
ტაივანში აღმოჩენილი სრულყოფილი ყბის ძვლის ანალიზები ახალ ცნობებს გვაწვდის დენისოველების შესახებ — იდუმალი ხალხის, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს წინაპრებს.
ერთ დროს, ჰომო საპიენსი ადამიანის ერთადერთი სახეობა არ იყო, რომელიც დედამიწაზე დააბიჯებდა. მასთან ერთად, პლანეტაზე სახლობდა ჩვენი მრავალი სხვა, დიდი ხნის წინ გადაშენებული ნათესავი; მათი ურთიერთობების ისტორია ჩვენს გენომშია ჩაწერილი.
მათ შორის ყველაზე ცნობილი და კარგად შესწავლილია ნეანდერტალელები. თუმცა, შორს, აღმოსავლეთში სახლობდა მათი ერთი შორეული, პატარა ნათესავი. ესენი იყვნენ დენისოველები, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, რადგან მათი ნაშთები ძლიერ მწირადაა შემორჩენილი.
ამ დროისათვის დენისოველთა მხოლოდ 15 ნამარხია აღმოჩენილი. ტაივანში მათი ნაშთი პირველად აღმოაჩინეს და ეს გახლავთ აღმოჩენილთა შორის ყველაზე ხელუხლებელი ყბის ძვალი, რომელსაც არქეოლოგებმა პენგჰუ 1 უწოდეს.
დენისოველთა ნაშთები პირველად ციმბირში, დენისოვის მღვიმეში აღმოაჩინეს და სახელიც აქედან უწოდეს. ძვლები ასევე აღმოჩენილია ჩინეთში, ტიბეტის მთიანეთში, ბაიშიას მღვიმეში; ერთი კბილი აღმოჩენილია ლაოსის ერთ-ერთ მღვიმეშიც, მაგრამ ის შეიძლება ნეანდერტალელს ეკუთვნოდეს.
ნაშთების უმეტესობა ან ძვლის ფრაგმენტია, ან კბილები. დენისოველის სრული ჩონჩხი აღმოჩენილი არ არის. გენეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ ისინი ნეანდერტალელებს რამდენიმე ასეული ათასი წლის წინ გამოეყვნენ, მაგრამ უცნობია აზიაში მათი მიგრაციის და საბოლოოდ გაქრობის დროები.
დენისოვის მღვიმის დანალექთა შრეების დათარიღება მიუთითებს, რომ დენისოველები იქ 300 000 – 50 000 წლის წინანდელ მონაკვეთში ცხოვრობდნენ. ეს არის ყველაზე საუკეთესო ინფორმაცია, რაც მათ შესახებ გვაქვს.
თანამედროვე ადამიანების დნმ-ში არსებული დენისოველების ნარჩენებზე დაყრდნობით ვიცით, რომ სავარაუდოდ, ისინი იმაზე გაცილებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული, ვიდრე მათი ნაშთები მიუთითებს.
ყბის ძვალი პენგჰუ 1 ათი წლის წინ, ტაივანის დასავლეთ სანაპიროდან 25 კილომეტრში აღმოაჩინეს; მისი ამბავი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც იმ დანალექის, რომელშიც ის ათასობით წლის განმავლობაში იმალებოდა.
ვიცით, რომ ის ჰომინიდების ოჯახს მიეკუთვნებოდა, მაგრამ უფრო ზუსტი იდენტობა უცნობია; რადგან წარუმატებელი აღმოჩნდა დნმ-ის აღდგენის მცდელობა.
ახლახან, იაპონიის მოწინავე კვლევების უნივერსიტეტისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მისი შესწავლა კიდევ ერთხელ სცადეს და დიდი საიდუმლოც ამოხსნეს.
კვლევა ეფუძნებოდა არა დნმ-ს, არამედ მეთოდების სერიას, რომელსაც უძველესი ცილის ანალიზი, იგივე პალეოპროტეომიკა ეწოდება. პროცესი გულისხმობს უძველესი ნაშთების ძვლიდან და კბილის ემალიდან ცილების გამოყოფას, შემდეგ კი მასის სპექტრომეტრით შესწავლას და ამის საფუძველზე ინდივიდის პროფილის შექმნას.
მას შემდეგ, რაც მოაცილეს სავარაუდო დამაბინძურებლები და პოტენციურად მიკერძოებადი ფაქტორები, მკვლევრებს დარჩათ 22 ცილა, რომლებმაც მისცა 2218 ნარჩენი ამინომჟავა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, რომ ნამარხი მოექცეს დენისოველების, ნეანდერტალელების, ჩვენი და სხვა ადამიანის მსგავს მაიმუნთა კონტექსტში. შედარებებმა დაადასტურა, რომ ყბის ძვალი მართლაც ჰომინიდური წარმოშობის არის… და ათასობით ნიმუშს შორის ორი ამინომჟავა ექსკლუზიურად დენისოველის იყო.
ასევე აღმოაჩინეს მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ცილა, რაც ცხადყოფს, რომ პენგჰუ 1 ეკუთვნოდა მამრ დენისოველს, რომელიც ათობით ათასი წლის წინ ცხოვრობდა დენისოვის მღვიმიდან დაახლოებით 4000 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით და ბაიაშიას მღვიმიდან 2000 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით.
უცნობია, ზუსტად როდის ცხოვრობდა პენგჰუ 1, მაგრამ დათარიღების მცდელობებმა ძლიერ ფართო დიაპაზონის თარიღები დადო — 10 000 – 190 000 წლის წინანდელი. ყბის ძვალი გვეუბნება, რომ დენისოველებს ჰქონდათ დიდი ძირითადი კბილები (მოლარი) და ნეანდერტალელებზე უფრო მტკიცე ყბის ძვლები; ეს სხვაობა სავარაუდოდ ამ ორი ჯგუფის გაყოფის შემდეგ გაჩნდა. გაყოფა კი 300 000 – 400 000 წლის წინ მოხდა.
„პენგჰუ 1-ის დენისოველის ყბის ძვლად იდენტიფიცირება ადასტურებს თანამედროვე ადამიანის გენომურ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, დენისოველები ფართოდ იყვნენ გავრცელებული აღმოსავლეთ აზიაში. ახლა აშკარაა, რომ ჰომინინების ორი კონტრასტული ჯგუფი — პატარაკბილებიანი ნეანდერტალელები მაღალი, მაგრამ წვრილი ყბის ძვლით და დიდკბილებიანი დენისოველები დაბალი, მაგრამ ძლიერი ყბის ძვლებით — თანაარსებობდნენ ევარაზიის გვიანდელი შუიდან ადრეულ გვიანდელ პლეისტოცენის ეპოქაში“, — წერენ მკვლევრები.
შეიძლება არც არასოდეს გვქონდეს სრულყოფილი სურათი იმისა, ვინ იყვნენ დენისოველები და როგორ ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს აღმოჩენა უდავოდ საოცარია და ერთი ნაბიჯით ახლოს მივყავართ ადამიანის ისტორიის ფაზლის ამ ბურუსით მოსულ ნაწილთან.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.