აღმოჩენილია 7000 წლის წინ აშენებული ქვის კედელი, რომელიც ზღვის დონის მატების საზარელ ამბავს გვიყვება
აღმოჩენილია 7000 წლის წინ აშენებული ქვის კედელი, რომელიც ზღვის დონის მატების საზარელ ამბავს გვიყვება

შვიდი ათასი წლის წინ, გაცილებით ადრე, ვიდრე თანამედროვე მრეწველობა პლანეტის გათბობას დაიწყებდა, ზღვის დონის აწევამ დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ისრაელის სანაპიროზე მცხოვრები საზოგადოება. საჭირო იყო საკუთარი სახლების დაცვა და შესაბამისად, ხალხმა კედლის მშენებლობა დაიწყო.

მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ხალხმა სოფელი მიატოვა. ხმელთაშუა ზღვა შიგნით მაინც შეიჭრა და შენობები წყალქვეშ მოაქცია.

თუმცა, ზღვამ მის მიერვე დანგრეული კარგად დაიცვა. ცივმა წყალმა და ერთი მეტრის სისქის ქვიშის ფენამ დღემდე შემოგვინახა ნეოლითური ხანის ადამიანთა პირადი ქონება, მათ შორის ზეთისხილის ორმოები, ჯამები, ცხოველთა ძვლები თუ სამარხები. გამოჩნდა კედელიც — ზღვის უძველეს სანაპიროს გასწვრივ, 100 მეტრ სიგრძეზე გავლებული ლოდების წყება.

ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის საზღვაო არქეოლოგის, ჯონათან ბენჯამინის განცხადებით, ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი ზღვის კედელი; პირველი მტკიცებულება ძალიან აქტუალური პრობლემისა, რომელმაც დღესაც მთელი სისასტიკით იჩინა თავი. თუმცა, ზღვის დონის მატების წყარო მაშინ და დღეს სრულიად სხვადასხვაა; მაშინ ამის მიზეზი ბუნებრივი იყო, გამყინვარების ხანის დასრულება, დღეს კი ეს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობაა.

ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ბენჯამინი და სხვა თანაავტორები აცხადებენ, რომ ეს გახლავთ ჩვენთვის ცნობილი უძველესი სანაპირო თავდაცვითი საშუალება მსოფლიოში.

ამ დასახლებას თელ-ჰრეიზს უწოდებენ და 1960-იან წლებში შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა ჩაძირული გემების ძებნისას მყვინთავებმა კაჟის იარაღები და ადამიანის ძვლები იპოვეს. ძეგლის უმეტესობა ზღვაში 3-4 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული.

აღმოჩენის შემდეგ ამ ადგილს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ 2012 წელს ზამთრის შტორმებმა ქვიშის საფარი გადასწია და ლოდებისგან გავლებული ხაზი გამოაჩინა. დამატებითი ქვები გამოააშკარავა 2015 წლის შტორმმაც.

 

ბენჯამინი და ჰაიფას უნივერსიტეტის საზღვაო არქეოლოგი ეჰუდ გალილი ამბობენ, რომ მათ შორის ცხარე კამათი მიმდინარეობდა ამ კედლის რამდენიმე შესაძლო ახსნის შესახებ. განიხილავდნენ, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვისთვის აგებული კედელი, დამბა ან მარადიორებისგან დამცავი ნაგებობა.

თუმცა, როგორც გალილი აღნიშნავს, იმ დროს ზღვის მხრიდან მტერს ნამდვილად არ ელოდნენ. გარდა ამისა, ეს ხალხი ცხოველთა სადგომებისთვის ხის ტოტებს იყენებდა და არა ქვებს. ქვების უჩვეულო განლაგება და ზომა მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდა — ზღვისგან დაცვაზე.

იუტის უნივერსიტეტის გეოლოგიის ასოცირებული პროფესორის, მარი ჯეკსონის განცხადებით, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ეს ხალხი მიხვდა, რომ ზღვის სანაპიროზე უზარმაზარი ლოდების მწკრივი უნდა გაევლოთ და არა პატარა ქვების. ისინი ნათლად აცნობიერებდნენ ამ კედლის საჭიროებას.

დაარსების დროს, თელ-ჰრეიზი ზღვის დონიდან 2,5 მეტრის სიმაღლეზე უნდა ყოფილიყო. იქ მცხოვრები ადამიანები აგრარულ საზოგადოებას მიეკუთვნებოდნენ. ზრდიდნენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ნადირობდნენ ირმებზე, უვლიდნენ ძაღლებსა და ღორებს. ძეგლზე მიმოფანტული ზეთისხილის ასობით ორმო კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხალხმა იცოდა ამ ხილისგან ზეთის გამოხდაც.

ნახშირის, ხის ნაჭრებისა, ცხოველთა ძვლებისა და ადამიანთა ნაშთების რადიონახშირბადული დათარიღება მიუთითებს, რომ სოფელი რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ყვაოდა. გალილის თქმით, იქ ცხოვრობდა დაახლოებით 10-20 ოჯახი. ეს სოფელი ამ ნეოლითური საზოგადოების სულ მცირე 10 თაობის სამშობლო უნდა ყოფილიყო.

ბენჯამინი დარწმუნებულია, რომ ამ ხალხს ეს ადგილი ძირძველ სამშობლოდ მიაჩნდა და მისი დაცვის საჭიროებას ხედავდა.

თელ-ჰრეიზის მცხოვრებლებს არაფერი უნდა სცოდნოდათ, რომ მიმდინარეობდა ზღვის დონის მატება, რომელიც უკანასკნელ გეოლოგიურ მაქსიმუმს მოჰყვა. დაახლოებით 20 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების პიკში, დედამიწის პოლუსებზე თავი მოიყარა უზარმაზარი ოდენობის ყინულმა. მათი დნობის კვალდაკვალ, მაღლა იწევდა ოკეანის დონე.

ზამთრის შტორმების დროს, ისრაელის სანაპიროს მაღალი ტალღები აწყდება. კვლევის ავტორთა განცხადებით, 9000-7000 წლის წინ, ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე ზღვის დონე წელიწადში 4 მილიმეტრით იზრდებოდა. ზამთრის ტალღები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა.

ეს ტალღები საკმაოდ დიდი საფრთხე უნდა ყოფილიყო თელ-ჰეიზის სახლებისთვის, რომლებიც უბრალოდ ქვებით, კირხსნარის გარეშე იყო აგებული. თანდათანობით, ეს საფრთხე უნდა აჩქარებულიყო.

ზღვის კედლის ასაშენებლად საჭირო ლოდები ახლომახლოს არსად იყო. Არ ჩანს არც საბადოდან მოპოვების ნიშნები. ქვების მომრგვალებულ კიდეებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ისინი მდინარის მიერ არის გამორეცხილი. უახლოესი მდინარე კი, რომელიც ასეთ ქვებს შეიცავს, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიედინება.

ჯეკსონმა, რომელიც ძველ რომაელთა მიერ აგებული საზღვაო არქიტექტურის ექსპერტია, შეისწავლა თელ-რეიზიდან 50 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ქალაქ კესარიას საპორტო სტრუქტურები.

გამომდინარე იქიდან, რომ კესარია ათასობით წლის შემდეგ არის აშენებული სხვადასხვა მასალების გამოყენებით, ჯეკსონი აღნიშნავს, რომ ამ საზოგადოებებში შეინიშნება „მშენებლობის საერთო ხასიათი“ — ზღვისგან დამცავი მშენებლობის სული. კესარიას ნავსადგურის ასაშენებლად, რომაელებმა 15 000 – 20 000 კგ პემზის ქვა მოიტანეს.

ასეთივე უზარმაზარი ძალისხმევა უნდა დასჭირვებოდა კედლის მშენებლობას თელ-ჰრეიზში. ჯეკსონის თქმით, ამ ლოდების წონა უზარმაზარია და მიუთითებს მშენებლების განზრახვაზე, რომ აეგოთ კედელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა გამოსადეგი.

როგორც გალილი აღნიშნავს, კედლის მშენებლობა საზოგადოების გადაწყვეტილება და კოლექტიური ძალისხმევა იყო. 1000 კგ-ზე მეტი წონის ქვები ადამიანთა ჯგუფებს უნდა გადაეტანა ან პირუტყვის ძალით უნდა გადაეთრიათ.

ზღვის დონის აწევის ამჟამინდელი მაჩვენებლით, 2100 წლისთვის ოკეანის სიმაღლე 65 სანტიმეტრით მოიმატებს. ზოგიერთ ადგილას კი, მაგალითად მაიამიში, სადაც 2006 წელს ზღვის დონე წელიწადში 9 მილიმეტრით იმატებდა, ეს მაჩვენებელი შეიძლება ორმაგი იყოს, როგორც შორეულ წარსულში თელ-ჰრეიზში.

„ისინი ზღვისგან დაცვას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ და მშობლიური სოფელი მიატოვეს. ფრიად გამოსაფხიზლებელი გაკვეთილია ჩვენი შორეული წარსულიდან“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის საზღვაო არქეოლოგი ჯონათან ბენჯამინი.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.