რატომ ჭამენ ძაღლები ბალახს — მიზეზი ის არ აღმოჩნდა, რაც გგონიათ #1tvმეცნიერება
რატომ ჭამენ ძაღლები ბალახს — მიზეზი ის არ აღმოჩნდა, რაც გგონიათ #1tvმეცნიერება

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ჭამს თქვენი ძაღლი ბალახს?

ბალახის ჭამა შინაურ ძაღლებში ჩვეულებრივი ქცევაა. ზოგიერთი მოხსენების მიხედვით, პატრონების 80 პროცენტს აქვს შემჩნეული, როგორ ძოვს მათი ძაღლი ბალახს.

ბალახის ჭამა ახალი ქცევა არაა და არც მხოლოდ ახალ ჯიშებს ახასიათებს. იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეული მასალები (ძირითადად ბალახი) მგლების 74 პროცენტშია აღმოჩენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ქცევა შეიძლება მათ მგლებისგან ჰქონდეთ მემკვიდრეობით მიღებული.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ძაღლები ბალახს მაშინ ჭამენ, როდესაც კუჭი სტკივათ, სჯერათ, რომ ბალახი პირღებინებას გამოიწვევს. სავარაუდოდ, ასე არ არის; 12 ისეთ ძაღლზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლებიც ყოველდღე ჭამდნენ ბალახს, აღმოჩნდა, რომ დაფიქსირდა პირღებინების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა და ისიც, მას შემდეგ, რაც ძაღლებმა საკვები ჭამეს.

თუკი ძაღლს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზომიერი აშლილობა აქვს მათ მიერ ნაჭამი რაიმეს გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ბალახი ჭამონ, ვიდრე მაშინ, როდესაც ნორმალური რაციონით იკვებებიან.

ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ძაღლი ბალახს იმიტომ ჭამს, რომ ფაღარათის გამოწვევა უნდა, ანდაც უხეში საკვები სურს.

პირღებინების შესახებ მოსაზრების მსგავსად, უმეტეს ამ თეორიას სამეცნიერო მტკიცებულება ან ძალიან ცოტა აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია. მაგალითად, ზემოთ ხსენებული 12 ძაღლის კვლევაში, ყველა მათგანი ჭიაზე დამუშავებული იყო და წარსულში არ ჰქონიათ საჭმლის მონელების რაიმე პრობლემა. თუმცა, თორმეტივე მათგანი ბედნიერად ჭამდა ბალახს (709-ჯერ).

მთავარი აღმოჩენა ის იყო, რომ როცა ძაღლებს დღიური საკვები ჯერ არ ჰქონდათ ნაჭამი, უფრო მეტად ჭამდნენ ბალახს. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მშიერია ძაღლი, მით მეტია ალბათობა, რომ ბალახი ჭამოს.

პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჭამს თქვენი ძაღლი ბალახს, მარტივად შეიძლება ასეთი იყოს: იმიტომ, რომ მოსწონს. თქვენი ძაღლი შეიძლება მოწყენილი იყოს და ბალახის ღეჭვით თავს ირთობდეს.

ბალახის ტექსტურა და გემო მათ ყოველდღიური საკვებისგან რაღაც განსხვავებულს სთავაზობს. შეიძლება ისიც გქონდეთ შენიშნული, რომ ბალახის ჭამა ძაღლებს გარკვეულ სეზონებზე ურჩევნიათ — მათი ფავორიტი ძირითადად გაზაფხულის ნორჩი ბალახია.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც, ძაღლს ბალახის ძოვა უნდა დაუშალოთ. პირველი თუნდაც ის, რომ მან თქვენს მეზობელს სათუთად მოვლილი გაზონი არ გაუფუჭოს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბალახი ხშირად ჰერბიციდებითაა შეწამლული. მკვლევართა ვარაუდით, შეიძლება არსებობდეს კავშირი ჰერბიციდებსა და ძაღლებში შარდის ბუშტის კიბოს შორის.

თუკი ეზოში ჰერბიციდებს თქვენც იყენებთ, შეწამვლამდე გაიყვანეთ ძაღლი, აიღეთ მისი სათამაშოები, საკვები და წყლის ჯამი.

შეწამლულ ზონაში ძაღლი მას შემდეგ დააბრუნეთ, რაც ის სრულად გაშრება. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გრანულებიან პესტიციდებთან და სასუქებთან, რომლებიც ნიადაგში გაიჟონება, რადგან ამისათვის 24 საათია საჭირო.

ბალახის გარდა, თქვენი ძაღლისთვის მომწამლავი შეიძლება იყოს ფოთლები, ყვავილები და ზოგიერთი კენკრა. მათ შორის არის ისეთი მცენარეები, როგორიც არის ოლეანდრა და კალა; ძაღლებში ფაღარათის გამოწვევა შეუძლია ორეგანოს და დაფნის ფოთოლსაც კი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.