ადამიანები ერთადერთი პრიმატები არიან, რომლებსაც ნიკაპი აქვთ. შესაბამისად, ბიოლოგებს აინტერესებთ, რატომ განგვივითარდა ეს უნიკალური წარმონაქმნი. ადამიანის მსგავს მაიმუნთა თავის ანატომიის ახალი ანალიზების მიხედვით, სავარაუდოდ, ის რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო კი არ ჩამოყალიბდა, არამედ ბუნებრივი გადარჩევით გამოწვეული სხვა ცვლილებების გვერდითი ეფექტის სახით.
„არსებობს ტენდენცია მიგვაჩნდეს, რომ ყოველი მახასიათებელი, რომელიც სახეობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება, ბუნებრივმა გადარჩევამ კონკრეტული მიზნით წარმოქმნა, მაგრამ ევოლუციის ეს „მიზანმიმართული“ შეხედულება არაზუსტია. ევოლუცია ხშირად იმაზე უფრო არეული და ნაკლებად მიმართულების მქონეა, ვიდრე ადამიანები მოელიან ან ვარაუდობდნენ“, — ამბობს ნიუ-იორკის ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევარი ნორინ ფონ კრამონ ტობადელი.
მარტივად რომ ვთქვათ, ნიკაპი ქვედა ყბის ძვლოვანი გამონაზარდია, რომელიც წინა კბილებზე უფრო წინაა გამოსული. ჩვენს უახლოეს ნათესავებს შორისაც კი, ნიკაპი ადამიანის არცერთ სხვა სახეობას არ ჰქონია; შესაბამისად, მას ჰომო საპიენსის მთავარ მაიდენტიფიცირებელ მახასიათებლად მიიჩნევენ, მაგრამ იდუმალებითაა მოცული ამ თვისების წარმოქმნის მიზეზი.
ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, შეიძლება ის ხელს უწყობდა ღეჭვის დროს ყბის წინა ნაწილში დაძაბულობის შემცირებას ან ხელს უწყობს ჩვენ მიერ სიტყვების წარმოთქმის უნარს. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ის სქესობრივი გადარჩევის ნაწილად ჩამოყალიბდა, რადგან ინდივიდები შეიძლება ამჯობინებდნენ სახის ამ უნიკალური მახასიათებლის მქონე მეწყვილეებს.
ზოგიერთ მეცნიერს კი აინტერესებს, საერთოდ აქვს თუ არა რაიმე მიზანი ნიკაპს და ეჭვობენ, რომ ეს ძვლოვანი გამონაზარდი შეიძლება შემთხვევით ჩამოყალიბდა, როდესაც თავის ქალა და ყბა სხვადასხვა ევოლუციურ ცვლილებებს განიცდიდნენ.
ფონ-კრამონ ტობადელს და მის კოლეგებს აინტერესებდათ, იქნებ ყველა ეს თეორია მცდარი იყო და სინამდვილეში, ნიკაპი ჩამოყალიბდა გენების დრეიფის შედეგად — არსებითად, მხოლოდ შემთხვევითი ევოლუციური შანსით.
ამის გასარკვევად, მან და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 532 ადამიანის თავის ქალა და მუზეუმებში დაცული თანამედროვე მაიმუნების სახეობებისა და ქვესახეობების 14 თავის ქალა — მათ შორის, შიმპანზეების, ბონობოების, გორილების, ორანგუტანებისა და გიბონების.
მკვლევრებმა თავისა და ყბის ზუსტ ანატომიურ ნიშნულებს შორის 46 მანძილი გაზომეს. მათ შორის, ცხრა იმ რეგიონის გასწვრივ იყო, რომელიც ადამიანებში ნიკაპს წარმოქმნის; მიღებული შედეგები დაიტანეს ევოლუციურ ხეზე.
ამის შემდეგ, ამ მონაცემთა საფუძველზე შეაფასეს ადამიანის მსგავსი ყველა მაიმუნის ბოლო საერთო წინაპრის სავარაუდო თავი და ყბა. შემდეგ მათ გამოიყენეს სტანდარტული რაოდენობრივი გენეტიკური მოდელი, რათა შეემოწმებინათ, იყო თუ არა თითოეული ოჯახის შტოს გასწვრივ ცვლილებები იმაზე დიდი ან პატარა, ვიდრე ამას მხოლოდ შემთხვევითი დრეიფისას უნდა ველოდეთ.
ასე დაადგინეს, რომ ადამიანის ნიკაპთან დაკავშირებული სამი თვისება, სავარაუდოდ, პირდაპირ იყო შერჩეული — რაც იმას ნიშნავს, რომ მათში რაღაც საკმარისად ხელსაყრელი იყო მათი ევოლუციის წარმართვისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, დანარჩენი ექვსი თვისება გადარჩევის მიერ ან ხელუხლებელი იყო, ან უბრალოდ ევოლუციის თანამდევი პროდუქტები იყო ნიკაპთან დაკავშირებული სხვა ნიშან-თვისებებისთვის.
ფონ კრამონ-ტობადელი განმარტავს, რომ რაც უფრო გაიმართნენ წელში ჩვენი წინაპრები, მით უფრო მოიხარა მათი თავის ქალის ფუძე, სახე კი თავის ქალის ქვეშ ჩაიმალა წინ გამოწევის ნაცვლად, როგორც ეს შიმპანზეებშია. ამასობაში, დიდმა თავის ტვინმა და კვების რაციონის ცვლილებებმა შეამცირა დიდი წინა კბილებისა და მძლავრი საღეჭი კუნთების საჭიროება, რამაც ზომაში შეამცირა სახის ქვედა ნაწილი და ყბა. დროთა განმავლობაში, ზედა ყბის ძვლებმა უკან დაიხია და ქვედა ყბა კბილებს მიღმა გამოწეული დატოვა — ასე დაიწყო ნიკაპის ჩამოყალიბება.
ასე რომ, როგორც ჩანს, ეს უნიკალური მახასიათებელი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ადამიანებს ჩამოუყალიბდათ ვერტიკალური პოზა, დიდი თავები და პატარა კბილები, რაც წარმოაჩენს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხეულის ერთ რეგიონში მომხდარ გადარჩევას დანარჩენებზე.
საფრანგეთის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მკვლევარი ალესიო ვენეციანო ამბობს, რომ ამ კვლევის შედეგები მიანიშნებს ნიკაპზე, როგორც არაადაპტაციის „სახელმძღვანელოზე“ — თვისება, რომელიც როგორც ჩანს, ბუნებრივი გადარჩევის რაიმე პირდაპირი აქტივობის შედეგად გამოჩნდა.
„ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა იმ მნიშვნელოვან ევოლუციურ ტენდენციათა დადასტურება, რომლებიც არაადაპტაციურად ხდება“, — ამბობს იგი.
ისეთ ევოლუციურ თანამდევ პროდუქტებს, როგორიც ესაა, ხშირად სპანდრელს უწოდებენ — არქიტექტურიდან ნასესხებ ტერმინს, რომელიც იქ ნიშნავს სივრცეებს, რომლებიც წარმოიქმნება სხვა მახასიათებლების, მაგალითად, თაღების ფორმების შედეგად. ადამიანის ჭიპი და ტირანოზავრ რექსის პატარა მკლავებიც სპანდრელებად მიიჩნევა.
„კვლევა წარმოაჩენს, როგორ მჭიდროდ არის ინტეგრირებული თავის ქალა და ყბა, როგორც ერთიანი სისტემა; იმდენად, რომ როდესაც ბუნებრივი გადარჩევა ერთ ნაწილს მიადგება, მასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს სხვა მახასიათებლებიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თავიდან სამიზნე არ ყოფილა. უბრალოდ იმის გამო, რომ ნიკაპი ან სხვა მსგავსი დაკვირვებადი მახასიათებელი განსხვავებულ „რაღაცას“ ჰგავს, არ ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ის დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა“, — ამბობს მკვლევარი ჯეიმს დი ფრისკო.
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



