კენიის ერთ-ერთ მღვიმეში აფრიკაში ადამიანის განზრახ დამარხვის უძველესი შემთხვევა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
კენიის ერთ-ერთ მღვიმეში აფრიკაში ადამიანის განზრახ დამარხვის უძველესი შემთხვევა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 78 000 წლის წინ, თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე სამი წლის ბავშვი დაიღუპა.

ისტორია სავსეა მკვდარი ადამიანებითა და ყველა ასაკის ადამიანთა წინაპრებით — სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას ხვედრია, მაგრამ ეს ბავშვი განსაკუთრებული იყო. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ბიჭი ან გოგო სათუთად ჩაასვენეს წინასწარ განზრახ მომზადებულ საფლავში, პანგა-ია-საიდის მღვიმის შესასვლელში.

შედეგად, ეს ბავშვი, რომელსაც არქეოლოგებმა მტოტო უწოდეს (სუაჰილის ენაზე ნიშნავს „ბავშვს“), წარმოადგენს აფრიკაში თანამედროვე ადამიანთა (ჰომო საპიენსი) მიერ თანამოძმის მიზანმიმართულად დამარხულ უძველეს ნიმუშს.

„როგორც კი პანგა-ია-საიდის ვეწვიეთ, უკვე ვიცოდით, რომ ეს მღვიმე განსაკუთრებული იყო“, — ამბობს მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერების ინსტიტუტის არქეოლოგი ნიკოლ ბუავენი.

მისივე განცხადებით, ძეგლი ნამდვილად გამორჩეულია. პანგა-ია-საიდიზე მიმდინარე გათხრებმა ის აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს უმნიშვნელოვანეს ძეგლად აქცია, რადგან ინახავს ცნობებს ადამიანთა 78 000 წლის წინანდელი კულტურული, ტექნოლოგიური და სიმბოლური საქმიანობების შესახებ.

ბავშვის ნაშთები პირველად 2013 წელს აღმოაჩინეს, მღვიმის ამჟამინდელი ძირიდან 3 მეტრის სიღრმეში, თხრილის მსგავს წარმონაქმნში, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის დამარხული იყო. პატარა, სუსტი ძვლები იმდენად მყიფე და დაშლილი იყო, რომ მაშინვე გათხრა ვერ მოხერხდა.

ძვლები 2017 წელს ამოიღეს და ესპანეთის ადამიანის ევოლუციის ეროვნული კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში წაიღეს დეტალური ანალიზებისთვის.

მტოტო ამდენ ცდად ნამდვილად ღირდა.

„თანდათან ჩვენ წინაშე გაჩნდა თავის ქალისა და სახის ნაწილები, ქვედა ყბა კბილებით, რომელთაგან ბევრი ჯერ ამოუსვლელი იყო“, — ამბობს არქეოლოგი მარია მარტინონ-ტორესი.

მისივე თქმით, საოცრად კარგად იყო შემონახული ხერხემლის მალები და ნეკნებიც, გულ-მკერდის ძვლებთან აღენიშნებოდა გამრუდება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სამარხი მთელი ამ დროის განმავლობაში დაურღვეველი იყო და ნეშტი სწორედ იმ ორმოში იყო გახრწნილი, სადაც ძვლები აღმოაჩინეს.

ანალიზებისას აღმოჩენილი ორი კბილის საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა ბავშვის ასაკი განსაზღვრა, ძვლებისა და მიმდებარე დანალექების მიკროსკოპულმა და ქიმიურმა შემოწმებამ კი უფრო მეტი დეტალი გამოავლინა.

მტოტო ხვრელში ჩაუსვენებიათ და მღვიმის ძირზე არსებული დანალექებით დაუფარავთ. ის ფაქტი, რომ გვამი სწორედ ამ ხვრელშია გახრწნილი, ნიშნავს, რომ ბავშვი სიკვდილიდან მალევე დაუმარხავთ.

ძვლების პოზიცია მიუთითებს, რომ მტოტო მარჯვენა მხარზე დაწოლილი დაუმარხავთ, მკერდზე მუხლებმიდებული, სუდარაში მჭიდროდ გახვეული. ვინაიდან მისი სუდარის კვალი შემორჩენილი არ არის, ის ხრწნადი მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული.

მტოტო სიკვდილის შემდეგი დისლოკაცია კი იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის ასევე ხრწნადი მასალისგან დამზადებული ერთგვარი ქვეშაგი ან ბალიში ამოუდიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამგლოვიარო ცერემონია უშუალოდ დაკრძალვის ადგილას მომხდარა.

მიზანმიმართულად დაკრძალვის ნიშნები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც არის აღმოჩენილი, 800 000 წლის წინანდელიც კი, მაგრამ მათი უმეტესობა ჰომოს სხვა გვარებს ეკუთვნის, მაგალითად, Homo antecessor-ს, Homo naledi-ს და Homo neanderthalis-ს.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვეხმარება გავიგოთ, როგორ უყურებდნენ ადრეული ჰომო საპიენსები სიკვდილს — ჩვეულებები, რომლებიც უკავშირდება სოციალურ ორგანიზებას, სპირიტუალურ და სიმბოლურ რწმენებსა და ქცევებს, ტექნოლოგიებსა და საზოგადოების პრიორიტეტებს.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ბორდერის მღვიმეში აღმოჩენილი 74 000 წლის წინანდელი ჰომო საპიენსი ბავშვის სამარხი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ პატარა ბავშვების სიკვდილს განსაკუთრებულად უდგებოდნენ; თუმცა, მხოლოდ ორი ასეთი სამარხის საფუძველზე რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია.

გარდა ამისა, მტოტო აღმოაჩინეს არქეოლოგიურ ფენებში, რომლებიც ასევე შეიცავს ქვის იარაღებს. აქამდე უცნობი იყო, ჰომოს რომელი გვარი იყენებდა ამ იარაღებს.

ამგვარად, მტოტოს სამარხი და მისი მსგავსება ჰომო საპიენსის სხვა, წარსულში ნაპოვნ სამარხებთან, იმაზე მიუთითებს, რომ კულტურული ჩვეულებები და არტეფაქტები შეიძლება ასე აშკარად გამოკვეთილი არ იყო სახეობებს შორის.

„მიცვალებულის დაკრძალვა კულტურული ჩვეულებაა, რომელიც როგორც ჰომო საპიენსებს, ისე ნეანდერტალებსაც ახასიათებდათ“, — ამბობს მაქს პლანკის ინსტიტუტის არქეოლოგი მაიკლ პეტრაგლია.

მისივე განცხადებით, ეს აღმოჩენა აჩენს კითხვებს დაკრძალვის ჩვეულების წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ ადამიანის ორ ახლო ნათესავ სახეობას შორის; ასევე ჩნდება კითხვა, თუ რამდენად განსხვავდებოდა ჩვენი ქცევები და ემოციები ერთმანეთისგან.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.