ლეგენდა 37 000 წლის წინ ამოფრქვეული ვულკანის შესახებ, შესაძლოა, დედამიწაზე ზეპირად გადმოცემული უძველესი ამბავი იყოს
ლეგენდა 37 000 წლის წინ ამოფრქვეული ვულკანის შესახებ, შესაძლოა, დედამიწაზე ზეპირად გადმოცემული უძველესი ამბავი იყოს

ავსტრალიის ვიქტორიას შტატის ადგილობრივ გუნდიტჯმარას ხალხში არსებობს თქმულება, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, მათი წინაპრები რაღაც გამორჩეულის მომსწრე გახდნენ.

უძველესი ზეპირი თქმულება, რომელიც უთვალავ თაობას გადაეცა და დღემდე მოაღწია, გვიამბობს, რომ მათი უძველესი შემქმნელი წინაპარი ცეცხლოვან ვუკლანად გადაიქცა, რომელიც დღეს უკვე ჩამქრალია და ბუდჯ-ბიმი ეწოდება. მას შემდეგ თითქმის 40 000 წელი გავიდა და როგორც ახალი სამეცნიერო მტკიცებულება მიუთითებს, ეს უძველესი ლეგენდა შესაძლოა, უბრალო მითზე მეტია.

ავსტრალიელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მინერალებით დათარიღებამ წარმოაჩინა იმის შესაძლებლობა, რომ ტრადიციული გადმოცემა ბუდჯ-ბიმის წარმოშობის შესახებ შეიძლება, სინამდვილეში უკავშირდებოდეს ორ ვულკანურ ამოფრქვევას, რომელიც ამ რეგიონში დაახლოებით 37 000 წლის წინ მოხდა; თუკი მართლაც ასე აღმოჩნდა, ეს იქნება დედამიწაზე მოთხრობილი უძველესი ამბავი.

დღეისათვის, ავსტრალიაში ადამიანთა დასახლების უძველესი მტკიცებულებები რადიონახშირბადულ ან ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინიესცენციის (OSL) დათარიღების მეთოდებს ეფუძნება, რისთვისაც იყენებენ უძველესი ნახშირის ან გამოქვაბულების ნიმუშებს.

სამწუხაროდ, კერამიკიისა და სხვა არტეფაქტების ნაკლებობა ავსტრალიის აბორიგენთა არქეოლოგიური ნიმუშების აღმოჩენას ძალიან ართულებს. მკვლევართა განცხადებით, 30 000 წელიწადზე მეტი ასაკით მხოლოდ ექვსი ძეგლია დათარიღებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კონტინენტზე ადამიანები შეიძლება 65 000 წლის წინ ან უფრო ადრეც ბინადრობდნენ.

ბოლო დროის ტექნოლოგიურმა მიღწევამ, რომელსაც არგონ-არგონით დათარიღება ეწოდება, შეიძლება შემოგვთავაზოს ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ვულკანური ქანების დათარიღების ახალი გზა; გასათვალისწინებელია ისიც, თუ ამ ადგილების შესახებ არსებობს რაიმე ხალხური გადმოცემებიც.

კვლევის თანაავტორის, დევიდ ფილიპსის განმარტებით, ავსტრალიის ადგილობრივ ხალხთა ზეპირი თქმულებები არქეოლოგიური ინფორმაციის ფრიად ღირებული რესურსია. ზოგიერთი გადმოცემა კი როგორც ჩანს, უკავშირდება გეოლოგიურ მოვლენებს, მაგალითად, ვულკანურ ამოფრქვევებს, მიწისძვრებს, მეტეორიტულ დარტყმებს; თანაც, ზოგმა თქმულებამ შესაძლოა, ჩვენამდე მოსაღწევად ათასწლეულები გამოიარა.

ამჟამად ჩამქრალი ბუდჯ-ბიმის ვულკანისა და მისგან 40 კილომეტრში მდებარე კიდევ ერთი მიძინებული ვულკანის შემთხვევაში, რომელსაც ტაუერ-ჰილს უწოდებენ, არგონ-არგონით დათარიღების მეთოდის წყალობით, ახლა უკეთესი შეფასება გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენი ათასი წლის წინ მოხდა მათი ამოფრქვევები.

ახალი კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა დაათარიღა ტაუერ-ჰილისა და ბუდჯ-ბიმის უძველეს ამოფრქვევათა ლავის ნიმუშები.

როგორც შედეგები მიუთითებს, ამ ორი ვულკანის ამფორქვევა სავარაუდოდ ერთდროულად მოხდა; დათარიღებამ აჩვენა, რომ ტაუერ-ჰილის ლავა 36 800 წლის წინანდელია (± 3800 წელი), ბუდჯ-ბიმის კი 36 900 წლის წინანდელი (± 3100 წელი).

გამომდინარე იქიდან, რომ ტაუერ-ჰილის ამოფრქვევა შედარებით უფრო ახალია, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მისი ამოფრქვევის ასაკი „პირდაპირ მეტყველებს ვიქტორიას ტერიტორიაზე ადამიანთა ყოფნის მინიმალურ ასაკზე“.

ასეთი დასკვნა ეფუძნება ქვის ცულს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დალექილი ქანებისა და ფერფლის ფენის ქვეშ აღმოაჩინეს და რა თქმა უნდა, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ იმ დროისათვის ამ ზონაში ადამიანები უკვე ცხოვრობდნენ.

გადაჭრით ძნელია იმის თქმა, ბუდჯ-ბიმის შესახებ ადგილობრივებში გავრცელებული ზეპირი გადმოცემა მართლაც ამ უძველეს ვულკანურ ამოფრქვევებს ეძღვნება თუ არა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ზეპირ გადმოცემებთან საჭიროა მეტი სიფრთხილე.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.