ტანზანიის ერთ-ერთ გამოქვაბულში კლდეზე გამოსახული უჩვეულოდ დიდთავიანი ადამიანების უცნაური ფიგურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ტანზანიის ერთ-ერთ გამოქვაბულში კლდეზე გამოსახული უჩვეულოდ დიდთავიანი ადამიანების უცნაური ფიგურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

2018 წელს, ტანზანიის სვაგა-სვაგას ველური ბუნების ნაკრძალში მეცნიერებმა ამაღელვებელი აღმოჩენა გააკეთეს — მანამდე უცნობი 52 გამოქვაბული, რომელთა კედლებიც კლდის მხატვრობით იყო შემკული. უმეტესი მათგანი ეროზიის მიერ იყო განადგურებული, მაგრამ რამდენიმე ნიმუში მაინც შემორჩენილყო, მათ შორის ერთი კი აბსოლუტურად იდუმალი გახლდათ.

ძეგლი, სახელად ამაკჰეე 4, საგულდაგულოდ იყო მოხატული ფიგურული მხატვრობით; მათ შორის იყო სამი იდუმალი, ანთროპომორფული ფიგურა უკიდურესად დიდი თავებით.

პოლონეთის იაგელონის უნივერსიტეტის არქეოლოგ მაჩიე გჟელჩიკის განცხადებით, ის შეიძლება ერთგვარი გასაღები იყოს იმის გასარკვევად, თუ რა შეიძლება ყოფილიყო გამოსახული კლდის კიდევ ერთ ნაწილში გამოსახულ ფიგურათა ასეთივე ტრიოზე.

ამაკჰეე 4-ის პანელის დათარიღება საკმაოდ რთულია, მაგრამ გჟელჩიკი მივიდა დასკვნამდე, რომ ის სულ მცირე რამდენიმე ასეული წლისაა. მოხატულია თითქმის მთლიანად წითელი საღებავით, რამდენიმე ფიგურა კი თეთრ ფერშია არის შესრულებული. საღებავის გამოფიტვა და შინაურ ცხოველთა ფიგურების არარსებობა მიანიშნებს, რომ ნახატები საკმაოდ ძველია და ამ რეგიონის უძველეს, მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებებს უნდა ეკუთვნოდეს.

პანელზე გამოსახულია ცხოველები, რომლებიც ჰგვანან ანტილოპა გნუს, ანტილოპა კანას, კამეჩს და ჟირაფსაც კი; იქვეა ადამიანის მსგავსი ფიგურებიც, რომლებსაც ზედმეტად დიდი თავები აქვთ. მათ შორის ერთი ჯგუფი განსაკუთრებით გამორჩეულია.

„ამაკჰეე 4-ის ნახატებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია სცენა სამი ნახატის გარშემო“, — წერს გჟელჩიკი.

მისივე თქმით, ამ სამ ფიგურას მორგებული აქვს კამეჩის თავები. ფორმები იმეორებს კამეჩის თავის ცენტრალურ ჩაზნექილობას, საიდანაც ორი რქა ამოდის და თავს ზემოთ, რკალისებურად ირუნება; ასევე შეიმჩნევა ჩამოყრილი ყურები.

ამ ზონაში ახლა სანდავეს ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ამ რეგიონის უძველეს მცხოვრებთა შთამომავლები არიან; მათი კულტურაში არ გვხვდება მოტივები კამეჩისთავიანი ან კამეჩის ფორმის ადამიანთა შესახებ, რომლებსაც კამეჩად გარდასახვა შეეძლოთ (ან პირიქით) და შესაბამისად, ეს ფიგურები რაღაც სხვას უნდა ასახავდეს. როგორც გჟელჩიკი აღნიშნავს, კამეჩის რქები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სანდავეს ხალხის გარკვეულ რიტუალებში.

რასაც არ უნდა ასახავდეს, ეს უცნაური ფიგურები უპრეცედენტო არ არის. ამაკჰეე 4-დან არც ისე შორს, ცენტრალური ტანზანიის კონდოას რეგიონის ორ გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახატები ამ სამ ფიგურას განსაკუთრებით წააგავს.

ძეგლზე, სახელად კოლო B2, გამოსახულია ერთად მდგარი სამი ფიგურა. კოლო B1-ზე კი სამი ფუიგურა ჰორიზონტალურად, მიწაზე მწოლიარეა გამოსახული.

სამივე ძეგლის ფიგურები ერთმანეთს ჰგავს, აქვთ დიდი თავები, კოლოს ფიგურებზე კი ზოლებიანი მოტივები შეიმჩნევა — ზოლები თითქოს თავსაბურავს გამოსახავს.

სამივე ძეგლზე, ფიგურები ერთმანეთთან დაკავშირებულია შუა კვეთაზე გამავალი ხაზით. სამივე მათგანს აქვს ერთნაირი განლაგება და თავებისა და მკლავების მიმართულება.

თუმცა, ამაკჰეე 4 გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით. ფიგურების თავები უფრო კარგად არის საღებავით შევსებული და შეიმჩნევა, რომ ისინი გაცილებით მნიშვნელოვანნი არიან მათ ირგვლივ მიმდინარე მოქმედებაში.

„ამაკჰეე 4-ის ფიგურები კოლოს ფიგურებზე შესამჩნევად დიდია, რაც მიანიშნებს, რომ ისინი ირგვლივ არსებული სცენის მოქმედებაში გამორჩეულნი არიან. ამისგან განსხვავებით, კოლოს ნახატები იზოლირებულია და დანარჩენ ნახატებთან აშკარა კავშირს არ აჩვენებენ“, — წერს გჟელჩიკი.

კონდოას რეგიონში, კლდის მხატვრობის ზოგიერთ ნიმუშს კონდოას ხალხი დღემდე იყენებს სხვადასხვა რიტუალებისთვის. ახლად დოკუმენტირებული ძეგლები ადგილობრივი საზოგადოებებისთვის ასევე ცნობილი იყო და არ არის გამორიცხული, სწორედ მათ მოჰფინონ გარკვეული ნათელი ამ იდუმალ ფიგურათა მნიშვნელობას.

ამასობაში, არქეოლოგები ძეგლზე მუშაობას განაგრძობენ და მალე შეიძლება სხვა აღმოჩენებამდეც მივიდნენ.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.