სინამდვილეში, ნეანდერტალელები შეიძლება არასოდეს გადაშენებულან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სინამდვილეში, ნეანდერტალელები შეიძლება არასოდეს გადაშენებულან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

სინამდვილეში, ნეანდერტალელები შეიძლება არასოდეს გადაშენებულან — სულ მცირე, გენეტიკური თვალსაზრისით. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ახალი მათემატიკური მოდელით შეისწავლეს მომაჯადოებელი სცენარი, რომელშიც ნეანდერტალელები თანდათანობით გაუჩინარდნენ არა „ნამდვილი გადაშენების“ გზით, არამედ გენეტიკურად შთაინთქნენ უფრო პროდუქტიულ სახეობაში — ჩვენში.

ანალიზების თანახმად, ხანგრძლივ და გაჭიანურებულ „სიყვარულს“ ჰომო-საპიენსსა და ნეანდერტალელებს შორის, უნდა გამოეწვია თითქმის სრული გენეტიკური შთანთქმა 10 000 – 30 000-წლიან მონაკვეთში.

„მოდელი მარტივია და არ არის რეგიონული, მაგრამ გვთავაზობს ნეანდერტალელების გადაშენების დამაჯერებელ ახსნას“, — ამბობს რომის ტორ-ვერგატას უნივერსიტეტის ქიმიკოსი ანდრეა ამადეი.

ერთ დროს, ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსის შეჯვარების იდეა რადიკალური მოსაზრება იყო. ამჟამად კი, თანამედროვე გენომური კვლევები და არქეოლოგიური მტკიცებულებები გვთავაზობენ ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ ეს ორი ხაზი ათიათასობით წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ერთმანეთს და მრავლდებოდა ევრაზიის მასშტაბით.

დღეისათვის, არააფრიკული წარმომავლობის ადამიანებს ნეანდერტალელებისგან მემკვიდრეობით აქვთ მიღებული დნმ-ის 1-დან 4 პროცენტამდე.

არავინ იცის, რატომ გაქრნენ ნეაანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ, მაგრამ ექსპერტები უფრო ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ამაში წვლილი შეიტანა რამდენიმე ფაქტორმა, მაგალითად, გარემოს ცვლილებამ, გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვამ ან ჰომო საპიენსთან კონკურენციამ.

ამადეიმ და მისმა კოლეგებმა — შვეიცარიის ფედერალური ინსტიტუტის ევოლუციურმა გენეტიკოსმა ჯულია ლინმა და იტალიის აკილიის უნივერსიტეტის ეკოლოგმა სიმონე ფატორინიმ წარმოადგინეს მოდელი, რომელიც არ გამორიცხავს სხვა ახსნებს.

მოდელი მიუთითებს, რომ დიდი როლი ითამაშა გენეტიკურმა დრეიფმა — მაშინაც კი, როდესაც მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი სახეობის მიერ „შთანთქმულ“ ნეანდერტალელის გენებს გადარჩენისთვის რაიმე სარგებელი არ ჰქონია.

ყველა სხვა მოდელის მსგავსად, ახალიც ეფუძნება არასრულყოფილ ვარაუდებს. იყენებს თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ტომების დაბადების მაჩვენებლებს, რათა გააკეთოს პროგნოზი იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შთანთქავდა ნეანდერტალელთა პატარა ტომებს ადამიანთა გაცილებით დიდი პოპულაცია, გამომდინარე იმ მტკიცებულებებიდან, თუ რამდენად ხშირად ჯვარდებოდნენ ისინი ერთმანეთთან.

შედეგები შესაბამისობაშია ბოლო პერიოდის არქეოლოგიურ აღმოჩენებთან და ემთხვევა მრავალ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ ევროპაში ნეანდერტალელების რაოდენობა თანდათან შემცირდა და არა უცაბედად.

როგორც ჩანს, ჰომო საპიენსმა აფრიკიდან მიგრაცია იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ და ისინი ევროპაში რამდენიმე ნაკადად მოვიდნენ; ეს პროცესი სავარაუდოდ 200 000-ზე მეტი წლის წინ დაიწყო.

ევროპაში მოსული მიგრაციის თითოეული ტალღა ნეანდერტალელთა ადგილობრივ საზოგადოებებს შთანთქავდა, აზავებდა მათ გენებს ისე, როგორც ქვიშა შთაინთქმება ზღვაში.

ამჟამად ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ჰომო საპიენსსა და ნეანდერტალელებს შორის იმაზე მეტი საერთო იყო, ვიდრე სხვაობა. მათი განცხადებით, ჩვენი შტოები ორ ცალკეულ სახეობად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ „ადამიანის საერთო სახეობის“ ორ სხვადასხვა პოპულაციად.

ნეანდერტალელები საოცრად ადაპტირებადი და გონიერები იყვნენ. ამზადებდნენ რთულ ხელსაწყოებს, ქმნიდნენ მღვიმის მხატვრობას, იყენებდნენ ცეცხლს — და როცა საქმე კომუნიკაციას ეხებოდა, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტი შეეძლოთ, ვიდრე უბრალოდ ბუტბუტი.

ნეანდერტალელთა პოპულაცია და კულტურა დღეს აღარ არსებობს, მაგრამ მათი გენეტიკური მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს ჩვენში. ისინი არა მხოლოდ ჩვენი ბიძაშვილები, არამედ წინაპრებიც იყვნენ.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.