უძველესი პირენეელები თავის ქალებს კედლებზე ლურსმნებით აჭედებდნენ — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება
უძველესი პირენეელები თავის ქალებს კედლებზე ლურსმნებით აჭედებდნენ — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება

ჩვენი უძველესი წინაპრები ადამიანის ძვლებს საკმაოდ საინტერესო რამეებს უკეთებდნენ, მაგრამ პირენეის ნახევარკუნძულზე აღმოჩენილი რკინის ხანის ერთი ნიმუში ნამდვილი თავსატეხია.

იქ, არქეოლოგებმა მრავალ ადგილას აღმოაჩინეს ადამიანის თავის ქალები ჩონჩხის გარეშე; ზოგიერთ მათგანს, პირდაპირ შუბლში ჰქონდა გარჭობილი რკინის დიდი, წვეტიანი შვერილი ან ლურსმანი, რომელიც თავის უკანა ნაწილში, კეფის ძვალში გამოდიოდა.

რა იყო ამ პრაქტიკის მიზეზი? მრავალი წინა კვლევა მიუთითებს, რომ ამის ძირითადი მოტივაცია იყო ომის ნადავლის დემონსტრირება, რომელშიც მტრის თავს ლურსმნით კედელზე აჭედებდნენ.

თუმცა, არის კიდევ ერთი შესაძლებლობა — ეს თავები საზოგადოების დაფასებულ წევრებს ეკუთვნოდათ და მათი ასე წარმოჩენა სიკვდილის შემდეგ მათთვის პატივისცემის გამოხატვას წარმოადგენდა.

როგორც ამ თავის ქალების იზოტოპების ახალი ანალიზით დგინდება, ორ არქეოლოგიურ ძეგლზე, ულიასტრეტსა და პუიგ-კასტელიარზე აღმოჩენილი თავის ქალების შემთხვევაში, ორივე ინტერპრეტაცია შეიძლება მართებული იყოს.

„ვინ იყვნენ ეს ინდივიდები და რაში გამოიყენებოდა მათი თავები? ამ კვლევაში ჩვენი წინაპირობა იყო ის, რომ თუ ისინი ომის ნადავლი იყვნენ, ისინი შესწავლილი ადგილებიდან არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ თუ დაფასებულ ინდივიდებთან გვქონდა საქმე, მაშინ ადგილობრივები უნდა ყოფილიყვნენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის არქეოლოგი რუბენ დე ლა ფუენტე-სეოანე.

კვლევა ფოკუსირებული იყო შვიდი მამაკაცის თავის ქალაზე, რომლებსაც ან ლურსმანი ჰქონდა გარჭმული, ან ჰქონდა ცარიელი ხვრელი, სადაც ლურსმანი უნდა ყოფილიყო; ისინი ძვ. წ. პირველ ათასწლეულს ეკუთვნოდა და პუიგ-კასტელიარისა და ულასტრეტის ძეგლებზე იყო აღმოჩენილი.

მკვლევრებმა თავის ქალების კბილებიდან აღებული სტრონციუმისა და ჟანგბადის იზოტოპების ანალიზები ჩაატარეს; ასეთივე ანალიზები ჩაუტარეს ამ რეგიონებში აღმოჩენილ იმავე პერიოდის ცხოველთა თავის ქალებს.

სტრონციუმისა და ჟანგბადის იზოტოპები სხეულში საკვებისა და სასმლის გზით ხვდება და ჩვენს კბილებსა და ძვლებში არსებული კალციუმის ნაწილს ანაცვლებს. ამის შესახებ საინტერესო რამ ისაა, რომ ამ იზოტოპთა პროპორცია ცვალებადია რეგიონულად და თქვენი სხეული მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს.

კონკრეტული იზოტოპების საშუალებით, არქეოლოგებს შეუძლიათ განსაზღვრონ არა მხოლოდ ის, რას ჭამდა პიროვნება, არამედ ისიც, თუ სად ცხოვრობდა და როგორ მოძრაობდა ცხოვრების განმავლობაში.

ჯგუფის კვლევამ დაადასტურა, რომ თავის ქალები მიზანმიმართულად იყო შერჩეული; მაგრამ ამ არჩევანისა და თავის ქალების რიტუალური გამოფენის მიზეზი სავარაუდოდ რამდენიმე იყო.

„პუიგ-კასტელარზე 3-4 ინდივიდის იზოტოპთა ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივად დამოწმებული სტრონციუმისგან, რაც მიუთითებს, რომ ისინი სავარაუდოდ ადგილობრივები არ იყვნენ. რაც შეეხება ულასტრეტს, იქ ადგილობრივებისა და არაადგილობრივების ნაზავი აღმოჩნდა“, — ამბობს ფუენტე-სეოანე.

მისი განცხადებით, შედეგები მიუთითებს, რომ დაზიანებული თავის ქალების პრაქტიკა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარი იყო, რაც ალბათ გამორიცხავს ერთგვაროვან სიმბოლურ გამოხატულებას. თუმცა, ამის დასადასტურებლად მეტი კვლევაა საჭირო.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, პუიგ-კასტელიარში აღმოჩენილი თავის ქალები სამხედრო ნადავლი იყო, რომლებსაც ქალაქის გარე კედლებზე ან ჭიშკარზე გამოფენდნენ უცხოების ან თუნდაც ადგილობრივების შესაშინებლად. მეორე მხრივ, ულასტრეტში აღმოჩენილი ორი თავის ქალა ადგილობრივი წარმოშობის იყო და ქალაქის ცენტრში, ქუჩაზე იპოვეს; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მათი გამოფენა სასარგებლო იყო ქალაქის მცხოვრებთათვის.

ცხოველის კბილები ერთგვარი საცნობარო წერტილია თავის ქალებისთვის, მაგრამ ასევე ცხადყოფს სხვადასხვა მიდგომას რესურსების მენეჯმენტისადმი და მობილობის მახასიათებლებისადმი თითოეულ ქალაქში, როგორც ცხოველების, ისე ადამიანების შემთხვევაში. მკვლევართა განცხადებით, სხვაობები შეიძლება დაუკავშირდეს განსხვავებებს კულტურულ ღირებულებებს შორის, რაც თავის მხრივ, შეიძლება როლს ასრულებდა მოკვეთილი თავის ქალების გამოფენაში.

„ეს განსხვავებები მიუთითებს დინამიკურ და კომპლექსურ საზოგადოებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილობრივი და გარე ურთიერთობები ჰქონდა. ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც ამ არქეოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენა მეთოდი, რომელიც რევოლუციურია წარსულში მობილობის შესწავლაში. ამავე დროს, მიუთითებს, რომ თავის მოსაკვეთის რიტუალისთვის ინდივიდთა შერჩევა იმაზე კომპლექსურია იყო, ვიდრე თავიდან გვეგონა“, — ამბობს ფუენტე-სეოანე.

ისევე როგორც უძველესი წარსულის სხვა მრავალი პრაქტიკა, ამ შემთხვევაშიც ურთულესი ან მთლიანად შეუძლებელი იქნება უძველეს პირენეელთა მიერ კედლებზე თავის ქალების მიჭედების ზუსტი მიზეზის დადგენა.

კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uab.cat-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.