როდის და როგორ მოხვდნენ პირველი ადამიანები ავსტრალიაში — #1tvმეცნიერება
ხმელეთზე, რომელსაც დღეს ავსტრალიას ვეძახით, პირველი ადამიანები დაახლოებით 60 000 წლის წინ მივიდნენ ორი სხვადასხვა გზით. ამის შესახებ ახალი გენომური კვლევა მიუთითებს.
არქეოლოგებს შორის მუდმივი კამათის საგანია, თუ როდის მივიდნენ პირველი ადამიანები ამ კონტინენტზე. ზოგიერთი იშველიებს წინა გენეტიკურ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებს 45 – 50 000 წლის წინანდელ პერიოდზე, სხვები კი ვარაუდობენ, რომ ავსტრალიაზე ადამიანები შეიძლება ჯერ კიდევ 65 000 წლის წინ დასახლდნენ.
ახალი კვლევა ეფუძნება მიტოქონდრიული დნმ-ის 2500-ზე მეტ ნაკრებს, რომელიც ავსტრალიის, ახალი გვინეის, ოკეანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივი ხალხისგან აიღეს. კვლევა მხარს უჭერს უფრო ადრეულ პერიოდში დასახლებას, მაგრამ ასევე ცხადყოფს, რომ ეს არ გახლდათ ერთჯერადი მოგზაურობა.
საჰული იყო ხმელეთის მასა, რომელიც პლეისტოცენის ეპოქაში არსებობდა; შედგებოდა დღევანდელი ავსტრალიის, ტასმანიისა და ახალი გვინეისგან; ჯერ კიდევ 9000 წლის წინ, ისინი ერთმანეთთან ხმელეთით იყო დაკავშირებული, იქამდე, ვიდრე ბოლო გამყინვარების პერიოდის დასასრულს ზღვის დონე აიწევდა.

ბრიტანეთის ჰადერზფილდის უნივერსიტეტის არქეოლოგმა მარტინ რიჩარდსმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს დნმ-ის მუტაციის მაჩვენებლები და გენეტიკური კავშირები ადამიანთა თანამედროვე და უძველეს პოპულაციებს შორის, რათა მიჰყოლოდნენ უძველეს ადამიანთა ამ საოცარ მსვლელობას.
ეს გენეტიკური ინფორმაცია მკვლევრებმა ასევე შეადარეს არქეოლოგიურ მტკიცებულებას და კლიმატურ მონაცემებს.
როგორც ჩანს, ადამიანებმა უძველეს ხმელეთის მასა სუნდალენდიდან საჰულამდე მისასვლელად ორი გზა გამოიყენეს. ერთი ნაწილი მალაიზიის, იავისა და ტიმორის გავლით ჩავიდა საჰულის დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე ქალაქ დარვინის მიდამოებში. მკვლევრებმა მათ „სამხრეთის მარშრუტის შტოები“ უწოდეს.
გენების სხვა, ცალკეული ნაკადი, რომელსაც მკვლევრებმა „მარშრუტის შტოები“ უწოდეს, გაუყვა კუნძულთა ჯაჭვს, რომელიც ფილიპინებიდან და სულავესიდან გაივლის პაპუა-ახალ გვინეას და თანამედროვე კვინზლენდის ჩრდილოეთ წვერიდან შედის საჰულში.
„ორივე შედინება თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში მოხდა, დაახლოებით 60 000 წლის წინ. ეს მხარს უჭერს ე. წ. დასახლების გრძელ ქრონოლოგიას და უარყოფს ე. წ. მოკლე ქრონოლოგიას, რომლის თანახმადაც, ავსტრალიის დასახლება დაახლოებით 45 000 – 50 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო“, — ამბობს რიჩარდსი.
მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, პირველი ტალღის შტოების დაახლოებით 36 პროცენტი მოდის ავსტრალიაში ჩრდილოეთის გზით შესულ ხალხზე, 64 პროცენტი კი სამხრეთის გზით შესულთა შთამომავლობაზე.
მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთის გზის ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა პიონერებმა, საჰულში ჩასვლის შემდეგ გზა განაგრძეს ბისმარკის არქიპელაგისა და სოლომონის კუნძულებისაკენ.
მათი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, უძველეს საჰულსა და ახლო ოკეანეთში არსებული [გადარჩენილი] შტოების უმეტესობა ჩრდილოეთის გზით ჩასული წინაპრებისგან მოდის, რომლებიც ავსტრალიაში დაახლოებით 60 000 წლის წინ, ამჟამად ჩაძირული სუნდას კონტინენტის ჩრდილოეთი ნაწილისა და ჩრდილოეთ უოლესიის კუნძულთა ჯგუფის გავლით ჩავიდნენ. თუმცა, მთლიანი შტოების მცირე ნაწილი სამხრეთის გზით ჩავიდა, სამხრეთ ზონდის კუნძულების გავლით“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.