კოლუმბიაში აქამდე უცნობი უძველესი ხალხის კვალი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
კოლუმბიაში აქამდე უცნობი უძველესი ხალხის კვალი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

კოლუმბიაში ცენტრალური ამერიკიდან ჰომო საპიენსი დაახლოებით 14 500 წლის წინ შევიდა და მთელ სამხრეთ ამერიკაში გავრცელდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები აქამდე უცნობი ხალხისა, რომელიც ერთ დროს ბინადრობდა ამ სტრატეგიულ რეგიონში.

ადამიანთა ნაშთების ფრთხილად არჩეულ 21 ნაკრების დნმ-ანალიზებზე დაყრდნობით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 6000 წლის წინანდელი ისტორია შეისწავლა. ნაშთები ცენტრალურ კოლუმბიაში, ალტიპლანოს პლატოზე, ხუთ სხვადასხვა ადგილასაა აღმოჩენილი.

დნმ-ის ნაშთებმა მომაჯადოებელი ქრონოლოგია გამოავლინა, მათ შორის, უძველესი პოპულაციის არსებობა, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებული არაა არცერთ თანამედროვე შთამომავალთან — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეიძლება სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მოსახლე იყო და რომელიც თანდათან სრულიად გაქრა.

„კოლუმბიის მაღლობი ვაკეების ამ ადრეული მონადირე-შემგროვებლების შთამომავლები ვერ ვიპოვეთ — გენები არ გადაცემულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოგოტის გარშემო რეგიონში მოსახლეობის სრული გადაცვლა მოხდა“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტიუბინგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კიმ-ლუის კრეტეკი.

დნმ შეიცავს გენეტიკურ ინსტრუქციებს, რომლებიც გვაქცევს იმად, რაც ვართ — მშობლების, პაპა-ბებიისა და მათი წინა თაობებისგან გამომდინარე. დნმ-ის შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ გაარკვიონ კავშირები თაობებს შორის და ნახონ, როგორ გადაადგილდებოდნენ და ვითარდებოდნენ ეს თაობები დროთა განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჯგუფი კოლუმბიის რეგიონში დაახლოებით 6000 წლის წინ სახლობდა, 2000 წლის წინ იქ უკვე ცხოვრობდა სხვა საზოგადოება, სრულიად სხვანაირი გენეტიკით. დიდი ალბათობით, ეს ჯგუფი ჩიბჩანურ ენებზე საუბრობდა და ჩვენთვის ცნობილი გენეტიკური კავშირები აქვს ცენტრალური ამერიკის ქვედა ნაწილის თანამედროვე ჯგუფებთან.

ეს მეორე ჯგუფი ასევე წარმოადგენს კულტურულ ცვლილებას — თავდაპირველი მონადირე-შემგროვებელი ხალხიდან ისეთ ხალხად, რომელიც ოსტატურად აწარმოებდა კერამიკას და მისდევდა სოფლის მეურნეობის უფრო დახვეწილ ტიპებს. როგორც ჩანს, ეს ხალხი იქ იქამდე სახლობდა, ვიდრე მე-16 საუკუნეში ევროპელები გამოჩნდებოდნენ.

„თავდაპირველი პოპულაციის გენეტიკური კვალის სრულად გაქრობა უჩვეულოა, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში“, — ამბობს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის გენეტიკოსი ანდრეა კასას-ვარგასი.

მეცნიერებს ჯერ წარმოდგენა არ აქვთ, რა დაემართა ახლად აღმოჩენილ ამ 6000 წლის წინანდელ ხალხს, მაგრამ მიზეზი შეიძლება იყოს კონფლიქტი ან დაავადება. ეს უკვე სამომავლო კვლევების საგანია.

მიუხედავად იმისა, რომ რჩება მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, კვლევა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სამხრეთ ამერიკის ისტორიისა და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ წასული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ხალხის შესახებ.

წინა კვლევები მიუთითებს, რომ ამ რეგიონის ადგილობრივი ხალხის ამბავი შეიძლება იმაზე კომპლექსური იყოს, ვიდრე გვეგონა; ასევე, სამხრეთ ამერიკის გენეტიკური კავშირები ავსტრალიამდეც კი მიდის.

კოლუმბია ერთგვარი სახმელეთო ხიდია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას შორის და მისი შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია idw-online.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.