ესპანეთში ჰანიბალის სახელგანთქმული საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ესპანეთში ჰანიბალის სახელგანთქმული საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

სპილოები ევროპის ლანდშაფტისთვის საკმაოდ უცხოა. ამიტომ, როცა არქეოლოგებმა ესპანეთში, რკინის ხანის ნანგრევებში სპილოს ფეხის ძვალი აღმოაჩინეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდათ.

ძვლის ასაკზე და პოვნის ადგილზე დაყრდნობით, ის შეიძლება პირველი ფიზიკური მტკიცებულება იყოს კართაგენელი გენერლის, ჰანიბალის სახელგანთქმული საბრძოლო სპილოებისა.

ბრძოლის ველზე მყოფი ამ სპილოების სურათები საუკუნეების მანძილზე გვხვდება ხელოვნებასა და ლიტერატურაში. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობდა რაიმე ნამარხი მტკიცებულება.

„პუნიკური ომების დროს ევროპის მიწაზე სპილოების „საომარ მანქანებად“ გამოყენებამ სიღრმისეული კვალი დაამჩნია დასავლურ მხატვრობას, ლიტერატურას და კულტურას — მემკვიდრეობა, რომელიც კლასიკური ცნობების მეშვეობით გადაეცემოდა ავტორების თაობებს“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კორდობის უნივერსიტეტის არქეოლოგი რაფაელ მარტინეს სანჩესი ხელმძღვანელობდა.

გადმოცემის თანახმად, ძვ. წ. 218 წელს, ჰანიბალმა თავისი არმია ჩრდილოეთ აფრიკის უძველეს ქალაქ კართაგენიდან სამხრეთ ალპებში გადაიყვანა. ისტორიული ცნობებით, ამ არმიაში შედიოდა 37 სპილოც.

ჰანიბალი, როგორც გენერალი, მეთაურობდა კართაგენელთა ბრძოლას რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ სამ პუნიკურ ომში, რომლებიც ძვ. წ. 264-დან 146 წლამდე გრძელდებოდა. არქეოლოგთა აზრით, ადგილი, სადაც სპილოს ძვალი იპოვეს — კოლინა-დე-ლოს-კემადოსი — ერთ დროს შეიძლება პუნიკური ომების ბრძოლის ველი ყოფილიყო.

„არქეოლოგიურად, კოლინა-დე-ლოს-კემადოსის განადგურების დოკუმენტირებული დონე კარგად ჯდება მეორე პუნიკურ ომთან დაკავშირებული მოვლენების ახალ სქემაში“, — წერენ მკვლევრები.

ამ ადგილის სამხედრო ისტორიას კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას სძენს 2020 წლის გათხრებისას აღმოჩენილი საარტილერიო ჭურვები, მონეტები და კერამიკა.

რაც შეეხება სპილოს ძვალს, რადიონახშირბადულმა დათარიღებამ დაადასტურა, რომ ეკუთვნის ცხოველს, რომელიც ძვ. წ. მეოთხე საუკუნის ბოლოს და მესამე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა, ზუსტად მეორე პუნიკური ომის დროს.

10 სმ სიგრძის მაჯის ძვალი მკვლევრებმა შეადარეს თანამედროვე სპილოებისას და სტეპის მამონტებისას, რითაც დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად სპილოს ეკუთვნოდა. თუმცა, ის ზედმეტად დეგრადირებული იყო სახეობის დონის იდენტიფიკაციისთვის, რაც მოითხოვდა კოლაგენის შემცველი ცილის ან დნმ-ის შენარჩუნებას.

არსებობს რამდენიმე სხვა შესაძლებლობაც იმისა, როგორ შეიძლება მოხვედრილიყო სპილოს ძვალი ასეთ მოულოდნელ ადგილას. რომის მოკავშირე ნუმიდიელებმა აფრიკული სპილოები შეიძლება ძვ. წ. მეორე საუკუნეში გაგზავნეს დაპყრობითი კამპანიის ფარგლებში ან იულიუს კეისრის სამოქალაქო ომების დროს. ასევე შესაძლებელია, სპილოები გლადიატორთა ბრძოლის ნაწილს წარმოადგენდნენ ადრეულ რომის იმპერიაში.

თუმცა, ეს სამი შესაძლებლობა კარგად არ ემთხვევა ძვლის ასაკს.

„ამ მოკრძალებულ ანატომიურ ნაწილთან დაკავშირებული მეორე პუნიკური ომის კონტექსტი აღმოჩენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც ხაზს უსვამს ამ ადგილის მნიშვნელობას მომავალ არქეოლოგიურ კვლევებში. მიუხედავად იმისა, რომ ძვალი შეიძლება არ წარმოადგენდეს ჰანიბალის ალპებში გადასვლის მითურ ნიმუშს, პოტენციურად შეიძლება იყოს პირველი ცნობილი რელიკვია ცხოველებისა, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის აუზის კონტროლისთვის გამართულ პუნიკურ ომებში იყენებდნენ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.