40 000 წლის წინ დამარხული ბავშვის ძვლებმა მეცნიერებს ნეანდერტალთა დიდი ხნის საიდუმლო ამოახსნევინა — #1tvმეცნიერება
40 000 წლის წინ დამარხული ბავშვის ძვლებმა მეცნიერებს ნეანდერტალთა დიდი ხნის საიდუმლო ამოახსნევინა — #1tvმეცნიერება

არ ვიცით, ისი გოგონა იყო თუ ბიჭი, მაგრამ ეს უძველესი ნეანდერტალი ბავშვი დაახლოებით ორი წლის ასაკში უნდა მომკვდარიყო.

41 000 წლის წინანდელი ამ ბავშვის ნაშთები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სახელგანთქმულ არქეოლოგიურ ძეგლ ლა-ფერასიზე აღმოაჩინეს. წარსულში იქ რამდენიმე სხვა ნეანდერტალის ძვლებიც არის აღმოჩენილი, ამ ბავშვის ნეშტს კი ლა-ფერასი 8 უწოდეს.

უძველესი ნაშთები მე-20 საუკუნის სხვადასხვა წლებში აღმოაჩინეს და არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ გვამები წინასწარ განზრახულ სამარხებში იყო დაკრძალული, რადგან ეგონათ, რომ ნეანდერტალები ნათესავებს მიწაში მარხავდნენ.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე არქეოლოგიაში გაჩნდა ეჭვები იმის შესახებ, მართლაც ასე მარხავდნენ თუ არა ნეანდერტალები საკუთარ მიცვალებულებს თუ დაკრძალვის ასეთი პრაქტიკა მხოლოდ ჰომო-საპიენსებისთვის არის დამახასიათებელი.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაწილობრივ დამოკიდებულია არქეოლოგიურ ტექნიკაზე, რადგან მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების მიერ გამოყენებული ანტიკური მეთოდები მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებში ყოველთვის დარწმუნების საშუალებას არ იძლევა.

ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მკვლევრებმა ლა-ფერასი 8-ის ძვლების ხელახალი და ყოვლისმომცველი კვლევა ჩაატარეს. ჩონჩხი 1970-1973 წლებში აღმოაჩინეს და ამჟამად მუზეუმშია დაცული.

„ამ ჩონჩხის აღმოჩენა და კონტექსტი ზოგადად ცუდად არის დოკუმენტირებული და ამის მიზეზი ლა-ფერასის ძეგლზე აღმოჩენილი ნაშთების შესახებ ინფორმაციის მწირად დამუშავებაა გათხრების ფაზაში (1968–1973). ჩვენს კვლევამდე მონაცემთა უზარმაზარი ნაწილი შეუფასებელი იყო“, — წერენ მკვლევრები.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გადახედეს იმ დროს მომუშავე ჯგუფის ჩანაწერებსა და საველე დღიურებს და ანალიზები ჩაუტარეს ლა-ფერასი 8-ის ძვლებს. ლა-ფერასის გამოქვაბულში, იქ, სადაც ამ ბავშვის ძვლები აღმოაჩინეს, ასევე ჩაატარეს ახალი გათხრები ანალიზები.

მათი მრავალდისციპლინური მიდგომის შედეგები გვთავაზობს, რომ მიუხედავად წინა კვლევის არასტანდარტული ბუნებისა, მკვლევრები მაშინ მაინც სწორ დასკვნამდე არიან მისული — ბავშვი მართლაც დაკრძალული იყო.

„ანთროპოლოგიური, სივრცული, გეოქრონოლოგიური, ტაფონომიური და ბიომოლეკულური მონაცემების კომბინაციაზე ჩატარებული ანალიზები მიუთითებს, რომ ბავშვი მართლაც დაკრძალულია“, — განმარტავენ ავტორები.

მათივე განცხადებით, შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვი ძველ დანალექოვან ფენაში იყო მოთავსებული და მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალებმა განზრახ გათხარეს სტერილური დანალექები და ბავშვის ნეშტი მოათავსეს.

ასეთი დასკვნის შემდეგ, ჯგუფმა დაადასტურა, რომ ბავშვი სამარხში ანატომიურ პოზიციაში იყო მოთავსებული, თავი ტანზე მაღლა ჰქონდა აწეული, მიუხედავად იმისა, რომ მიწა სხვანაირი კუთხით იყო დახრილი.

გარდა ამისა, ძვლებს არ ემჩნევა რაიმე ცხოველის ნიშნები, რასაც ჯგუფი წინასწარ განზრახვით დაკრძალვის კიდევ ერთ ნიშნად მიიჩნევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიახლოვეს იპოვეს სხვადასხვა ცხოველის გამოფიტული ძვლები.

„ძვლებზე მტაცებელთა კვალის არარსებობა, სივრცის დარღვევის დაბალი ხარისხი, ფრაგმენტაცია და გამოფიტვა მიუთითებს, რომ გვამი მიწით მალევე დაუფარავთ“, — წერენ მკვლევრები.

როგორც ისინი აცხადებენ, ვერ იპოვეს რაიმე ბუნებრივი პროცესი, რომელიც ახსნიდა ბავშვის ნეშტისა და თანმხლები ელემენტების მოთავსებას სტერილურ ფენაში ისეთი დახრილობით, რომელიც არ ემთხვევა ამ ფენის გეოლოგიურ დახრილობას. მათივე თქმით, ბავშვის ნეშტი განზრახი მოათავსეს სტერილურ დანალექთა ფენაში გაკეთებულ თხრილში.

ეს არ გახლავთ ბოლო პერიოდში ჩატარებული არც პირველი და ალბათ არც უკანასკნელი პირველი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ნეანდერტალები საკუთარ მიცვალებულებს კრძალავდნენ.

ფრანგ მკვლევართა განცხადებით, აპირებენ, რომ ახალი სტანდარტებით შეისწავლონ იმავე მღვიმეში აღმოჩენილ ნეანდერტალთა სხვა ძვლებიც.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი