ნეანდერტალელთა გენომში ადამიანთა უცნობი ხაზის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ნეანდერტალელთა გენომში ადამიანთა უცნობი ხაზის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 70 000 წლის წინ, როდესაც ჰომო საპიენსი ევრაზიაში შევიდა, კონტინენტის დიდი ნაწილი უკვე დასახლებული იყო ნეანდერტალელებით — ჰომინინებით, რომლებიც ჩვენი ერთ-ერთი წინაპრები არიან.

ამ ორი სახეობის შემდეგი ურთიერთობის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დროდადრო მათ შორის დიდი პაექრობა უნდა ყოფილიყო. 40 000 წლის წინ, ნეანდერტალელები საბოლოოდ გაქრნენ, ჩვენ კი დღეს რვა მილიარდი ვართ.

ცნობილია, რომ გვიანდელი პლეისტოცენის ეპოქის ევრაზიაში, ჰომინინთა ეს ორი სახეობა ზოგჯერ ერთმანეთში ჯვარდებოდა, რადგან მრავალ ადამიანს დღესაც შემორჩენილი აქვს ნეანდერტალელის გენომის კვალი.

ახალი კვლევის მიხედვით, მათი ასეთი ურთიერთობა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მიიჩნეოდა, რაზეც მიუთითებს ნეანდერტალელოს გენომში ნაპოვნი მინიშნებები.

კვლევის თანახმად, გვიანდელ პლეისტოცენში, როდესაც თანამედროვე ადამიანებმა ევრაზიას მიაღწიეს, იქ მცხოვრები ნეანდერტალელები უკვე ატარებდნენ ჩვენი სახეობის დნმ-ის კვალს, რაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანის კიდევ უფრო ძველი ხაზის გაცილებით ადრინდელი, კონტინენტზე აქამდე უცნობი შესვლის შედეგი უნდა იყოს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჰომო საპიენსი ევრაზიაში 250 000 წელიწადზე დიდი ხნის წინ შევიდა, იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე კონტინენტზე თანამედროვე ადამიანთა ყოფნის ყველაზე ადრინდელი მტკიცებულება გვაქვს. შედარებისათვის გეტყვით, რომ ნამარხების მიხედვით, ჩვენი სახეობა აფრიკაში მხოლოდ 300 000 წლის წინ ჩამოყალიბდა.

„აღმოვაჩინეთ უძველესი შეჯვარების ნიშნები, როგორ არის გადასული უძველეს თანამედროვე ადამიანთა გენები ნეანდერტალელებში. ინდივიდთა ამ ჯგუფს აფრიკა 250 000 – 270 000 წლის წინ უნდა დაეტოვებინა. ისინი დღევანდელ ადამიანთა ერთგვარი ბიძაშვილები იყვნენ და ჩვენ გაცილებით მეტად გვგავდნენ, ვიდრე ნეანდერტალელები“, — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ალექსანდერ პლატი.

მკვლევართა განცხადებით, ყველაზე ადრეული თანამედროვე ადამიანები, რომლებმაც ევრაზიას მიაღწიეს, მოგვიანებით დაიხოცნენ და ნეანდერტალელებმა კონტინენტზე დომინირება მომდევნო 200 000 წლის განმავლობაშიც განაგრძეს. თუმცა, ამ უძველესი შეხვედრის შედეგები ნეანდერტალელთა გენომში შემორჩა.

ამის დასადგენად, კვლევის ავტორები პირველ რიგში მიჰყვნენ კიდევ ერთი ახალი კვლევის მიერ აღმოჩენილ ნიშნებს; ამ კვლევაში ნეანდერტალელის მსგავსი დნმ-ის ნაწილები, სახელად ნეანდერტალელელის-ჰომოლოგური რეგიონები (NHR), აფრიკაში, ადამიანთა მრავალ თანამედროვე პოპულაციაში აღმოაჩინეს.

ამის აღმოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან თანამედროვე ადამიანთა და ნეანდერტალელთა შეჯვარებები ძირითადად ევრაზიაში ხდებოდა. გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, რანაირად უნდა ყოფილიყო ასე უხვად აფრიკაში ნეანდერტალელის დნმ, რომელიც ძირითადად ევრაზიულ წარმომავლობასთან არის დაკავშირებული.

თუმცა, აფრიკაში NHR-ების რეალური გავრცელება ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩებოდა. ახალი კვლევის ავტორთა განცხადებით, წინა კვლევები ეფუძნებოდა შედარებით ახალ საერთო წარმოშობის გენომთა შეზღუდულ კრებულებს დასავლეთ და ცენტრალური აფრიკიდან.

ამის მოსაგვარებლად, მათ უფრო ფართო სპექტრის თანამედროვე გენომები შეისწავლეს, რომლებიც 12 გენეტიკურად მრავალფეროვანი პოპულაციის წარმომადგენელ 180 ადამიანს ეკუთვნოდა ბოტსვანიდან, კამერუნიდან, ეთიოპიიდან და ტანზანიიდან. მკვლევრებმა ისინი შეადარეს ნეანდერტალელის გენომს, რომელიც ეკუთვნოდა დაახლოებით 120 000 წლის წინ რუსეთის ალთაის მთებში მცხოვრებ ინდივიდს.

„ეს კვლევა წარმოაჩენს ადამიანის გენეტიკურ და გენომურ კვლევებში ეთნიკურად და გეოგრაფიულად მრავალფეროვან პოპულაციათა ჩართულობის მნიშვნელობას“, — ამბობს კვლევის ავტორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის გენეტიკოსი სარა ტიშკოფი.

ახალი სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა შეისწავლეს, როდის და როგორ შევიდა NHR ამ პოპულაციებში. მიიღეს თუ არა თანამედროვე ადამიანებმა გენები ნეანდერტალელებისგან და ისინი უკან, აფრიკაში შეიტანეს? თუ ეს გენები ჯერ ჩვენმა სახეობამ მისცა ნეანდერტალელებს?

მკვლევართა განცხადებით, პასუხი გარკვეულწილად შეიძლება ორივე იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც არის მეორე.

NHR ყველა შემოწმებულ პოპულაციაში აღმოაჩინეს, რაც აჩვენებს, რომ ის აფრიკაში ფართოდ არის გავრცელებული. „ნეანდერტალელის მსგავსი“ ამ დნმ-ის უმეტესობა სათავეს იღებს არა ნეანდერტალელებისგან, არამედ უძველესი თანამედროვე ადამიანებისგან, რომლებიც აფრიკიდან ევრაზიაში გადასახლდნენ დაახლოებით 250 000 წლის წინ.

ნეანდერტალელებთან შეჯვარების შედეგად, ახალმოსულებმა მათ მემკვიდრეობა დაუტოვეს: მკვლევართა განცხადებით, ნეანდერტალელთა გენომის დაახლოებით ექვსი პროცენტი ჩვენი სახეობის ადრეულ წარმომადგენელთაგან მოდის.

კვლევამ იპოვა იმის მტკიცებულებაც, რომ გარკვეულ პოპულაციებში, ნეანდერტალელების გენები შეიტანეს ევრაზიიდან აფრიკაში მიგრირებულმა ადამიანებმა, რომელთა წინაპრებიც ნეანდერტალელებთან ჯვარდებოდნენ.

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ჰომო საპიენსისგან მიღებული გენების ვარიანტები ძირითადად მდებარეობს ნეანდერტალელის გენომის არამაკოდირებელ რეგიონებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბუნებრივი გადარჩევა მათ კოდირების სექციებიდან იღებდა — შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი დნმ ნეანდერტალელთათვის სასარგებლო არ იყო.

მათივე განცხადებით, თანდათან ჩვენი გენომიც იშორებს ნეანდერტალელთა გენების ვარიანტებს.

„ნეანდერტალელთა ალელები შეიძლება დიდებულ სამუშაოს ასრულებდა ნეანდერტალელებში, მაგრამ თანამედროვე ადამიანთა გენომში მოხვედრისას ის პრობლემებს იწვევს. ნეანდერტალელებიც და თანამედროვე ადამიანებიც სხვა ჯგუფების ალელების მოშორებას ნელ-ნელა ცდილობდნენ“, — ამბობს პლატი.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეჯვარება საკმაოდ ადვილად ხდებოდა, ნეანდერტალელებსა და თანამედროვე ადამიანებს ერთმანეთისგან დაშორებულად ყოფნის დაახლოებით 500 000 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩამოუყალიბდათ და ძალიან დიდი გზა განვლეს განსხვავებულ სახეობებად ჩამოსაყალიბებლად.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია penntoday.upenn.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.