
ტანზანიაში აღმოჩენილი ძვლის არტეფაქტები დროში თითქმის მილიონი წლით უკან სწევს ძვლის ტექნოლოგიის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ნიმუშების თარიღს.
ოლდუვაის ხეობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა სახის ძვლის იარაღი, რომლებიც 1,5 მილიონი წლის წინ დაამზადა და იყენებდა ადამიანის წინაპარი ჰომინიდების სახეობა ჰომო ჰაბილისი.
ცნობილია, რომ ოლდოვანის ხალხის სახელით ცნობილი ეს კულტურა ქვის იარაღებს ჯერ კიდევ 2,5 მილიონი წლის წინ იყენებდა. ახლად აღმოჩენილი ძვლის არტეფაქტები აჩვენებს, რომ მათი ხელსაწყოების ტექნოლოგია იმაზე უფრო კომპლექსური, მოწინავე და დახვეწილი იყო, ვიდრე გვეგონა.
„აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ადრეულმა ადამიანებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ტექნოლოგიური არჩევანი, რაც ამ დროისთვის მხოლოდ ქვის იარაღების წარმოებით შემოიფარგლებოდა; როგორც ჩანს, ხელსაწყოების წარმოებაში სხვა მასალებსაც იყენებდნენ“, — ამბობს ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოს არქეოლოგი იგნასიო დე ლა ტორე.
მისი განცხადებით, ტექნოლოგიური პოტენციალის ასე გამდიდრება მიუთითებს ამ ჰომინინების კოგნიტური უნარებისა და მენტალური მახასიათებლების დაწინაურებაზე; როგორც ჩანს, მათ გააცნობიერეს, რომ იარაღების დამზადება ძვლისგანაც იყო შესაძლებელი.
ხელსაწყოების ტექნოლოგიის განვითარება ადამიანის ევოლუციაში გადამწყვეტ ნაბიჯად მიიჩნევა. მიჩნეულია, რომ მიზანმიმართულად გამოკვეთილი ქვები უფრო ადრეულ კულტურებში გამოჩნდა, ვიდრე ჩვენი გვარი ჰომოა; ამ იარაღებით ისინი მოკლული ცხოველებისგან უფრო მეტ ტვინს და ხორცს იღებდნენ, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენივე ევოლუციის წარმატებაში.
თუმცა, ძალიან მწირი იყო იმის მტკიცებულებები, რომ ადრეულმა ადამიანებმა იცოდნენ, როგორ დაემზადებინათ მათ მიერ მოკლული ცხოველებისგან იარაღები; ამის მტკიცებულებები მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო ევროპაში აღმოჩენილი და ისიც 400 000 – 250 000 წლის წინანდელი.
ზოგიერთ ადრეულ ძეგლზე აღმოჩენილია რქის ან გრძელი ძვლების ფრაგმენტები, რომლებსაც სათხრელ იარაღებად იყენებდნენ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იარაღები მიზანმიმართულად იყო დამზადებული.
იდენტიფიცირების ასეთმა ნაკლებობამ, გაართულა ორგანულ ნარჩენებზე დაყრდნობით იმის გარკვევა, როგორ ამზადებდნენ იარაღებს. ასევე რთულია ძვლის იარაღების ტექნოლოგიის რეგიონული ვარიაციების შესწავლა.
ოლდუვაის ხეობაში არქეოლოგიური გათხრები 2015-დან 2022 წლამდე მიმდინარეობდა; ოლდოვანის კულტურა იქ დაახლოებით 2,6 – 1,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ნაპოვნ არტეფაქტებს შორის ხშირი იყო ცხოველთა ნარჩენები და შესაბამისად, ათასობით ქვის იარაღს შორის ძვლის იარაღების აღმოჩენა სულაც არ იყო მოულოდნელი.
როდესაც არქეოლოგებმა უფრო ახლოდან შეისწავლეს 1,5 მილიონი წლის წინანდელ ფენაში ჩამარხული ზოგიერთი ძვალი, გაოცებული დარჩნენ. 27 ძვალს შეცვლის ნიშნები ჰქონდა — იყო მიზანმიმართულად დამტვრეული, რათა გამოსულიყო ბასრი, ძლიერ გამოსადეგი ხელსაწყო.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ძვლის იარაღების წარმოება შეიძლება გარკვეულ როლს ასრულებდა ტექნოლოგიურ გადასვლაში ოლდოვანის კულტურიდან აშელის კულტურაში, რომელიც მას მოჰყვა, 1,7 მილიონი წლის წინ დაიწყო და 150 000 წლის წინ დასრულდა.
„ჩვენს აღმოჩენამდე, ტექნოლოგიური გადასვლა ოლდოვანიდან აშელში მხოლოდ ქვის იარაღების კვლევით შემოიფარგლებოდა. ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ აშელის პერიოდიდან, რომელშიც კომპლექსური ძეგლი T69 ჩამოყალიბდა და სადაც ადამიანებს უკვე ჰქონდათ პირველადი წვდომა ხორცის რესურსებზე, ცხოველები უკვე არა მხოლოდ სახიფათო და კონკურენტები ან უბრალოდ ხორცის წყარო იყვნენ, არამედ იარაღების საწარმოებელი ნედლეულის წყაროც“, — ამბობს დე ლა ტორე.
იარაღები ძირითადად სპილოსა და ჰიპოპოტამის ძვლებისგანაა დამზადებული. უცნობია, რისთვის იყენებდნენ მათ, მაგრამ მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, ძვლებს შეიძლება ხმარობდნენ ცხოველების გამოშიგვნისთვის, რაც მოგვიანებით, განვითარებასთან ერთად, შეიძლება უფრო გამოსადეგმა ქვის იარაღებმა ჩაანაცვლა.
უცნობია, როგორ შეიძლება შეიცვალა ძვლის იარაღების ტექნოლოგია, გავრცელდა და შემდეგ გაქრა, ვიდრე მილიონობით წლის შემდეგ ხელახლა გამოჩნდებოდა მსოფლიოს სხვა ნაწილში. შესაძლოა, შემდეგმა გათხრებმა კიდევ უფრო მეტი იარაღი აღმოაჩინოს.
ერთი რამ კი აშკარაა — ადამიანის წინაპრები ბევრად უფრო სხვანაირები იყვნენ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„ტექნოლოგიურად და მორფოლოგიურად სტანდარტიზებული ძვლის იარაღების დამზადებით, აშელის ადრეული ხელოსნები ასრულებდნენ ისეთ სამუშაოს, როგორიც აქამდე გვეგონა, რომ მთელი ერთი მილიონი წლის შემდეგ გამოჩნდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოს არქეოლოგი იგნასიო დე ლა ტორე.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.