51 000 წლის წინანდელი მოჩუქურთმებული ძვალი სრულიად ცვლის წარმოდგენას ნეანდერტალების შესახებ — #1tvმეცნიერება
51 000 წლის წინანდელი მოჩუქურთმებული ძვალი სრულიად ცვლის წარმოდგენას ნეანდერტალების შესახებ — #1tvმეცნიერება

ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვგონია, რომ ცხოველთა სამყაროში ფრიად უნიკალური თვისებებით გამოვირჩევით. ენა ერთმანეთთან ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს. კულტურა ცოდნას აგროვებს, იცავს და თაობიდან თაობას გადასცემს. ტექნოლოგიები პრობლემათა გადაჭრაში გვეხმარება. სიმბოლოები და ხელოვნება ჩვენს რთულ გამოცდილებას წარმოაჩენს.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ის თვისებები, რომლებიც ჩვენ თანამედროვე ადამიანთათვის უნიკალური გვგონია, შეიძლება ერთ დროს ჩვენს ჰომინინ ბიძაშვილებსაც ჰქონდათ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 51 000 წლის წინანდელი, გრავირებული ირმის ძვალი, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში, ჰარცის მთებში ბინადარი ნეანდერტალების ნახელავია. ჩუქურთმები ირმის ძვალზე სიზუსტით არის შესრულებული, თანაც მხატვრულად, ზიგზაგურად.

მტკიცებულებები ნეანდერტალების სიმბილური და მხატვრული თვისებების შესახებ, აქამდე საკმაოდ მწირი იყო, მაგრამ ახალი აღმოჩენა ამაღელვებელ კითხვებს სვამს იმის შესახებ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ნეანდერტალთა კომპლექსური ქცევა სინამდვილეში.

აღმოჩენა ავსებს იმ წინა კვლევებს, რომლებიც უკვე მიუთითებდნენ, რომ ნეანდერტალებს კომპლექსური ქცევითი მახასიათებლები ჰქონდათ, მაგალითად, ადამიანის მსგავსი ხმების გამოყოფისა და მათი მოსმენის უნარი, იარაღების წარმოების ტექნოლოგია, მიცვალებულის დაკრძალვის ჩვეულება.

არქეოლოგმა დირკ ლედერმა, თომას ტერბერგერმა და მათმა კოლეგებმა ირმის ძვალი ნახშირბადით დაათარიღეს და ის 51 000 წლის აღმოჩნდა. მიკროსკოპულმა ანალიზებმა და ექსპერიმენტულმა რეპლიკაციებმა კი მიუთითა, რომ დარბილების მიზნით ძვალი ჯერ მოუხარშავთ, შემდეგ კი მოუჩუქურთმებიათ.

ამ დრომდე, ნეანდერტალების ხელოვნების შესახებ მტკიცებულებები მინიმალისტურ მოტივებზე მიუთითებდა და შემოიფარგლებოდა კლდის ტრაფარეტებით ესპანეთის რამდენიმე მღვიმეში — ლა პასიეგაში, მალტრავიესოსა და არდალესში.

ახალი კვლევის ავტორთა აზრით, ინდივიდუალური ხაზების ზიგზაგურად მოჩუქურთმება და ის ფაქტი, რომ ეს გიგანტური ირემი (Megaloceros giganteus) იმ დროს იშვიათობა იყო ალპების ჩრდილოეთით, ამყარებს იდეას, რომ ჩუქურთმებს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და წარმოადგენს ნეანდერტალთა კონცეპტუალური წარმოსახვის მტკიცებულებას.

„ჩუქურთმების არქეოლოგიური აღმოჩენა იშვიათია და ზოგიერთ შემთხვევაში ბუნდოვანიც. არტისტული დეკორაციების მტკიცებულება უნდა მიუთითებდეს ობიექტების წარმოებას ან მოდიფიკაციას სიმბოლური მიზნებისთვის, რაც ნეანდერტალების კომპლექსურ კოგნიტურ შესაძლებლობებს სრულიად ახალ განზომილებას სძენს“, — ამბობს ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი სილვია ბელო.

მისივე განცხადებით, მასალის არჩევა, მოჩუქურთმებამდე მისი დამუშავება და გრავირებაში გამოყენებული ოსტატური ტექნიკა მიუთითებს ძვალზე მუშაობის დახვეწილ პრაქტიკასა ა დიდ უნარზე.

ამ კვლევის მთავარი კითხვა ახლა ის არის, ჰქონდათ თუ არა ამ ნეანდერტალებზე მოჩუქურთებული ძვლის წარმოებისას გავლენა მათ თანამედროვე, უძველეს ჰომო საპიენსებს.

დირკ ლედერის და მისი კოლეგების აზრით, ნეანდერტალებს არტეფაქტის დამოუკიდებლად, ჰომო საპიენსების გავლენის გარეშე წარმოების მანუალური და ინტელექტუალური უნარები ჰქონდათ.

თავიანთ ჰიპოთეზას ამყარებენ არქეოლოგიური მტკიცებულებით, რომელიც მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსი ცენტრალურ ევროპაში ამ მოჩუქურთმებული ძვლის დამზადებიდან რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ გამოჩნდა.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ მტკიცებულებას ნეანდერტალებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის 50 000 წლის წინ გენების გაცვლა-გამოცვლის შესახებ, ბელო ფიქრობს, რომ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამ ტიპის არტეფაქტების წარმოებაში, ჰომო საპიენსს გარკვეული გავლენა ჰქონოდა ნეანდერტალებზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ გენების გაცვლა-გამოცვლა საკმაოდ ადრეული პერიოდთ თარიღდება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება, ნეანდერტალებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის ადგილი ჰქონოდა ცოდნის მიმოცვლასაც“, — წერს ბელო.

კვლევა Nature Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.