50 000 წლის წინანდელი ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანის უძველესი ვირუსები იპოვეს — #1tvმეცნიერება
50 000 წლის წინანდელი ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანის უძველესი ვირუსები იპოვეს — #1tvმეცნიერება

რატომ ამოწყდნენ ნეანდერტალელები და რანაირად გადარჩნენ ადამიანები — ეს ჩვენი სახეობის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი კითხვაა. უკვე დიდი ხანია, მეცნიერებს აინტერესებთ, დანებდნენ თუ არა ჩვენი უახლოესი, გადაშენებული ნათესავები იმ ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც დღეს თანამედროვე ადამიანებსა გვტანჯავს.

ამ თეორიას მტკიცებულებები მწირად ჰქონდა და პირველად მკვლევრებს 2010 წელს გაუჩნდათ. ახლა ის უფრო მეტად შესაძლებელი ჩანს, რადგან რუსეთში, ჩაგირსკაიას მღვიმეში აღმოჩენილ 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელის ძვლებში უძველესი ვირუსული დნმ აღმოაჩინეს.

ნეანდერტალელთა გაქრობაში რომ ინფექციურმა დაავადებებმა წვლილი შეიტანა, მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, ძირითადად იმ ვირუსულ და ბაქტერიულ გენომებზე დაყრდნობით, როცა ამ პათოგენებმა ადამიანები პირველად დააინფიცირეს — იმდენი ხნის წინ, რომ ადამიანებს ისინი აფრიკიდან უნდა წამოეღოთ და ევროპაში ნეანდერტალელებისთვის გადაეცათ.

მეორე მხრივ, მეცნიერებმა მათემატიკური მოდელები გამოიყენეს, რათა მოეხდინათ ჰომო საპიენსსა და ნეანდერტალელებს (H. neanderthalensis) შორის დაავადებათა გავრცელებისა და მათი სხვადასხვა იმუნიტეტის სიმულაცია.

თუმცა, უძველესი დნმ-ის ნიმუშების მოპოვება და გაშიფვრა (სეკვენირება) ზედმეტად რთულია, რადგან ათეულობით ათასი წლის განმავლობაში დაშლილი და დაზიანებულია; შესაბამისად, თითქმის არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ნეანდერტალელები დაინფიცირდნენ პათოგენებით, რომლებიც დღეს ჩვენში ჩვეულებრივ დაავადებებს იწვევს, მაგრამ მათთვის სასიკვდილო იყო.

„ამ პროვოკაციული და საინტერესო ჰიპოთეზის მხარდასაჭერად, აუცილებელი იყო დაგვემტკიცებინა, რომ ნეანდერტალელების გენომებში შესაძლებელი იყო ამ ვირუსთა სულ მცირე გენომების პოვნა. და დიახ, ჩვენ ეს შევძელით“, — ამბობს კვლევის ავტორი, მოლეკულური ბიოლოგი მარსელო ბრიონსი.

ბრიონსმა, სან-პაულუს ფედერალური უნივერსიტეტის ევოლუციურმა გენეტიკოსმა რენატა ფერეირამ და მათმა კოლეგებმა დნმ-ის ნიმუშები ორი მამრი ნეანდერტალელის ჩონჩხიდან აიღეს.

იქ მათ ნეანდერტალელის გენომთან ერთად იპოვეს დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც სამ თანამედროვე ვირუსს წააგავდა: ადენოვირუსს, რომელიც დღეს ჩვეულებრივ გაციებას იწვევს; ჰერპესვირუსს, რომელიც მუწუკებს იწვევს; და პაპილომავირუსი, რომელიც სექსის დროს გადადის და გენიტალიებზე მეჭეჭებს იწვევს.

თანამედროვე ადამიანებში ამ ვირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს მდგრადი ან მთელი ცხოვრების ინფექციები, რომლებშიც ვირუსი თავს აღწევს იმუნურ სისტემას და ათწლეულების განმავლობაში რჩება მიძინებული. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ისინი ნეანდერტალელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად უცნობია, როგორ გამოიხატებოდა ეს ინფექციები მათში — მსუბუქი თუ მწვავე დაავადებების სახით.

როგორც კვლევა აჩვენებს, უძველეს ჰომინინთა ნაშთებში ვირუსული დნმ-ის პოვნა და გამოყოფა შესაძლებელია. აქამდე ნაპოვნი უძველესი ვირუსული დნმ 31 000 წლის წინანდელი ჰერპესვირუსი იყო, რომელიც ციმბირში აღმოჩენილ ჰომო საპიენსის კბილებში დააფიქსირეს.

თუმცა, ჯგუფი აღიარებს, რომ მათი კვლევის შედეგები ჯერ წინასწარია და ფრაგმენტები მიუთითებს ნეანდერტალელთა ნაშთებში ვირუსული დნმ-ის მხოლოდ შესაძლო არსებობაზე. ამას გარდა, კვლევა ჯერ რეცენზირებულიც არ არის.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნეანდერტალელთა გადაშენების შესახებ სხვა მრავალი თეორიაც არსებობს. ისინი შეიძლება უბრალოდ ვერ მოერგნენ გარემოს უცაბედ ცვლილებას, ანდაც ადამიანებმა დაჩაგრეს საკვებისა და სხვა რესურსებისთვის ბრძოლაში.

თუმცა, ამ თეორიებს დაახლოებით ათი წლის წინ წყალი შეუდგა, როცა მეცნიერებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ნეანდერტალელები დახელოვნებული მონადირეები იყვნენ, იცოდნენ ცეცხლის მოპოვება და იყვნენ სოციალური არსებები.

პალეონტოლოგებს შორის არსებულ სხვა მოსაზრებებს შორის არის ისიც, რომ ნეანდერტალელთა ისედაც პატარა პოპულაცია უბრალოდ გაქრა, ანდაც ის, რომ ადამიანები დიდ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რამაც ჩვენს წინაპრებს გენებისა და იდეების დიდი მრავალფეროვნება მიანიჭა.

„სავარაუდოა, რომ ამ ფაქტორთა კომბინაციამ, ისევე როგორც სხვა უცნობმა ფაქტორებმა, წვლილი შეიტანა ნეანდერტალელთა საბოლოოდ გაქრობაში“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე bioRxiv.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.