აღმოჩენილია ძაღლის ყველაზე ძველი დნმ, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენი მეგობრობა იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე გვეგონა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ძაღლის ყველაზე ძველი დნმ, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენი მეგობრობა იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე გვეგონა — #1tvმეცნიერება

ამ დრომდე აღმოჩენილი ძაღლის უძველესი დნმ მიუთითებს, რომ დაახლოებით 16 000 წელიწადია, რაც არსებები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან — 5000 წლით უფრო მეტი, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები დღეს ყველგან არიან — სახლებში, ეზოებში, ადამიანთა გულებში, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი მათი წარმომავლობის შესახებ.

„უბრალოდ საინტერესო საიდუმლოა. ყველაზე დიდი ალბათობით, ძაღლები რუხი მგლის ორი ტიპის ნარევი არიან“, — ამბობს შვედი გენეტიკოსი, ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მკვლევარი პონტუს სკოგლანდი.

თუმცა, ურთულესი დასადგენი აღმოჩნდა, ზუსტად როდის გამოეყვნენ ძაღლები მგლებს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძნელია მათი უძველესი ძვლების გამორჩევა.

სწორედ ამიტომ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ორი ახალი კვლევის ავტორებმა არქეოლოგიური ნაშთების გენომები გაშიფრეს (სეკვენირება) და ნათელი მოჰფინეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების წარმომავლობას.

პირველმა კვლევამ დაადგინა, რომ მსოფლიოში უძველესი ძაღლის დნმ თავის ქალის ნაშთში აღმოაჩინეს თურქეთში, პინარბასში.

ძუ ლეკვი სადაც 15 800 წლის წინ ცხოვრობდა, დაახლოებით რამდენიმე თვის იყო და სავარაუდოდ პატარა მგელს ჰგავდა.

ამ აღმოჩენამდე, ჩვენთვის ცნობილი ძაღლის უძველესი დნმ 10 900 წლის იყო.

ეს რეკორდი მოხსნა ჯგუფის მიერ სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში არსებულმა 14 300 წლის წინანდელმა გენეტიკურმა მტკიცებულებამაც, რომელიც ცხადყოფს, როგორ გავრცელდნენ ადრეული ძაღლები ევროპის მასშტაბით.

კვლევის თანაავტორი, მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერი ლორენტ ფრანცი ამბობს, რომ მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, რა როლი ჰქონდათ ამ ძაღლებს ადამიანებისთვის ბოლო გამყინვარების ხანაში.

„მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ისინი რაღაც როლს ასრულებდნენ, რადგან მათი კვება ძვირი იქნებოდა“, — ამბობს მკვლევარი.

მისი აზრით, ძაღლებს შეიძლება სანადიროდ ან თავდაცვისთვის იყენებდნენ.

შეიძლება ამ ძაღლებს ისე არ უვლიდნენ, როგორც დღეს, მაგრამ სავარაუდოდ არსებობდა ძლიერი კავშირი. როგორც ფრანცი აღნიშნავს, ბავშვები ლეკვებთან აუცილებლად ითამაშებდნენ.

ადამიანებთან კავშირის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ პინარბასიში ლეკვები ადამიანის საფლავის თავზე იყვნენ დამარხული.

სხვა კვლევაში, მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა ევროპაში აღმოჩენილი ძაღლისა და მგლის ნაშთების 216 გენომი შეადარა ერთმანეთს.

შედეგად, დაადგინეს, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ძაღლები კონტინენტზე.

დაახლოებით 10 000 წლის წინ, სამხრეთ-დასავლეთ აზიიდან ევროპის მიმართულებით ხალხთა უზარმაზარი მიგრაცია დაიწყო; ამას ნეოლითური აგრარული რევოლუცია ეწოდება.

ფერმერების მასობრივმა მოსვლამ განაპირობა ადამიანის გენეტიკის შერევა, რადგან ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონის ხალხი შეხვდა და ბავშვებიც გააჩინეს.

თუმცა, მკვლევრები გაოცებული დარჩნენ, როცა დაადგინეს, რომ ასეთი გენეტიკური შერევა იმავე დროს არ მოხდა ძაღლების შემთხვევაში.

როგორც ჩანს, მონადირე-შემგროვებლებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობდნენ ფერმერების მოსვლამდე, უკვე ჰყავდათ ძაღლები.

„ძაღლები აშკარად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წინაპრებისთვის, რადგან როგორც ირკვევა, პირველმა ფერმერებმა ევროპაში ჩასვლისას საკუთარ ჯგუფებში მიიღეს წინა მონადირე-შემგროვებელთა ძაღლები“, — ამბობს სკოგლანდი.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ძაღლები ამ მომენტამდე გაცილებით ადრე უნდა მოეშინაურებინათ.

სკოგლანდი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს გენეტიკური უფსკრული ძაღლებსა და მგლებს შორის და ამის ძებნა გრძელდება.

კვლევები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.