორც ამას ფოტოზე ხედავთ.

ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ ობსერვატორიის ამშენებელი უძველესი ცივილიზაციის შესახებ, მაგრამ ის ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი უძველესი კულტურა უნდა ყოფილიყო. უფრო მეტიც, ეს კულტურა ინკებზე უფრო ძველია, რომლებიც ასევე გამოირჩეოდნენ ასტრონომიული ცოდნით მთელი ათასი წლის და მეტის განმავლობაში.

ჩანკილიოს ამშენებელი ცივილიზაცია პერუს სანაპირო უდაბნოში, მდინარე კასმასა და სეჩინს შორის უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, კასმა-სეჩინის კულტურის სახელით არის ცნობილი.

ინკების მსგავსად, სავარაუდოა, რომ მზე ამ ცივილიზაციისთვისაც გარკვეული სახის ღვთაებას წარმოადგენდა. თითოეულ კოშკზე ამავალი კიბეები ძლიერ მიუთითებს, რომ ერთ დროს, ამ ძეგლს რიტუალებისთვის იყენებდნენ.

არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ობსერვატორია დაახლოებით ძვ. წ. 500 – 200 წლებს შორის აშენდა. შემდეგ, გარკვეული მიზეზის გამო, ეს ძეგლი მიატოვეს, კოშკებმა კი ნგრევა დაიწყო. არქეოლოგთა განცხადებით, ზეობის პიკში, სტრუქტურები ყვითლად, ჟანგისფრად და თეთრად უნდა ყოფილიყო შელესილი, ზედ კი გრაფიტები და თითის ანაბეჭდები ყოფილიყო მოხატული.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს დეკორაცია ჩამონგრეულია, ქვის კოშკების ნაშთები დღემდე საგულდაგულოდ აღრიცხავს წელიწადის დღეებს. ამჟამად მიმდინარეობს ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოები.

2021 წელს, ძეგლი ოფიციალურად შეიტანეს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ჩანკილიოს ასტრონომიული კომპლექსის სახელით.

„მსოფლიოს მრავალი სხვა ძეგლისგან განსხვავებით, სადაც არქიტექტურული განლაგება ერთ ასტრონომიულ სამიზნეზეა მორგებული, აქ კოშკების ხაზი მთელი წლის განმავლობაში, თაღის სახით გასდევს მზის ამოსვლა-ჩასვლას, ორი სხვადასხვა სადამკვირვებლო წერტილიდან, რომელთაგან თითოეული დღემდე მკაფიოდ არის მიწის ზემოთ ამომართული. ჩანკილიოს მზის ობსერვატორია წარმოადგენს კასმას ხეობის ასტრონომიული პრაქტიკის ხანგრძლივი ისტორიული ევოლუციის კულმინაციას“, — წერია იუნესკო-ს აღწერაში.

ძეგლის შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ასტრონომიული მემკვიდრეობის პორტალზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.