ძაღლები სამყაროს სუნით აღიქვამენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ადამიანები მხედველობით. ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ისინი სუნის ინტერპრეტაციას, მაგრამ ახალი კვლევის წყალობით, შეიძლება უკეთესად გავიგოთ, რა იცის სინამდვილეში ძაღლის ცხვირმა.
ძაღლები სუნებს საუკეთესოდ აფიქსირებენ. საშუალოდ, ძაღლის ცხვირს 10 მილიონზე მეტი სუნის რეცეპტორი აქვს, ადამიანის ცხვირს კი მხოლოდ დაახლოებით ექვსი მილიონი.
შედეგად, ძაღლის ცხვირი სუნებს თითქმის 10 000-ჯერ უკეთესად აფიქსირებს, ვიდრე ჩვენ. მათ უმცირესი რაოდენობის სუნის დაფიქსირებაც კი შეუძლიათ. მაგალითად, სასამართლო ექსპერტიზის ძაღლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ 0,01 მიკროლიტრი ბენზინიც კი. მიკროლიტრი ლიტრის მემილიონედია.
ადამიანები ძაღლების ყნოსვის ძალაუფლებას მრავალმხრივ იყენებენ, რამაც ეჭვგარეშე შეიტანა წვლილი იმ ღრმა კავშირში, რაც ჩვენ ძაღლებთან გვაქვს თითქმის 40 000-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე.
ძაღლებს დღესაც ვიყენებთ სანადირო პარტნიორებად, რომლებიც საკვების სუნს იღებენ. ჩვენ გვერდით მუშაობენ კრიმინალთან ბრძოლაში, აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენაში, დაავადებების დაფიქსირებაში, საკონსერვაციო სამუშაოებში, რადგან შეუძლიათ იშვიათი და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღმოჩენა.
მიუხედავად ძაღლების, როგორც სუნის ბუნებრივი დეტექტორების ასეთი მრავალმხრივი გამოყენებისა, დიდწილად მაინც არ ვიცით, როგორ ახდენენ სუნის ინტერპრეტაციას ძაღლები და როგორ აღიქვამენ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ.
ძაღლების თავის ტვინის აქტივობის შესწავლა მაშინ, როდესაც ისინი კონკრეტული სუნების ზემოქმედების ქვეშ არიან, შეიძლება იმის იდენტიფიცირებაში დაგვეხმაროს, მათი ტვინის რომელი რეგიონებია დაკავშირებული სუნის დაფიქსირებასთან. ამით მეცნიერები იგებენ, რას განიცდიან ძაღლები, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს მეძებარი ძაღლების სელექცია და წვრთნა.
ამ დრომდე, ძაღლების ტვინის შესასწავლად მეცნიერებს ესაჭიროებოდათ ბევრი აღჭურვილობა და მეთოდები, რომლებიც გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ ძაღლებს მოითხოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოტა რამ ვიცით აქტიური, მომუშავე ძაღლების ტვინის შესახებ.
თუმცა, არ შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ და ყველას მოვარგოთ მონაცემები ძაღლებისა, რომლებსაც მშვიდად ჯდომასთან გამკლავება შეუძლიათ, რადგან სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს სხვადასხვა აქვთ წვრთნისა და სუნის უნარები.
სუნზე ძაღლის თავის ტვინის რეაგირების შესასწავლად, ახალი კვლევა იყენებს ახალ, არაინვაზიურ მეთოდს. მკვლევართა აზრით, ეს მეთოდი, რომელსაც AI speckle pattern analysis ეწოდება, დაგვეხმარება, რომ დავადგინოთ, როგორ რეაგირებს ძაღლის თავის ტვინი სუნებზე და რას ნიშნავს ის ძაღლის მიერ სამყაროს აღქმისა და მასზე რეაგირებისთვის.
მკვლევრებმა შექმნეს ოპტიკური სენსორი, რომელიც მიზანში იღებს ძაღლის მიერ სუნის გარჩევაში ჩართულ თავის ტვინის სამ რეგიონს: ამიგდალას, ყნოსვის ბოლქვს და ჰიპოკამპუსს. ამიგდალა პასუხისმგებელია სტიმულისადმი ემოციურ პასუხებზე.
ყნოსვის ბოლქვი ჩართულია სუნის დამუშავებაში, ჰიპოკამპუსი კი მეხსიერების ფორმირებასთან.
კვლევაში გამოყენებული აღჭურვილობა შედგება კომპიუტერთან დაკავშირებული მაღალი რეზოლუციის ციფრული კამერისგან და მწვანე ლაზერისგან. ლაზერის სინათლე, რომელსაც ძაღლის ბალანში და თავის ქალის ძვალში შეღწევა შეუძლია, მიანათეს ოთხი დასვენებული, თვალახვეული ძაღლის თავებზე, რომლებიც ოთხი სხვადასხვა სუნის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ: ალკოჰოლის, მარიხუანას, მენთოლის და ნივრის. ყველა ნივთიერებამ ძაღლებში ერთნაირი ყნოსვითი რეაგირება გამოიწვია.
ტვინის სამი რეგიონიდან არეკლილ ლაზერის სინათლეში კამერამ დააფიქსირა ინტერფერენცია განსხვავებული „ლაქის“ მახასიათებლის სახით. კამერა ხუთი წამის განმავლობაში იწერდა, თითოეული სუნისთვის ოთხჯერ.
ხელოვნურმა ინტელექტმა თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის ლაქის მახასიათებლებს შორის სხვაობები გააანალიზა და ამის საფუძველზე შექმნა მოდელები იმისა, როგორ რეაგირებდნენ ძაღლების თავის ტვინის რეგიონები თითოეულ სუნზე.
კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა ამიგდალას მნიშვნელობა ძაღლის მიერ სუნის გარჩევაში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება არსებობდეს ემოციური კომპონენტი ძაღლის მიერ გარემოში სუნის აღქმაში. ადამიანებში გემოს და სუნის დაფიქსირება დაკავშირებულია მეხსიერების ჩამოყალიბებასთან.
ვინაიდან ძაღლები სუნისადმი ემოციურ რეაგირებას განიცდიან, ამის გათვალისწინება ალბათ საჭიროა წვრთნის მეთოდებში. მაგალითად, ვეტერინარული ქირურგიისათვის დამახასიათებელ სუნს ძაღლები ხშირად უკავშირებენ ნაკლებად სახალისო სიტუაციებს.
ამ კვლევამ შეიძლება გზა მოუმზადოს სპეციალური აღჭურვილობის შექმნას, რომლებიც დააფიქსირებს და გადათარგმნის ძაღლების ყნოსვით რეაქციებს. სწრაფად მომუშავე მობილურმა აღჭურვილობამ შეიძლება მოგვცეს საშუალება, რომ რეალურ დროში გავიგოთ, რას ეუბნება ძაღლებს საკუთარი ცხვირი.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.



