ინდონეზიის ერთ-ერთ მღვიმეში მსოფლიოში უძველესი კლდის მხატვრობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ინდონეზიის ერთ-ერთ მღვიმეში მსოფლიოში უძველესი კლდის მხატვრობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მუნას ერთ-ერთი კირქვის მღვიმის ჯურღმულები უძველეს საიდუმლოს მალავდა.

არქეოლოგთა ჯგუფმა მღვიმეში აღმოაჩინეს კლდის მხატვრობა, რომელიც ამჟამად დათარიღებულთა შორის ყველაზე ძველია, სულ მცირე 67 800 წლის. ხელის მტევნების გამოსახულებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს გამოცანისა ამ რეგიონში ადამიანთა ადრეული მიგრაციის შესახებ, რაც ათეულობით ათასი წლის წინ მოხდა.

„ის, რასაც ინდონეზიაში ვხედავთ, სავარაუდოდ, ცალკეულ სიურპრიზთა სერია კი არ არის, არამედ თანდათანობითი გამოვლინება გაცილებით ღრმა და ძველი კულტურული ტრადიციისა, რომელიც ბოლო დრომდე შეუმჩნეველი იყო. იქ აღმოჩენილი კლდის მხატვრობის რაოდენობა და დიდი ასაკი აჩვენებს, რომ ის მარგინალური ან დროებითი ადგილი კი არ იყო, არამედ კულტურული ცენტრი, სადაც ადრეული ადამიანები ათეულობით ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ და მხატვრობის საშუალებით გამოხატავდნენ იდეებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის არქეოლოგი მაქსიმ ობერტი.

ბოლო წლებში, სულავესი და კუნძულ ბორნეოს ინდონეზიური ნაწილი მოულოდნელად გახდა მნიშვნელოვანი ადგილები ადრეულ ადამიანთა კრეატიულობისა და მიგრაციის შესასწავლად. მრავალ შემთხვევაში, მღვიმის მხატვრობა ათწლეულების წინ იყო აღმოჩენილი, მაგრამ მკვლევრებს არ გააჩნდათ მათი დათარიღებისთვის საჭირო საიმედო მეთოდები.

დათარიღების ტექნოლოგიის წინსვლის წყალობით, მეცნიერებმა ახლა უკვე იციან, რომ ხელოვნების ეს ზოგიერთი ნიმუში იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა — მინიმალური ასაკი 41 000 წელია და ზოგის შემთხვევაში 51 000 წელიწადსაც სცდება.

„ყოველ ჯერზე, როცა ამ მეთოდებს ახალ ზონაში ვიყენებთ, ნამუშევრები ასაკი მოსალოდნელზე გაცილებით დიდი გვხვდება. ეს კი იმას გვეუბნება, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ ადრეული ადამიანები უცბად ხატავდნენ ერთ ადგილას, არამედ ჩვენ ვეძებდით არასწორ ადგილებში ან სათანადო ყურადღების გარეშე“, — ამბობს ობერტი.

ყველაზე ბოლო აღმოჩენა გაკეთდა ლიანგ-მეტანდუნოში — მღვიმეში, რომლის უძველესი კლდის მხატვრობაც უკვე დიდი ხანია ცნობილია. ობერტსა და მის კოლეგებს სურდათ დაედგინათ, ჯდებოდა თუ არა ამ მღვიმის მხატვრობები ინდონეზიის არქიპელაგის უძველესი მხატვრობის ქრონოლოგიაში.

თუ არქეოლოგებს გაუმართლათ, ათასობით წლის განმავლობაში, ზემოთ, მიწის ზედაპირზე წყლის დინების გამო, ნახატებზე ილექება კალციტის თხელი ფენა. ეს წყალი ხშირად შეიცავს მცირე ოდენობით ურანს, რომელიც წყალში ხსნადია. დროთა განმავლობაში, ურანი თორიუმად იშლება, რომელიც წყალში უხსნადია.

ვინაიდან ზუსტად არის ცნობილი ის დრო, რაც ურანის თორიუმად დასაშლელადაა საჭირო, მეცნიერებს შეუძლიათ, ნახატების საფარის ნიმუშებში შეისწავლონ ურანისა და თორიუმის პროპროციები და დაადგინონ მისი ასაკი.

ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ნახატი კი არ არის 67 800 წლის, არამედ მის თავზე გაკეთებული მინერალური საფარი. შესაბამისად, ამ ქერქის ქვეშ მოქცეული ნახატი სულ მცირე ამდენივე წლისაა.

წინა მტკიცებულებებთან კომბინაციით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონის კლდის მხატვრობის უმეტესობა წინა შეფასებებზე გაცილებით ძველია, რაც თავის მხრივ, შეცვლის სულავესის ჩვენეულ გაგებას — კუნძულის, რომელიც საკვანძო გაჩერება იყო ავსტრალიისკენ მიგრირებადი ადრეული ადამიანებისთვის.

„მხატვრობა შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მოსახლეობის ზრდასთან ერთად, როცა ერთმანეთთან უფრო ხშირად კონტაქტობდნენ ახალი ჯგუფები. ამის წარმოდგენის ერთ-ერთი გზაა თანამედროვე მაგალითები. შუქნიშნები დიდ ქალაქებში საჭიროა, მაგრამ პატარა სოფლებში არა. ასევე, მხატვრობა, სიმბოლოები და საზიარო გამოსახულებები შეიძლება ადამიანებს ეხმარებოდა იდენტობის, საკუთრებისა და საზიარო მნიშვნელობის კომუნიკაციაში, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები უფრო დიდი და კომპლექსური გახდა“, — განმარტავს ობერტი.

არქეოლოგთათვის ამ სახის სიმბოლურ ქცევას მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, თუ როდის და სად გამოჩნდა ის. ახლად დათარიღებული მხატვრობა მდებარეობს მეცნიერთა მიერ ნავარაუდევ მიგრაციის იმ ჩრდილოეთ გზაზე, რომელიც მეცნიერთა აზრით ადრეულმა ადამიანებმა გაიარეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე გადაადგილებისას საჰულის მიმართულებით — ეს იყო გამყინვარების ხანის ხმელეთის მასა, რომელიც ერთ დროს აერთებდა ავსტრალიასა და ახალ გვინეას.

ამ დერეფნის გასწვრივ ხელოვნების კომპლექსური ტრადიციების მტკიცებულების პოვნა გვეხმარება, რომ შეივსოს ის ნაპრალი, რაც დიდი ხანია არსებობს კონტინენტური აზიის ადრეულ ძეგლებსა და ავსტრალიაში ადამიანთა ყველაზე ადრეულ კვალს შორის; ასევე მიუთითებს, რომ ადამიანები საჰულზე შეიძლება ჯერ კიდევ 65 000 წლის წინ მივიდნენ.

აღმოჩენა ასევე აჩენს კიდევ უფრო მეტ საოცარ კითხვას, თუნდაც — კიდევ რამდენი კლდის მხატვრობაა ამ რეგიონში აღმოსაჩენი, როგორ მოგზაურობდა და ვრცელდებოდა სიმბოლური ტრადიციები; და არის თუ არა ამ ამბის კიდევ უფრო ადრეული თავები აღმოსაჩენი.

„ჩვენთვის ეს აღმოჩენა ამბის დასასრული კი არ არის, არამედ მიპატიჟება, რომ ძებნა განვაგრძოთ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის არქეოლოგი მაქსიმ ობერტი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.