საბერძნეთში აღმოაჩინეს 430 000 წლის წინანდელი ჯოხი, რომელიც ადამიანთა მიერ გამოყენებული უძველესი ხის იარაღია — #1tvმეცნიერება
საბერძნეთში აღმოაჩინეს 430 000 წლის წინანდელი ჯოხი, რომელიც ადამიანთა მიერ გამოყენებული უძველესი ხის იარაღია — #1tvმეცნიერება

საბერძნეთში, ერთ-ერთ ღია მაღაროში აღმოაჩინეს ხის იარაღები, რომლებიც ყველაზე ძველია ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილთა შორის. მათი ასაკი 430 000 წელია და შექმნილია უძველესი ადამიანის უცნობი სახეობის მიერ — სავარაუდოდ, ნეანდერტალელების წინაპრების.

„პრეისტორიული ხის იარაღები „ძალიან მწირია“ და ყოველი ახალი დეტალი უმნიშვნელოვანესია“, — ამბობს ქვედა საქსონიის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ოფისის არქეოლოგი დირკ ლედერი.

სავარაუდოდ, ჩვენი გადაშენებული ნათესავები ხის იარაღებს მილიონობით წლის განმავლობაში იყენებდნენ. ხის არტფაქტების შესახებ ჩვენი ცოდნა მწირია ძირითადად იმიტომ, რომ ცუდადაა შემონახული და ძნელია იდენტიფიცირება.

„ეს შეიძლება იყოს ყველაზე ძველი ტიპის ინსტრუმენტი, რომელიც ოდესმე ვინმეს გამოუყენებია“, — ამბობს ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი კატერინა ჰარვატი.

ჰარვატიმ და მისმა კოლეგებმა იარაღები აღმოაჩინეს ძეგლზე, სახელად „მარატჰუსა 1“, რომელიც მათ 2013 წელს გამოავლინეს სამხრეთ საბერძნეთში, მეგაპოლისის აუზში. ლინგიტის (მურა ნახშირი) ღია მაღაროში მოშიშვლებული იყო დანალექების ფენები, რომელთაგან ზოგიერთი თითქმის მილიონი წლისაა.

„ამის წყალობით, შევაფასეთ დროის პერიოდები და დანალექები, რომელიც სხვა მხრივ მუდმივად ჩამარხული დარჩებოდა“, — ამბობს ჰარვატი.

2013-2014 წლებში მიმდინარე გათხრებისას, ჯგუფმა აღმოაჩინა სწორეშვიანი სპილოს (Palaeoloxodon antiquus) თითქმის სრული ჩონჩხი, რომელსაც დაკვლის ნიშნები ჰქონდა. ასევე აღმოაჩინეს სხვა ცხოველთა და მცენარეთა ნაშთები და 2000-ზე მეტი ქვის იარაღი. ცხოველები და მცენარეები წყლის და წყლის მახლობლად მცხოვრები სახეობების ნაზავია, მათ შორისაა ჰიპოპოტამები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ძეგლზე შემონახულია უძველესი ტბის სანაპირო.

მარატჰუსა 1 მეცნიერებმა მრავალი სხვადასხვა მეთოდით დაათარიღეს, მათ შორის, დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებათა კვალის გამოვლენით და იმის შემოწმებით, როდის იყო მარცვლები ბოლოს მზის სინათლის ზემოქმედების ქვეშ. 2024 წელს მათ დაასკვნეს, რომ ნაშთები დაახლოებით 430 000 წლისაა, იმ პერიოდის, როცა კლიმატი უსიამოვნო, ძალიან ცუდი იყო.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უარესი გლაციალური პერიოდი პლეისტოცენის ევროპაში. მეგაპოლისის აუზი შეიძლება თავშესაფრის როლს ასრულებდა; კლიმატი იქაც ცივი იყო, მაგრამ ნაკლებად ექსტრემალური“, — ამბობს ჰარვატი.

ხის 144 ნაჭრიდან, მკვლევართა ჯგუფმა ორი იარაღი გამოავლინა. ერთი მურყანის ხის მერქნისგან დამზადებული 81 სმ სიგრძის ჯოხია. მას ქერქის უმეტესი ნაწილი გაცლილი აქვს და აღენიშნება კვეთისა და ჭრის მრავალი კვალი, რაც მიუთითებს, რომ ხეს მიზანმიმართულად აქვს ფორმა მიცემული. ერთი დაბოლოება უფრო მომრგვალებულია და შეიძლება სახელური იყო, მეორე ბოლო გაბრტყელებულია და დაშლისა და დაქუცმაცების კვალი ამჩნევია.

ჰარვატის განცხადებით, მას შეიძლება სათხრელად იყენებდნენ, მაგალითად, მიწაში ბოლქვების საძებნელად, რომლებსაც ალბათ ჭამდნენ. თუმცა, შეიძლება ასევე ჰქონდა სხვა გამოყენება. ის სპილოს ძვლებში იპოვეს, რაც მიუთითებს, რომ ჰომინინები მას შეიძლება მკვდარი სპილოს სხეულის დასამუშავებლად იყენებდნენ.

მეორე იარაღი უფრო იდუმალია. ის ტირიფის ან ვერხვის პატარა ნაჭერია, 5,7 სმ სიგრძის და 1,2 – 1,5 სმ სიგანის. ქერქი მასაც გაცლილი აქვს და აღენიშნება ჭრის კვალი, რაც მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად აქვს ფორმა მიცემული.

„ეს ქვის იარაღის სრულიად ახალი ტიპია. შეიძლება, ქვის იარაღების რეტუშირებისთვის იყენებდნენ, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით მისი რეალური დანიშნულება“, — ამბობს ჰარვატი.

ლედერის თქმით, ჯოხი ხის ხელსაწყოს უაღრესად დამაჯერებელი მაგალითია. ის ნაკლებადაა დარწმუნებული მეორე ხელსაწყოს შესახებ, რადგან გაურკვეველია, რისთვის შეიძლება ის გამოყენებულიყო.

„ჩემი პირველი კითხვა იქნებოდა, ნამდვილად სრული ნივთია თუ რაღაც სხვის ფრაგმენტი?“, — აღნიშნავს ლედერი.

ძეგლის ასაკიდან გამომდინარე, მარატჰუსა 1-ზე ვერანაირი ჰომინინი ვერ აღმოაჩინეს, რადგან სავარაუდოდ, ის ჩვენი სახეობისთვის ზედმეტად ძველია და სავარაუდოდ ძალიან ადრეა ნეანდერტალელებისთვისაც, რომლებიც ევროპაში ჩვენამდე ცხოვრობდნენ.

„პირველი ჰიპოთეზა ისაა, რომ ის, რაც ჩვენ აქ ვიპოვეთ, ეკუთვნის ნეანდერტალელებამდელ ტიპს, ანუ ჰაიდელბერგელი ადამიანს (Homo heidelbergensis)“, — ამბობს ჰარვატი.

ხის უძველეს იარაღთა სხვა მაგალითებს შორისაა კლაქტონის შუბი დიდ ბრიტანეთში, რომლის ასაკიც სავარაუდოდ 400 000 წელია. გერმანიის ქალაქ შიონინგენში აღმოჩენილი ხის შუბები ასეთივე ასაკისად მიიჩნეოდა, მაგრამ დათარიღების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ ასაკად 300 000 წელი განისაზღვრა; 2025 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევა კი იმასაც ვარაუდობს, რომ ისინი მხოლოდ 200 000 წლისაა. საბერძნეთში აღმოჩენილზე ძველი არის მხოლოდ ზამბიაში, კალამბოს ჩანჩქერებთან აღმოჩენილი ხის არტეფაქტები, რომლებიც დაახლოებით 476 000 წლის წინანდელია. სავარაუდოდ, ისინი უფრო დიდი სტრუქტურების ან შენობების ნაშთებია.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.