ტურინის სუდარაზე მრავალი ადამიანის, მცენარისა და ცხოველის დნმ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დნმ-ის ახალი ანალიზებით დადგინდა, რომ ტურინის სუდარა დაბინძურებულია მრავალი ცხოველური, მცენარეული და ადამიანური მასალით. შედეგად, კიდევ უფრო გართულდა ამბავი იდუმალებით მოცული რელიკვიისა, რომელშიც გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს სხეული გაახვიეს.
სუდარის სიგრძე 4,4 მეტრია, სიგანე 1,1 მეტრი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და საკამათო ქრისტიანული არტეფაქტია. მისი პირველი დოკუმენტირებული ადგილმდებარეობა 1354 წელს საფრანგეთში იყო, მაგრამ უკვე თითქმის 500 წელია, ინახება იტალიის ქალაქ ტურინში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში.
1988 წელს, მკვლევრებმა რადიონახშირბადული და აქსელერატორული მასსპექტრომეტიის დათარიღების მეთოდით განსაზღვრეს, რომ სუდარა დაახლოებით 1260-1390 წლებშია დამზადებული, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ტილოზე აღბეჭდილი პირი შესაძლოა იესო ყოფილიყო. თუმცა, სუდარის გვიანდელი შუა საუკუნეებით დათარიღებას ქრისტიანობის ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება.
2015 წელს, პადოვის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯანი ბარსაჩიამ და მისმა კოლეგებმა ანალიზი ჩაუტარეს რელიკვიიდან 1978 წელს აღებულ მასალას, რომელმაც მიუთითა, რომ ქსოვილი შეიძლება ინდური წარმომავლობის იყო.
ამჯერად, ბარსაჩია უძღვებოდა ახალ კვლევას, რომელშიც ხელახალი ანალიზები ჩაუტარეს 1978 წლის მასალას. ჯგუფმა დაადგინა, რომ სუდარა ინახავს შუა საუკუნეების და თანამედროვე დნმ-ის უზარმაზარ მრავალფეროვნებას.
გენეტიკური მასალების წყაროებს შორისაა შინაური კატები და ძაღლები, ქათმები, ძროხები, თხები, ცხვრები, ღორები და ცხენები, ასევე გარეული ცხოველები — ირემი და კურდღლები.
ჯგუფმა ასევე იპოვა თევზის ზოგიერთი სახეობის კვალი, მათ შორის, კეფალის, ატლანტიკური ვირთევზას და სხივფარფლიანი თევზების. ასევე გამოვლინდა წყლის კიბოსნაირთა, ბუზების, ბუგრების, მტვრის და კანის ტკიპების კვალი.
მცენარეები, რომელთა დნმ-იც ყველაზე უხვად იყო შემორჩენილი სუდარაზე, არის სტაფილო, ხორბლის მრავალი სახეობა, წიწაკა, პომიდორი და კარტოფილი — მცენარეები, რომლებიც ევროპაში აზიიდან და ამერიკიდან შევიდა.
თუმცა, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ ზუსტად როდის მოხდა სუდარის დაბინძურება ამ მცენარეული და ცხოველური მასალებით.
ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა მრავალი იმ ადამიანის დნმ, რომლებიც სუდარას შეხებიან, მათ შორის იმ ჯგუფის წევრების, რომლებმაც 1978 წელს მისი ნიმუშები აიღეს.
„სუდარასთან კონტაქტი მრავალ ადამიანს ჰქონდა; შესაბამისად, ძნელია თავდაპირველი დნმ-ის იდენტიფიცირება“, — წერენ მკვლევრები.
სუდარაზე გამოვლენილი ადამიანის დნმ-ის თითქმის 40 პროცენტი ინდური შტოდან არის, რისი მიზეზიც უნდა იყოს ისტორიული კავშირები — რომაელებს სელის ქსოვილები ინდის ხეობასთან ახლომდებარე რეგიონებიდან შემოჰქონდათ.
„ტურინის სუდარაზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალი მიუთითებს ქსოვილზე პოტენციურად ფართო ზემოქმედებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და შესაძლებლობას იმისა, რომ მისი ძაფი ინდოეთშია წარმოებული“, — წერენ მკვლევრები.
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარი ანდერს გიოთერშტორმი ამბობს, რომ ადრეული კვლევის შედეგად სუდარის მე-13 საუკუნით დათარიღება ზოგადად მიღებულია სამეცნიერო საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელს ჩატარებული რადიონახშირბადული დათარიღების ირგვლივ არსებობს გარკვეული უთანხმოება, უმეტესი მკვლევარი თანხმდება, რომ ის საკმარისად მტკიცეა.
გიოთერშტორმი არ არის დარწმუნებული ვარაუდში, რომ ქსოვილი შეიძლება ინდური წარმოშობის იყოს.
„ჯერ კიდევ არ მაქვს მიზეზი ეჭვი შევიტანო, რომ სუდარა ფრანგულია და ეკუთვნის მე-13 – მე-14 საუკუნეებს“, — ამბობს გიოთერშტორმი.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე Biorxiv.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.