აღმოჩენილია უძველესი კბილი, რომელიც ადამიანის გამოუცნობ, ამჟამად გადაშენებულ სახეობას ეკუთვნის — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია უძველესი კბილი, რომელიც ადამიანის გამოუცნობ, ამჟამად გადაშენებულ სახეობას ეკუთვნის — #1tvმეცნიერება

ლაოსის ტყეების სიღრმეში, ანამიტის მთების ერთ-ერთ მღვიმეში ბავშვის ერთი კბილი აღმოაჩინეს. ეს კბილი, ჩვეულებრივი მოლარი (ძირითადი კბილი), შეიძლება ეკუთვნოდეს ადამიანის იდუმალ სახეობას, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით, რადგან ამ დროისათვის მისი სულ რამდენიმე ნამარხია აღმოჩენილი.

„კბილის შიდა სტრუქტურების ანალიზი ეთანხმება ემალის პალეოპროტეომიკურ ანალიზებს და მიუთითებს, რომ კბილი ეკუთვნის ახალგაზრდა, სავარაუდოდ მდედრ ჰომო ინდივიდს“, — წერენ მკვლევრები ახალ პუბლიკაციაში.

მკვლევართა განცხადებით, მღვიმე ტამ-ნგუ-ნაო 2-ში აღმოჩენილი კბილი დიდი ალბათობით დენისოველს ეკუთვნის.

დენოსოველები ადამიანის ერთ-ერთი გადაშენებული სახეობაა, რომელიც პირველად 2008 წელს აღმოაჩინეს ციმბირის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ბავშვის თითის ძვლის ანალიზის შემდეგ; როგორც მაშინ გაირკვა, ნამარხი ადამიანის არც ერთ იქამდე ცნობილ სახეობას არ ეკუთვნოდა.

ნიმუში დაახლოებით 200 000 წლის წინანდელია და ირკვევა, რომ დენისოველებს ახლო გენეტიკური მსგავსება აქვთ ნეანდერტალელებთან.

თუმცა, ნიმუშები წარმოუდგენლად მცირე იყო. შემდეგში ციმბირის იმავე მღვიმეში კიდევ აღმოაჩინეს ექვსი განმარხებული კბილი და ძვლები, ჩინეთის ერთ მღვიმეში კი ქვედა ყბის ნაწილი.

გამომდინარე აქედან, პოტენციური დენისოველის კბილის აღმოჩენა ლაოსში — ციმბირისა და ჩინეთის მღვიმეებიდან ასე ძლიერ სამხრეთით, მკვლევართათვის უკიდურესად ამაღელვებელია.

„ტამ-ნგუ-ნაო 2-ში აღმოჩენილი კბილი გვთავაზობს დიდი ალბათობით დენისოველი ქალი ინდივიდის პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაახლოებით 164-131 ათასი წლის წინ ცხოვრობდა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ეს რეგიონი ჰომოს გვარის მრავალფეროვნების ცხელი წერტილი იყო, რადგან იქ ასევე აღმოჩენილია შუა და გვიანდელი პლეისტოცენის სულ მცირე ხუთი სახეობა: ჰომო ერექტუსი, დენისოველი/ნეანდერტალელი, ჰომო ფლორესიენსისი, ჰომო ლუსონენსისი და ჰომო საპიენსი.

ვინაიდან მოლარი (ძირითადი კბილი) შედარებით ახალი ჩამოყალიბებული ჩანს და ცვეთის ნიშნები არ ემჩნევა, ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს კბილი ეკუთვნოდა ბავშვს, რომელიც 3,5-დან 8,5 წლამდე ასაკში მოკვდა. კბილის გარშემო დანალექების გამოყენებით ირკვევა, რომ ის 164-131 ათასი წლის წინანდელია.

სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი უძველესი კბილის შემთხვევაში ძნელია იმის დადასტურება, რომ ის ნამდვილად დენოსოველს ეკუთვნის. ნიმუშის ასაკიდან გამომდინარე, მკვლევრებმა მისგან დნმ-ის გამოყოფა ვერ შეძლეს, რადგან სავარაუდოდ, ტროპიკულ გარემოს დნმ-ის ყოველგვარი კვალი ათასობით წლის წინ უნდა გაენადგურებინა.

თუმცა, კბილის ცილების ანალიზისა და მორფოლოგიის საფუძველზე მკვლევრები საკმაოდ დარწმუნებული არიან, რომ ის დენისოველს ეკუთვნის, მაგრამ ასევე არ შეიძლება ნეანდერტალელის გამორიცხვაც. ერთის ან მეორის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი ანალიზები.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.