კორონავირუსის მწვავე შემთხვევების რისკი ნეანდერტალებისგან 60 000 წლის წინ მიღებულ გენებთან არის დაკავშირებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
კორონავირუსის მწვავე შემთხვევების რისკი ნეანდერტალებისგან 60 000 წლის წინ მიღებულ გენებთან არის დაკავშირებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დიდი ხნის წინ, სამხრეთ ევროპაში, თანამედროვე ადამიანები და ნეანდერტალები სულ მცირე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ბავშვები დაიბადნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორ სახეობას შორის ასეთი ურთიერთობა კარგად არის დადასტურებული მტკიცებულებებით, ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რამხელა გავლენა ექნებოდა ამას მსოფლიოზე 60 000 წლის შემდეგ.

ნეანდერტალები გადაშენდნენ, მაგრამ მათი დნმ-ის მონაკვეთი პოპულაციებში გავრცელდა, თაობიდან თაობას გადაეცა და დღემდე მოაღწია. სამხრეთ აზიის მოსახლეობის 50 პროცენტი და ევროპის მოსახლეობის 16 პროცენტი ახლა სწორედ მათ დნმ-ს ატარებს, რომელსაც ახლა მეცნიერები COVID-19-ის ყველაზე მძიმე ფორმებს უკავშირებენ.

„ახალი კვლევის მიხედვით, მათ, ვისაც ასეთი გენეტიკური მემკვიდრეობა აქვთ, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ფილტვების ვენტილაციის საჭიროების სამჯერ მაღალი ალბათობა აქვთ“, — განმარტავს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰუგო ციბერგი.

მეცნიერები აქტიურად ცდილობენ დაადგინონ, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ვირუს SARS-COV-2-ისადმი სხვებზე უფრო მოწყვლადი. მისგან გამოწვეულმა დაავადება COVID-19-მა უკვე მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყვლადობის დიდი წილი თანმხლები ქრონიკული დაავადებებით არის გამოწვეული, მაინც არის საკმაო რაოდენობის ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდები არიან და არც რაიმე სხვა დაავადება აღენიშნებათ, მაგრამ კორონავირუსი მწვავე რესპირატორულ პრობლემებს უქმნის მაშინ, როცა ასეთივე ჯანმრთელ სხვა ადამიანებს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

ციბერგმა და იაპონიის კუნძულ ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გენეტიკოსმა სვანტე პააბომ შეისწავლეს COVID-19-ის 3199 ჰოსპიტალიზებული პაციენტის მონაცემებს. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების მე-3 ქრომოსომაში გენების გარკვეული ვარიანტები უფრო ხშირად არის ერთად თავმოყრილი, ვიდრე ეს შემთხვევითი მუტაციების შედეგად იქნებოდა.

დნმ-ის ასეთი გრძელი მონაკვეთი, თითქმის ექვსი გენის სიგრძის და 49,4 ათასი წყვილური ფუძე ერთობლივად არის გადაცემული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ვარიაცია ადამიანის გენომში ერთობლივად შევიდა, ანუ მემკვიდრეობითია.

წინა კვლევის მიხედვით, გენების ეს რეგიონი დააკავშიებულია პაციენტებთან, რომლებსაც SARS-CoV-2-ის მიმართ მწვავე რეაქცია ჰქონდათ და ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.

ნეანდერტალებისგან მიღებული გენეტიკური ვარიანტების გადანაწილება მსოფლიოში

გამომდინარე აქედან, ციბერგმა და პააბომ ჩვენი გადაშენებული ნათესავების კვლევა დაიწყეს, რათა გაერკვიათ, საიდან მოდის გენების ეს მონაკვეთი. ასეთი სპეციფიკური გენური ვარიანტები მათ ვერ აღმოაჩინეს დენისოველი ადამიანების გენომში, მაგრამ რამდენიმე მათგანს მიაგნეს ციმბირში აღმოჩენილ ორი ნეანდერტალში. ყველაზე მეტი ასეთი გენი ხორვატიაში აღმოჩენილ ნეანდერტალს გამოუვლინდა.

„შედეგები ამ ნეანდერტალს შეესაბამება და ახლოს არის იმ ნეანდერტალთა უმეტესობასთან, რომელთა დნმ-საც დღევანდელი ადამიანები ატარებენ“, — წერენ მკვლევრები.

ციბერგისა და პააბოს გაანგარიშებით, ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ გენების ეს კომბინაცია ადამიანებისა და ნეანდერტალების საერთო წინაპრიდან მოდიოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩვენში მაშინ შემოვიდა, როცა ჩვენი ორი სახეობა შეჯვარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ზრდის მწვავე ავადმყოფობის რისკს მე-3 ქრომოსომის ეს მონაკვეთი, მაგრამ მეცნიერები ამ საკითხსაც იკვლევენ.

მკვლევართა ჯგუფი ეჭვობს, რომ წარსულში ეს გენები ადამიანთა ნაწილს უპირატესობას ანიჭებდა სავარაუდოდ სხვა პათოგენის წინააღმდეგ. როგორც ერთ-ერთი წინა კვლევა მიუთითებს, ნეანდერტალის დნმ შეიძლება მათ გარკვეული უძველესი ვირუსებისგან იცავდა.

ამან კი შეიძლება ახსნას, რატომ არის მე-3 ქრომოსომის ეს უიღბლო ვარიანტი ასე ფართოდ გავრცელებული ზოგიერთ პოპულაციაში, მაგალითად, ბანგლადეშში, სადაც ის ადამიანთა 63 პროცენტს აქვს, მაგრამ თითქმის არ გვხვდება აფრიკაში.

ამას გარდა, ამ გენის ასეთმა გადანაწილებამ შეიძლება ისიც ახსნას, რატომ არის გაერთიანებულ სამეფოში ბანგლადეშური წარმომავლობის ადამიანთა COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ მაღალი დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით.

„გასაოცარია, რომ ნეანდერტალებისგან გადმოცემულ გენეტიკურ მემკვიდრეობას ასეთი ტრაგიკული შედეგები მოჰყვა ამჟამინდელი პანდემიისას“, — ამბობს პააბო.

გასულ კვირაში მკვლევართა სხვა ჯგუფმა გამოავლინა პოტენციური იმუნური მექანიზმი, რომელსაც ასევე წვლილი შეაქვს კორონავირუსის მწვავე შემთხვევებში.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ფაზლის გენეტიკური ნაჭრები ასე ერთად იყრის თავს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს გარემოს ფაქტორიც, უპირველესად ვირუსის გადადების თვალსაზრისით; ამის კონტროლი კი დღეს ყველას შეგვიძლია, თუნდაც ელემენტარული ჰიგიენის დაცვით.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი