ბულგარეთის ერთ-ერთ მღვიმეში თანამედროვე ადამიანთა ევროპაში უძველესი ძვლები აღმოაჩინეს
ბულგარეთის ერთ-ერთ მღვიმეში თანამედროვე ადამიანთა ევროპაში უძველესი ძვლები აღმოაჩინეს

ბულგარეთის ერთ-ერთ მღვიმეში ჰომო საპიენსის უძველესი ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც ყველაზე ძველია ევროპაში ამ დრომდე ნაპოვნთა შორის. ახალი კვლევის მიხედვით, ხელთ გვაქვს ევროპის კონტინენტზე ჩვენი სახეობის გამოჩენის უძველესი მტკიცებულება.

ევროპაში თანამედროვე ადამიანთა გამოჩენის და გავრცელების ქრონოლოგიის რეკონსტრუქცია მკვლევართათვის საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს ამისათვის საკმარისი ნამარხები.

თანამედროვე ადამიანთა გამოჩენამ ევროპაში დაასრულა მანამდე იქ მყოფ ადგილობრივ ნეანდერტალთა არსებობა, რადგან მომდევნო რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში, ჩვენ ისინი თანდათან ჩავანაცვლეთ.

ამჯერად, ხელთ გვაქვს ზედა პალეოლითის საწყისში მომხდარი ამ იდუმალებით მოცული გარდამავალი პერიოდის მკაფიო ქრონოლოგია; ეს კი მოხერხდა ცენტრალურ ბულგარეთში, ბალკანეთის მთებში მდებარე ბაჩო-კიროს მღვიმეში ჰომო საპიენსის ნარჩენებისა და სხვა არტეფაქტების აღმოჩენითა და დათარიღებით.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ბაჩო-კიროს მღვიმე მდიდარია პალეოლითის ხანის ნამარხებით. მეოცე საუკუნეში, ძირითადად კი 1970-იან წლებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ადამიანთა ფრაგმენტული ნაშთები, რომლებიც შემდეგში დაიკარგა.

2015 წელს მღვიმეში ხელახალი გათხრები დაიწყო. არქეოლოგებმა მიაგნეს დანალექოვან ფენას, რომელიც შეიცავდა ჩვენი მიგრანტი წინაპრების სავარაუდოდ უძველეს ნაშთებს მთელ ევროპაში აღმოჩენილთა შორის. ოჯახური მსგავსებები ძალიან ადვილად შესამჩნევი იყო.

„პლეისტოცენის პერიოდის ძვლების უმეტესობა იმდენად დანაწევრებულია, რომ ერთი შეხედვით ვერავინ იტყვის, ცხოველის რომელ სახეობას მიეკუთვნება ისინი“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ადამიანის ევოლუციის მკვლევარი ფრიდო ველკერი.

აღმოჩენილ ადამიანის ნაშთებს შორის, ფიზიკური შეფასებით მხოლოდ ერთ კბილზე ითქმოდა, რომ ის თანამედროვე ადამიანს ეკუთვნის.

თუმცა, მასსპექტრომეტრიის მეთოდის, სახელად ZooMS-ის გამოყენებით, მკვლევრებმა ასობით არაიდენტიფიცირებულ ძვალსა და კბილის ფრაგმენტებში ჰომო საპიენსთან საერთო ცილის თანმიმდევრობათა პოვნა სცადეს; შედეგად, გამოვლინდა ზედა პალეოლითის საწყისი პერიოდის ხუთი ნიმუში.

რადიონახშირბადული დათარიღებისა და მიტოქონდრიული დნმ-ის სეკვენირების მეთოდების კომბინაციის გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ უძველესმა ადამიანებმა ეს მღვიმე დაახლოებით 45 820 – 43 650 წლის წინ დაიკავეს, ზოგიერთი ნამარხი კი სავარაუდოდ 46 940 წლის წინანდელია.

„გამომდინარე აქედან, ეს ძვლები წარმოადგენს ზედა პალეოლითის ჰომინინების უძველეს ნაშთებს ევროპაში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის“, — განმარტავენ მკვლევრები ორიდან ერთ-ერთ კვლევაში.

გარდა ადამიანთა ნაშთებისა, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ძალიან ბევრი ქვის იარაღი, 23 სხვადასხვა სახეობის ცხოველის ძვლების არტეფაქტები, მათ შორის, მღვიმის დათვების კბილებისგან დამზადებული ყელსაბამები, რომელთა დიზაინიც წააგავს უფრო გვიანდელ პერიოდში ნეანდერტალთა მიერ დამზადებულ არტეფაქტებისას.

მკვლევართა განცხადებით, სავარაუდოა, რომ ნეანდერტალებსა და ჰომო საპიენსებს შორის ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარე ურთიერთქმედებებმა ნეანდერტალებზე ჩვენმა წინაპრებმა გავლენა მოახდინეს, რამაც მათ ჰომო საპიენსების ტექნოლოგიებისა და ნაკეთობების ათვისების შთაგონება მისცა.

„როგორიც არ უნდა ყოფილიყო უკანასკნელ ნეანდერტალთა კოგნიტური კომპლექსურობა, ბაჩო-კიროს მღვიმეში აღმოჩენილი მასალები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ნეანდერტალთა დაღმავალ პოპულაციებში შემჩნეული სპეციფიკური ქცევითი სიახლეები მიგრანტ ჰომო საპიენსებთან კონტაქტის შედეგია“, — წერენ კვლევის ავტორები.

მკვლევართა ნაწილი შეიძლება ამ ჰიპოთეზას არ ეთანხმება, მაგრამ აშკარაა, რომ აღმოჩენები მთლიანობაში, ისევე როგორც დათარიღების ახალი მეთოდები, უფრო სრულ სურათს გვიხატავს, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს პრეისტორიული გარდამტეხი წერტილი.

კვლევები ჟურნალ Nature-სა და Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.