როგორ გახდა მტვრის შტორმები ერთ დროს ძლევამოსილი იმპერიის დაცემის მიზეზი
როგორ გახდა მტვრის შტორმები ერთ დროს ძლევამოსილი იმპერიის დაცემის მიზეზი

იმპერია შეიძლება სხვადასხვა მიზეზთა გამო დაეცეს — თავდასხმა, ზედმეტად გაფართოება, კორუფცია, ეკონომიკური პრობლემები, კლიმატის ცვლილება. თუმცა, როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, აქადის იმპერია შესაძლოა, საკმაოდ უცნაური მიზეზის გამო დაემხო — ქვიშის შტორმები.

აქადის იმპერია ბრინჯაოს ხანაში ყვაოდა (ძვ. წ. 24-ე — 22-ე საუკუნეები) და მდებარეობდა უძველეს მესოპოტამიაში, ქალაქ აქადის გარშემო; აერთიანებდა რამდენიმე ქალაქს ერთი მმართველის ქვეშ. იმპერია რეგიონში რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ უცაბედად დაეცა.

ახალი კვლევა 4100 წლის პორიტის გვარის მარჯნების ნამარხების გეოქიმიურ ანალიზებს ეფუძნება და დამატებით დეტალებს გვთავაზობს იმპერიის უეცარი დაცემის შესახებ. გარდა ამისა, კვლევა სწორედ რომ დროულად შეგვახსენებს, თუ რა გამანადგურებელი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს გარემოს ცვლილებებს კარგად ჩამოყალიბებული და დომინანტი ცივილიზაციებისთვისაც კი.

იაპონიის ჰოკაიდოს უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერის, ციოში ვატენაბეს განცხადებით, აქადის იმპერიის კოლაფსის ოფიციალურ მიზეზად მესოპოტამიაში სხვა ხალხების შეჭრა მიიჩნევა, მაგრამ მათ მიერ შესწავლილი ნამარხების ნიმუშები ერთგვარი ფანჯრებია დროში, რომლებიც აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმპერიის დასუსტებაში.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ტელ-ლეილანის არქეოლოგიური ძეგლიდან (ერთ დროს აქადის იმპერიის ნაწილი) აღებული მარჯნების ნამარხების შესწავლამ აჩვენა, რომ იმპერიის დაცემის პერიოდში, რეგიონში უცბად გაბატონდა ძლიერი სიმშრალე, ასევე ჩანს ხშირი შამალების ნიშნებიც. შამალი ეწოდება ქვიშის შტორმების ძლიერ ქარს სპარსეთის ყურეში.

ნამარხებით ასევე ირკვევა, რომ დაახლოებით 4200 წლის წინ, აქადის დინასტიის დაცემის პერიოდში, გახანგრძლივებული იყო ზამთრის შამალების სეზონიც. ამას დაემატა მცენარეთა ზრდისთვის ცუდი მეტეოროლოგიური პირობები და მკაცრი გარემოც, რამაც დიდი ალბათობით, სამოქალაქო არეულობა გამოიწვია.

გვალვა და საზოგადოებრივი კოლაფსი უკვე მიჩნეულია აქადის იმპერიის უეცარი დაცემის ერთ-ერთ პოტენციურ მიზეზად; ამას ემატებოდა სხვა ხალხების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებიც, მაგრამ ახალი კვლევა ისტორიის ამ მონაკვეთის შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს გვთავაზობს.

შეიძლება, ვერც ვერასოდეს გავიგოთ, ზუსტად რა მოხდა აქადეველთა მბრძანებლობის დასასრულს, მაგრამ ეს ნამარხები საკმაოდ მომაჯადოებელ საშუალებებს გვთავაზობს — ინახავს ცნობებს ათასობით წლის წინანდელი კლიმატის შესახებ. იგივეს გვთავაზობს ყინულებიდან აღებული ნიმუშები და ხეების რგოლები.

მიღებული შედეგები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის არა მხოლოდ წარსულის შესახებ, არამედ ერთგვარი გაფრთხილებაა ჩვენთვისაც დღეს, როცა კლიმატი დღითი-დღე იცვლება. აქადეველთა მსგავსად, დღეს სულ უფრო ხშირად ვხედავთ ექსტრემალურ ამინდს, რის შედეგადაც, გარკვეული რეგიონები სულ უფრო არასტუმართმოყვარე ხდება.

მესოპოტამიის ამ კონკრეტული ნაწილის შემთხვევაში, ხალხმა იქ დაბრუნება და დასახლება მხოლოდ ასობით წლის შემდეგღა შეძლო — კიდევ ერთი გაფრთხილება წარსულიდან.

„ზედაპირის ქარების უცაბედ გაძლიერებას მესოპოტამიის რეგიონში ზამთრობით ძლიერი გამოშრობა უნდა გამოეწვია. ზამთრის სეზონი კი ამ რეგიონში დღემდე გადამწყვეტია სოფლის მეურნეობისთვის“, — ასკვნიან მეცნიერები კვლევაში.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია global.hokudai.ac.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.