მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნოში აღმოჩენილ უძველეს ჩონჩხებს სასტიკი ძალადობის კვალი ამჩნევია — #1tvმეცნიერება
მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნოში აღმოჩენილ უძველეს ჩონჩხებს სასტიკი ძალადობის კვალი ამჩნევია — #1tvმეცნიერება

ალბათ არავინ იფიქრებს, რომ ატაკამის უდაბნოში სოფლის მეურნეობის წარმოება ადვილი საქმეა.

მართლაც, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და უხეშ გარემოში ცხოვრების სასტიკი გამოწვევები ბევრისთვის სასიკვდილო იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა საფრთხე მხოლოდ უდაბნოსგან როდი მოდიოდა.

ერთ-ერთ ყველაზე საშინელ რისკებს თავად ხალხი წარმოადგენდა.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ერთ-ერთი პირველი მებაღეების შიშისმომგვრელი ნეშტები. თანამედროვე ჩილეს ტერიტორიაზე, ატაკამის უდაბნოში სოფლის მეურნეობას ისინი დაახლოებით 3000 წლის წინ მისდევდნენ.

გარდა იმისა, რომ ამ უკიდურესად მშრალ ადგილას სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა ურთულესი იყო, საზოგადოებრივი და კულტურული ტრანსფორმაციის ხანაში გაჩაღებული სოციალური დაძაბულობა დრამატულ დაპირისპირებებსა და ძალადობას იწვევდა, რისი კვალიც დღემდე აშკარად ამჩნევია უძველეს ჩონჩხებს.


„ამ ექსტრემალურ უდაბნოში სოფლის მეურნეობა დრამატულად იყო შეზღუდული და ძირითადად ხდებოდა ხეობის ტერასებზე, კებარდებში (ძირითადად მშრალი ადგილი, რომელიც წვიმის დროს წყლით ივსება) და ოაზისებში. მიწის ასეთ მონაკვეთებს ერთმანეთისგან ყოფდა ვრცელი, სტერილური პამპასები, რომლებიც ლანდშაფტში დომინირებდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩილეს ტარაპაკას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ვივიენ შტანდენი.

მისივე განცხადებით, ამ ნაყოფიერი ოაზისებისგან მოშორება ნიშნავდა უსიცოცხლო ლანდშაფტში ცხოვრებას, სადაც არც წყალი იყო და არც სხვა საარსებო საშუალებები. ამ ახალმა სოციო-კულტურულმა ჩარჩომ და მიწათსარგებლობამ შეიძლება გამოიწვია სოციალური დაძაბულობა, კონფლიქტი და ძალადობა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც მებაღეობას მისდევდნენ.

ატაკამა

ამის შესასწავლად, მკვლევრებმა შეაფასეს ატაკამის უდაბნოს ასაპას ხეობაში დამარხული 194 ზრდასრული ინდივიდის ნეშტი; ეს ხეობა ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ნაყოფიერი იყო ჩრდილოეთ ჩილეში.

უდაბნოს გარემოს ექსტრემალური სიმშრალის გამო, ეს ჩონჩხები საოცრად კარგად არის შემონახული, ზოგიერთ მათგანს, ძვ. წ. 800-600 წლების ნეშტებს, დღემდე აქვს თმა და რბილი ქსოვილები.

მრავალი ამ უძველესი ფერმერის ნეშტს აშკარად ამჩნევია ძალადობისა და ბრძოლის კვალი.

„მიუხედავად ჩონჩხის სისრულისა, შესწავლილი 194 ინდივიდიდან 21 პროცენტს (40 ინდივიდს) აღენიშნება ადამიანებს შორის პირისპირ ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელი ტრავმა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, საერთო ჯამში, 10 პროცენტს აღენიშნება სიკვდილისწინა ტრავმა, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვა. 14 ინდივიდს თავის ქალა სასიკვდილოდ აქვს ჩამსხვრეული.

მკვლევართა ცნობით, ამ ძლიერი ტრავმების უმეტესობა მიზანმიმართული, წინასწარ განზრახული ქმედებებით უნდა იყოს გამოწვეული, პირისპირ ჩადენილი ძალადობის შედეგად; ზოგი სასიკვდილო დარტყმა წინიდან უნდა იყოს მიყენებული, საუბრისას, ზოგიც უკნიდან თავდასხმის შედეგად.

„ზოგიერთ ინდივიდს აღენიშნება თავის ქალის ძლიერი ჩამსხვრევა, რამაც გამოიწვია სახისა და ტვინის ქალის განადგურება, რასაც პირდაპირ ტვინის მასის გადმონთხევა უნდა მოჰყოლოდა“, — წერენ მკვლევრები და შენიშნავენ, რომ დაზიანებები ისეთი იარაღებითაა მიყენებული, როგორიც არის კომბალი, ხის ჯოხი, ხელკეტი ან სატყორცნი ისარი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდებოდა ასეთი ძალადობები, მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი საცხოვრებელი სივრცისა და ისეთი რესურსებისთვის დავები უნდა ყოფილიყო, როგორიც არის მიწა და წყალი; დავები განსაკუთრებით მწვავე უნდა ყოფილიყო ისეთი კლიმატური მოვლენებისას, როგორიცაა ელ-ნინიოს სამხრეთის რხევა (ENSO).

„ფორმაციულ პერიოდში, ამ ფაქტორებს შეიძლება გამოეწვია შეჯიბრი, დაძაბულობა და სასტიკი კონფლიქტები ასაპას ხეობის ბინადარ მეზობელ, კონკურენტ სოციალურ ჯგუფებს შორის“, — განმარტავენ მკვლევრები.

კვლევა Journal of Anthropological Archaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი