ამერიკის კონტინენტის პირველმოსახლეები ახალ მიწაზე სავარაუდოდ საკუთარი ძაღლებით მივიდნენ — #1tvმეცნიერება
ამერიკის კონტინენტის პირველმოსახლეები ახალ მიწაზე სავარაუდოდ საკუთარი ძაღლებით მივიდნენ — #1tvმეცნიერება

რამდენად შორს მიდის ადამიანებისა და ძაღლების ურთიერთობის ისტორია? როდის და სად დაიწყო ეს უძველესი ურთიერთობა? დნმ-ის ახალი მონაცემების მიხედვით, ძაღლებთან ჩვენი კავშირი პრეისტორიაში იმაზე შორს მიდის, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მეცნიერთა განცხადებით, უძველესი ძაღლის დნმ-ის ანალიზები მიუთითებს, რომ ძაღლები ევრაზიული მგლებისგან მოიშინაურეს, დაახლოებით 23 000 წლის წინ. გაცილებით გვიან, ისინი ადამიანებთან ერთად მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ, მათ შორის ამერიკის კონტინენტზეც, ბერინგიას გავლით. ბერინგია დიდი ხნის წინ გამქრალი სახმელეთო ხიდია, რომელიც ერთ დროს თანამედროვე რუსეთსა და კანადას აკავშირებდა.

„ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცოდით, არის ის, რომ ძაღლების მოშინაურება ამერიკის კონტინენტზე არ მომხდარა“, — ამბობს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ლორენ ფრანცი.

მისივე თქმით, უძველეს ძაღლთა გენეტიკური მონაცემებიდან ახლა უკვე ვიცით, რომ ისინი უკვე უნდა ყოფილიყვნენ ციმბირის რაღაც ნაწილში მაშინ, ვიდრე ადამიანები ამერიკაში მიგრაციას დაიწყებდნენ.

მართალია, მიჩნეულია, რომ ძაღლი ადამიანის მიერ მოშინაურებული პირველი ცხოველია, რომელიც პლეისტოცენის ხანაში, ევრაზიის ამჟამად გადაშენებული მგლების პოპულაციიდან მოვიშინაურეთ, მსოფლიოში ამ ცხოველის გავრცელების შესახებ ბევრი რამ მაინც უცნობია; ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ძაღლები ადამიანმა 100 000 წლის წინ მოიშინაურა.

სიმართლის დადგენა ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან მეცნიერებისთვის შეიძლება ძალიან ძნელი იყოს აღმოჩენილი უძველესი მგლების ნაშთების განსხვავება მოშინაურებული ძაღლებისგან, არქეოლოგიური დაკვირვებებისა და იზოტოპების გამოყენებით ჩატარებული ქიმიური ტესტირებითაც კი.

„გვიანდელი პალეისტოცენის ძაღლების შესახებ გავრცელებული ყველა მოსაზრების გამოწვევა, რამდენიმე სხვადასხვა მტკიცებულების საფუძველზე იყო იმის ჩვენება, რომ შესწავლილი ეგზემპლარები აშკარად განირჩეოდა იმ დროს არსებული მგლებისგან“, — განმარტავენ მკვლევრები ახალ კვლევაში, რომელსაც ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის არქეოლოგი ანგელა პერი ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, კვლევაში მათ კონსერვატიული მიდგომა გამოიყენეს და მოიცვეს მხოლოდ ის ძაღლისებრნი, რომელთა ტაქსონიომიური სტატუსიც ცალსახად არის შინაური.

მკვლევრები უარყოფენ ნაკლებად დამტკიცებულ მოსაზრებებს უძველესი ძაღლების შესახებ და ამბობენ, რომ ყველაზე ადრეული შინაური ძაღლის ნაშთები, რომელსაც ყველა აღიარებს, არქეოლოგიურ ჩანაწერებში დაახლოებით 15 000 წლის წინ ჩნდება გერმანიაში და სხვა თანადროულ ადგილებში ევროპის მასშტაბით და ისრაელში.

თუმცა, რაც შეეხება ვითარებას არქეოლოგიურ ჩანაწერთა მიღმა? გენეტიკური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჩვენთვის ცნობილი უძველესი ძაღლების ხაზი არქეოლოგიურ ჩანაწერებს რამდენიმე ათასწლეულით უსწრებდა, მათ შორის არის ჰაპლოჯგუფი (ერთი წინაპრის გენეტიკური პოპულაცია), რომელიც დაახლოებით 22,8 ათასი წლის წინანდელია.

ამ პოპულაციისა და იმ მომდევნო ჰაპლოგრუპის ხაზის შედარებით, რომელიც მათ საერთო წინაპარს გამოეყო, მათ შორის არის 15 000 წლის წინ ამერიკაში ადამიანებთან ერთად გამოჩენილი ხაზიც, მკვლევრებმა აღადგინეს ძაღლებისა და მათი გენების მსოფლიოში გავრცელების თაიმლაინი.

საბოლოოდ, ანალიზები მიუთითებს, რომ ადამიანებს ახალი მიწევის ათვისებისას მოშინაურებული ძაღლებიც თან მიყავდათ, მათ შორის ამერიკაშიც; დადგინდა, რომ ძაღლის ხაზს, ჰაპლოჯგუფ A2b-ს გენეტიკური ბმა აქვს ევრაზიასთან, 7000 ათასი წლით უფრო ადრეული.

„დიდი ხანია ვიცოდით, რომ პირველ ამერიკელებს უნდა ჰყოლოდათ კარგად გაწვრთნილი მონადირე ძაღლები. სრულიად ახალ მიწაზე შესვლისას მათი თანმხლები ძაღლები უფრო მეტად უნდა ყოფილიყვნენ მათი კულტურის შემადგენელი ნაწილი, ვიდრე ის ქვის იარაღები, რომლებიც თან დაჰქონდათ“, — ამბობს დალასის სამხრეთ მეთოდისტთა უნივერსიტეტის არქეოლოგი დევიდ მელცერი.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასი წლით უფრო ადრე ევრაზიაში ძაღლების მოშინაურების ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის, მკვლევართა აზრით, შესაძლებელია, რომ ადამიანისა და ძაღლების მეგობრობის დაწყების მიზეზი გახდა ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის ექსტრემალური, წარმოუდგენელი სიცივე.

„კლიმატურმა პირობებმა ადამიანები და მგლები შეიძლება თავშესაფარ ზონებში ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მიიყვანა, ამის მიზეზი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ ისინი ძირითადად ერთსა და იმავე ცხოველებზე ნადირობდნენ“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ ორ სახეობას შორის მზარდმა ურთიერთობებმა, რაც ალბათ უნდა გამოეწვია ერთობლივ ნადირობას ან მომთაბარე ადამიანების მიერ დატოვებული საკვების ნარჩენებით მიზიდვას, საბოლოოდ ამ ორი სახეობის ურთიერთობის საწყისი უნდა გამხდარიყო, რამაც თანდათან ძაღლის მოშინაურება გამოიწვია.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.