მარტივი ტესტი, რომლითაც დაადგენთ, რამდენად ჭკვიანია თქვენი ძაღლი — #1tvმეცნიერება
მარტივი ტესტი, რომლითაც დაადგენთ, რამდენად ჭკვიანია თქვენი ძაღლი — #1tvმეცნიერება

ვისაც ძაღლი ჰყოლია, ყველამ იცის, რომ ისინი სიტყვების მნიშვნელობას სწავლობენ, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც სულ არ გსურთ, რომ იცოდნენ. რამდენჯერ გითქვამთ „წავიდეთ“ ან „ვჭამოთ“ ისე, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი უცბად სიხარულისგან არ გადარეულა?

მეცნიერები წარსულში უკვე იკვლევდნენ, როგორ სწავლობენ სიტყვების მნიშვნელობას ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან შიმპანზეები, ზღვის ლომები და რეზუსი მაკაკები. თუმცა, ჟურნალ Nature-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთი ძაღლი ახალი ობიექტის სახელს მხოლოდ ოთხჯერ მოსმენის შემდეგ სწავლობს; აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამის უნარი მხოლოდ ადამიანს ჰქონდა.

მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ეს უნარი ყველა შესწავლილ ძაღლს არ ჰქონდა და შემოიფარგლებოდა მხოლოდ რამდენიმე „ნიჭიერი“ ან ძლიერ გაწვრთნილი ინდივიდით. გამომდინარე აქედან, ალბათ საინტერესოა იმის დადგენა, არის თუ არა თქვენი ძაღლი ნიჭიერი.

კვლევა საკმაოდ მარტივი იყო და მისი გამეორება სახლშიც შეგიძლიათ. უბრალოდ საჭიროა მიჰყვეთ მკვლევართა მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა გაიგოთ, შეუძლია თუ არა თქვენს ძაღლს ობიექტების სახელების ასე სწრაფად სწავლა. თუმცა, არ ინაღვლოთ, თუ თქვენს ძაღლს ეს უნარი არ აღმოაჩნდა, რადგან ამის მიზეზი შეიძლება მისი ჯიში ან წინა გამოცდილება იყოს.

ვიშკი და ვიკი ნინა

ახალ კვლევაში მონაწილეობდნენ კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად ვიშკი, რომელმაც სახელით იცის 59 ობიექტი და იორკშირ ტერიერი, სახელად ვიკი ნინა, რომელმაც 42 სათამაშოს სახელი იცის.

თითოეული ძაღლის ცოდნა მკვლევრებმა მათი სათამაშოებით შეამოწმეს — სთხოვდნენ, რომ სათითაოდ მოეტანათ. ძაღლის არჩევანში ჩარევის თავიდან ასაცილებლად, სათამაშოებს ვერ ხედავდნენ ვერც პატრონები და ვერც მკვლევრები.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ძაღლებმა თავის ყველა სათამაშოს სახელი იცოდნენ, მკვლევრებმა კვლევაში შემოიტანეს ორი ახალი ობიექტი, რომლებიც მათთვის უკვე ცნობილი სათამაშოების გროვის წინ მოათავსეს. ტესტის დროს, ვიშკიმ ახალი სათამაშო ყოველ ჯერზე აირჩია, ვიკი ნინამ კი სწორი სათამაშო 52,5 პროცენტიანი სიზუსტით გამოარჩია, რაც შემთხვევითობაზე ოდნავ მაღალია.

ახალი სახელების სწავლა

ძაღლების კვლევის შემდეგი ნაწილი იყო სათამაშოს ჩვენება, მისი სახელის თქმა და შემდეგ მასთან თამაშის უფლების მიცემა. ორი სხვადასხვა სათამაშოს სახელის ოთხჯერ გამეორების შემდეგ, ძაღლს ორი ახალი სათამაშოდან ერთის არჩევა სთხოვეს.

კვლევის ამ ნაწილში ჩართული არ ყოფილა რომელიმე ნაცნობი სათამაშო, რათა ძაღლს შესაფერისი სათამაშო გამორიცხვის გზით არ ამოერჩია. თუ ყველა სათამაშოს სახელი იცის, ძაღლმა სწორი სათამაშო შეიძლება იმის წყალობით გამოიცნოს, რომ უცნობი სიტყვა უცნობ სათამაშოზე უნდა მიუთითებდეს.

ორივე ძაღლმა ახალი სათამაშო იმაზე ხშირად აირჩია, ვიდრე შემთხვევითობის პროგნოზით უნდა ყოფილიყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ობიექტის სახელები მათ მართლაც ძალიან სწრაფად ისწავლეს. თუმცა, 10 წუთის შემდეგ მათი მეხსიერება მნიშვნელოვნად გაიფანტა და ერთი საათის შემდეგ თითქმის უკვე აღარ ახსოვდათ. ეს კი აჩვენებს, რომ ახლად ნასწავლს უფრო მეტად განმტკიცება სჭირდება, თუ გვინდა, რომ ძაღლმა ის დაიმახსოვროს.

ახალი სათამაშოების ტესტი ჩატარდა 20 მოხალისესა და მათ ძაღლებზეც, მაგრამ მათმა ძაღლებმა რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ ახალი სიტყვის სწავლის უნარი ვერ აჩვენეს.

ავტორთა ვარაუდით, განსხვავება მათ ტესტში მონაწილე ორ ძაღლსა და მოხალისეთა ძაღლებს შორის ახალი სიტყვების სწრაფად სწავლის თვალსაზრისით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ძაღლი ალბათ უჩვეულოდ ჭკვიანი უნდა იყოს ან სახელების სწავლის დიდი გამოცდილება ჰქონდეს.

ჭკვიანი ძაღლები

როგორც ჩანს, ამ ექსპერიმენტებში მოქმედებდა გარკვეულ ფაქტორთა კომბინაცია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის კვლევებში ყველაზე ხშირად იყენებენ ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლებს, რომელიც მიზანმიმართულად არის გამოყვანილი იმისათვის, რათა გაიგოს სმენადი ბრძანებები და ძლიერ მოტივირებულია დავალებების შესრულებასა და პატრონის სიამოვნებაში. იორკშირ ტერიერები ასევე გამოირჩევიან მენტალური და ფიზიკური სტიმულებით.

მსგავსი ტესტები მკვლევართა სხვა ჯგუფებმაც ჩაატარეს, მათაც ძირითადად ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლებზე. 2004 წელს, ძაღლმა, სახელად რიკომ, 200 სხვადასხვა ობიექტის სახელი იცოდა, 2011 წელს კი ამავე ჯიშის ძაღლმა ჩასერმა 1022 სხვადასხვა ობიექტი ისწავლა.

შეიძლება, სხვა ჯიშის ძაღლებს უბრალოდ ნაკლებად აინტერესებდეთ მიმზიდველი სათამაშოებით თამაში. მაგალითად, მწევრის ტიპის ძაღლები, თუნდაც სალუკის ან გრეიჰაუნდის ჯიშის, ძირითადად ნადირობის ან სირბილის მიზნით არიან გამოყვანილი და შესაბამისად, უფრო ძნელად იწვრთნებიან. შეძლება მათ ოდნავი ინტერესიც არ გამოიჩინონ სათამაშოების მიმართ, ისევე როგორც ნაკლებად იყვნენ მოტივირებული, რომ მწვრთნელს ასიამოვნონ.

ექსპერიმენტში მონაწილე ორივე ძაღლი ძლიერ გაწვრთნილი იყო თამაშისა და სოციალური ურთიერთობის გზით, რათა ყურადღება მიაქციონ სათამაშოების სახელებსა და მახასიათებლებს. ამის გამო, მათ შეიძლება უფრო ადვილად შენიშნონ განსხვავება ახალ და ნაცნობ სათამაშოებს შორის და გაიგონ მათთან დაკავშირებული ვერბალური სტიმულები.

მიუხედავად იმისა, რომ წვრთნები ფორმალური არ იყო, წარმოადგენდა პოზიტიურ მტკიცე წვრთნას, მძლავრ მეთოდს ცხოველებისა და ადამიანებისთვის სწავლებისთვის. ძაღლებმა საკუთარი უნარები უდავოდ მაღალი მაჩვენებლით შეისწავლეს.

სრულიად შესაძლებელია, რომ დავალებების შესრულება ყველა ძაღლს ვასწავლოთ, მათ შორის ობიექტთა სახელებიც. თუმცა, ამ სწავლისა და დავალებების შესრულების ხარისხი ძლიერ არის დამოკიდებული ძაღლის ჯიშზე და ინდივიდუალური ძაღლის მოტივაციის დონეზე.

თუ ავღანური მწევარი ან სენბერნარი გყავთ, არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ისინი დროს სათამაშოებთან დახარჯავენ. მეორე მხრივ, თუ ბორდერ კოლი ან პუდელი გყავთ, მათი შესაძლებლობები შეიძლება მხოლოდ თქვენი წარმოსახვით ან მათთან თამაშის ხარისხით შემოიფარგლებოდეს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.