ბოლივიის ჯუნგლებში მივიწყებული, უძველესი ამაზონური დასახლებების ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ბოლივიის ჯუნგლებში მივიწყებული, უძველესი ამაზონური დასახლებების ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ბოლივიის ჯუნგლებში, გაუვალი მცენარეულობის საფარქვეშ, ვრცელი დასახლების ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც ერთ დროს ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებას ეკუთვნოდა; ამავე საზოგადოებას დიდი მიდრეკილება ჰქონდა კოსმოლოგიისკენ.

26 ძეგლი, რომელთა ნახევარიც არქეოლოგთათვის აქამდე უცნობი იყო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამაზონის რეგიონი ერთ დროს დიდი, ხანგრძლივი დასახლებებისა და უძველესი კომპლექსური საზოგადოებების სამშობლო იყო, იქამდე, ვიდრე ამერიკის კონტინენტზე ესპანელები შეიჭრებოდნენ.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები უკუაგდებს იმ არგუმენტს, რომ დასავლეთ ამაზონია ესპანელებამდელ პერიოდში მეჩხრად იყო დასახლებული და აძლიერებს არსებულ მტკიცებულებას, რომ კასარაბეს კულტურას ჰქონდა ძლიერ ინტეგრირებული, უწყვეტი და მჭიდრო დასახლების სისტემა“, — წერს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგი ჰეიკო პრიუმერსი და მისი ჯგუფი ახალ კვლევაში.

ვერტმფრენებზე დაყენებული დისტანციური ლაზერული სკანერების გამოყენებით, არქეოლოგთა ჯგუფმა დაასკანირეს უძველესი კასარაბეს კულტურის დასახლების ექვსი ზონა; ეს კულტურა თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე ახ. წ. 500 – 1400 წლებში ყვაოდა.

მათ მიერ გაუვალი ტყის საფარის ქვეშ აღმოჩენილ დასახლებათა ფართო ქსელი წარმოადგენს დაბალი სიმჭიდროვის ურბანიზმის ტიპს, ამ სახის პირველ დასახლებას, რომელიც სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ დაბლობებში აღმოაჩინეს; გამოირჩევა მრავალი დახვეწილი კონსტრუქციით, მათ შორის საფეხურებიანი პლატფორმებით და U-ს ფორმის მიწაყრილებით — ყველა ეს ნაგებობა ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთით არის მიმართული.

კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგ კრისტოფერ ფიშერის განცხადებით, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ადამიანის მიერ შეცვლილი უძველესი ლანდშაფტის ნიშნები გვაიძულებს, აზრი შევიცვალოთ ამაზონის რეგიონის ადრეული საზოგადოებების შესახებ.

„არქიტექტურული ნაშთების მასშტაბი ამ ძეგლებისა, რაც მოიცავს მიწისგან შექმნილ პირამიდებს, რომლებიც ერთ დროს სავანიდან 20 მეტრის სიმაღლეზე იყო ამომართული, არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს და შესაბამება ნებისმიერ ძველ საზოგადოებას“, — წერს ფიშერი.

თუმცა, ზოგიერთ არქეოლოგს ათწლეულების განმავლობაში სჯეროდა, რომ ბოლივიის ლიანოს-დე-მოხოსის მწირი ნიადაგები, ცენტრალურ ამერიკაში მაიას ციხესიმაგრეთა მსგავსად, ვერ უზრუნველყოფდა დიდ მოსახლეობას და დახვეწილ, ურბანულ ცივილიზაციებს.

ამაზონის ჯუნგლები,ინდიელები

თუმცა, როგორც წინა მტკიცებულებები მიუთითებს, კასარაბეს ხალხი გამოცდილი სოფლის მეურნეები იყვნენ, რომლებმაც მოათვინიერეს სეზონური წყალდიდობები, ამაზონის სავანები პროდუქტიულ ლანდშაფტად გარდაქმნეს, მოჰყავდათ სხვადასხვა კულტურა და თან ნადირობასა და თევზაობასაც მისდევდნენ.

მაგრამ მაინც ცოტა რამ იყო ცნობილი იმის შესახებ, როგორ აშენებდა კასარაბეს ხალხი საცერემონიო სტრუქტურებს ან აგეგმარებდა საკუთარ დასახლებებს.

საქმეში ამჯერად LIDAR-ი ჩაერთო, დისტანციური ზონდირების მეთოდი, რომელიც დედამიწის ზედაპირს მაღლიდან, ლაზერული ჭავლებით ასკანირებს და სულ რაღაც ერთი გადაფრენით იღებს იმ შედეგებს, რასაც აქამდე წლობით საველე სამუშაოები სჭირდებოდა.

კვლევაში პრიუმერსმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს ორი დიდი დასახლება — კოროკა და ლანდივარი, რომლებიც პატარა ძეგლებისგან შემდგარი რეგიონული ქსელის ცენტრალურ ჰაბებს წარმოადგენდა; ჯამში ასეთი ძეგლი 24 იყო და ერთმანეთს დღემდე შესამჩნევი, რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ქვაფენილებით უკავშირდებოდა.

„ამ ორი დიდი დასახლების შესახებ უკვე ცნობილი იყო, მაგრამ მათი მასიური ზომა და არქიტექტურული დახვეწილობა ხილული მხოლოდ LIDAR-ით კვლევის შემდეგ გახდა“, — წერენ მკვლევრები.

მათი შეფასებით, კოკოტას ასაშენებლად, კასარაბეს ხალხმა დაახლოებით 570 000 კუბური მეტრი მიწა გადაიტანეს, ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე ტიუანაკუს ხალხმა ბოლივიის მთიანეთში არსებული უდიდესი სტრუქტურის — აკაპანას პირამიდის ასაშენებლად.

ცენტრალურ დასახლებათა დასაცავად, კასარაბეს ხალხს ასევე აშენებული ჰქონდა თხრილები და ბურჯები, წყლის კონტროლის სისტემები ჭარბი საკვების მისაღებად, რაც არქეოლოგთა აზრით, უზრუნველყოფდა კასარაბეს მოსახლეობის სიდიდეს.

ურთიერთდაკავშირებულ დასახლებათა განლაგება და მასშტაბი ასევე მიუთითებს, რომ კასარაბეს ხალხმა ჩრდილოეთ ბოლივიაში ასევე შექმნა ისეთი სოციალური და საზოგადოებრივი ლანდშაფტი, როგორებიც ჩვენთვის უფრო ნაცნობ ანდურ კულტურებს ჰქონდათ.

სოციალური კომპლექსურობის ასეთი დონე კი ადრეულ ამაზონურ კულტურებთან აქამდე დაკავშირებული არ ყოფილა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი აერო კვლევით აღმოაჩინეს, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი შევიტყოთ ადგილზე კვლევით, თუკი იქ შეღწევა მოხერხდა; შეიძლება შემორჩენილი იყოს უძველესი არტეფაქტებიც, რომლებიც უფრო დეტალურ ცნობებს მოგვცემს ამ ხალხის კვების რაციონის, ცხოვრების წესისა და კულტურის შესახებ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.