სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილია დაკარგული ზონა, რომელიც ადრეული ადამიანებისთვის ნამდვილი სამოთხე უნდა ყოფილიყო
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილია დაკარგული ზონა, რომელიც ადრეული ადამიანებისთვის ნამდვილი სამოთხე უნდა ყოფილიყო

ახალი კვლევა დეტალურად აღწერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილში დამალულ ეკოსისტემას, რომელიც ერთ დროს ცხოველებისა და ადამიანებისთვის ნამდვილ „სამოთხეს“ წარმოადგენდა.

პალეო-აგულიასის ვაკე, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე ოკეანეშია ჩაძირული, გამყინვარების პერიოდში შესაძლოა, მდიდარი საცხოვრებელი გარემო იყო ყველა სახის ცხოველისთვის, როდესაც სანაპირო წყლებმა უკან დაიხია და აფრიკის კონტინენტის სამხრეთ წვერთან მოაშიშვლა თავთხელი კონტინენტური შელფი.

ლანდშაფტის შესწავლით ჩნდება უძველესი მტკიცებულებები ადრეულ ადამიანთა შესახებ, მათ შორის მღვიმეებში, როგორებიცაა თუნდაც პინაკლ-პოინტის კონცხზე.

დღეს ამ კლდეების ადგილას სანაპირო მღვიმეებია, მაგრამ შორეულ წარსულში, ეს ადგილები გადაჰყურებდა მდინარეებით დატოტვილ ვრცელ ვაკეებს.

„გამყინვარების ციკლებში, ეს სანაპირო შელფი მოშიშვლდა. მღვიმეების წინ გადაშლილი უნდა ყოფილიყო დიდი ხმელეთი. ჩვენი აზრით, ადამიანები და მტაცებლები მოშიშვლებული შელფის დასავლეთით და აღმოსავლეთით მიგრაციისას ცხოველებზე ერთად ნადირობდნენ“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯემი ჰოჯკინსი.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, ჰოჯკინსმა და მისმა ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა უძველესი ბალახისმჭამელი ანტილოპების კბილებს; ეს ცხოველები ამ ადგილას დაახლოებით 150 000 წლის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერები კბილის ემალში ეძებდნენ ნახშირბადისა და ჟანგბადის იზოტოპთა ნიშნებს, რაც ცხოველთა მოგზაურობის ხასიათის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს.

მეცნიერებმა უკვე იციან, რომ სეზონური წვიმები გავლენას ახდენს ამ რეგიონის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში გავრცელებულ მცენარეთა ტიპებზე; ცხოველთა კვების რაციონში ამ მცენარეების არსებობის დადგენა შესაძლებელია ისეთი მოლეკულური იზოტოპების ანალიზით, როგორებიცაა ნახშირბად-13 და ჟანგბადი-18; ეს უკანასკნელი სხვადასხვანაირად ჩნდება ზაფხულისა და ზამთრის ნალექებისას.

ჰიპოთეტურად, ცხოველთა კბილის ემალში იზოტოპთა სხვადასხვა პროპორციების აღმოჩენა (იზოტოპური ხელწერის, სახელად δ13C-ის საშუალებით) უნდა მიუთითებდეს ანტილოპების მიგრაციის განფენილობაზე, რეგიონებს შორის მოძრაობაზე სეზონების ცვლილების კვალდაკვალ. თუმცა, მკვლევრებმა სულ სხვა რამე იპოვეს.

ჩლიქოსნების 39 სახეობის, მათ შორის ძროხისებრი ანტილოპას, გნუსა და სპრინგბოკის კბილების შედარებისას, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, იზოტოპთა ხელწერა არ იცვლება მიგრირებად და არამიგრირებად ცხოველებს შორის, მაგალითად, ძუძუმწოვართა გვარ რედუნკების შემთხვევაში, რომელიც კვლევაში საკონტროლო ჯგუფის როლს ასრულებდა.

„საერთო ჯამში, δ13C-ით მიღებული შედეგები მხარს არ უჭერს ეკოსისტემის მოდელს, რომელშიც ბალახისმჭამელთა უმეტესობა დიდ მანძილზე მიგრირდებოდა, რაც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პალეო-აგულიასის ვაკის აღმოსავლეთ-დასავლეთ მიგრაციის სისტემასთან“, — წერენ მკვლევრები.

მსგავსი აღმოჩენა გაკეთდა წინა კვლევის დროსაც, რასაც ჰოჯკინსი და მისი ჯგუფი მიჰყავს დასკვნამდე, რომ ოკეანისგან მოშიშვლებულ პალეო-აგულიის ვაკის გარემო პირობები იმდენად სავსე და ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რომ იქიდან წასვლა მიგრირებად ცხოველებსაც კი არ სურდათ.

„პინაკლ-პოინტის კონცხთან ისინი თავს მშვენივრად გრძნობდნენ. ახლა უკვე ვიცით, რომ სანაპიროზე გაშლილ მდინარეთა მძლავრი სისტემების გამო, ეს ცხოველები მიგრირებადი ვერ იქნებოდნენ. ეს იყო რესურსებით მდიდარი, დიდებული ადგილ“, — ამბობს ჰოჯკინსი.

როგორც ჩანს, ეს სანაპირო თავშესაფარი გულუხვი მხოლოდ ჩლიქოსნებისთვის როდი იყო. ამავე ხელსაყრელ გარემოს უნდა მიეზიდა სხვადასხვა სახეობის უამრავი ცხოველი, რის გამოც, პლეისტოცენის ხანაში ეს ზონა დიდებული ადგილი უნდა ყოფილიყო სანადიროდ ადრეულ ადამიანთათვის, მიუხედავად იმისა, როგორ ცვლიდან გამყინვარების ციკლები სანაპირო ხაზს ათასწლეულების განმავლობაში.

„ინტერგლაციალებში, ანუ გამყინვარებათშორის ეპოქაში, როდესაც სანაპირო მღვიმეებთან ახლოს მიდიოდა, ადამიანებს ჰქონდათ მოლუსკები და ზღვის სხვა რესურსები, ხოლო როდესაც გამყინვარების დროს სანაპირო უკან იხევდა, მონადირეებს ხელი მიუწვდებოდათ მდიდარ, სახმელეთო გარემოზე. მონადირეებს შორს წასვლა აღარ სჭირდებოდათ, რადგან ირგვლივ უამრავი ბალახისმჭამელი დაეხეტებოდა“, — ამბობს ჰოჯკინსი.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც ამავე ჯგუფის რამდენიმე წევრიც იყო ჩართული, ცოტა ხნის წინ იპოვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ამ ზონაში ადამიანები თავს მშვენივრად გრძნობდნენ სუპერვულკან ტობას ამოფრქვევის დროსაც კი, დაახლოებით 74 000 წლის წინ.

ეს კი შეუძლებელი იქნებოდა ამ სანაპირო სამოთხის უხვი რესურსების გარეშე, რამაც ადამიანებს ვულკანური ზამთრის საშინელი შედეგების დაძლევის საშუალებაც კი მისცა.

მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბოლომდე არ ვიცით პალეო-აგულიასის ვაკისა და ამ დიდი ხნის წინ შთანთქმული ლანდშაფტის უძველესი გარემოს შესახებ, მაგრამ ამ მომენტში მეცნიერები მის შესახებ წარმოუდგენლად ბევრ რამეს სწავლობენ.

ჰოჯკინსის კვლევა ახალი კოლექციის ნაწილია, რომელიც თავს უყრის ამ უძველესი სამოთხის შესახებ ჩატარებულ 22 კვლევას; საერთო ჯამში კი ისინი გვეხმარებიან ჩავწვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვრცელი პრეისტორიული ეკოსისტემა პლეისტოცენში სიცოცხლის გაფურჩქვნისთვის.

პროექტის უფროსი მკვლევრის, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგ კურტის მარინის განცხადებით, მოშიშვლების დროს, პალეო-აგულიასის ვაკე „სამხრეთის სერენგეტი“ იყო და წარმოადგენდა პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს სანაპირო ზოლს.

მისივე თქმით, არქეოლოგიური მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ხმელეთისა და ზღვის საკვებზე ხელმისაწვდომობის ასეთმა შერწყმამ საფუძველი დაუდო კომპლექსურ კულტურებს და ადამიანებს უსაფრთხოდ გადაატანინა გამყინვარების ციკლები, რა დროსაც პლანეტის დიდი ნაწილი ადამიანთა სიცოცხლისთვის დიდწილად შეუფერებელი იყო.

კვლევა ჟურნალ Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია asunow.asu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.