იერუსალიმთან 10 000 წლის უზარმაზარი ნეოლითური ნაქალაქარი აღმოაჩინეს
იერუსალიმთან 10 000 წლის უზარმაზარი ნეოლითური ნაქალაქარი აღმოაჩინეს

იერუსალიმის სიახლოვეს ქვის ხანის გიგანტური დასახლება აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამ სახის ძეგლია, რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია.

ნეოლითური მეგა-ძეგლი იერუსალიმიდან 5 კილომეტრით დასავლეთით, მოცას მიკრორაიონში აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ეს დასახლება 10 000 წლის წინ დაარსდა, დაახლოებით ათასი წლის შემდეგ კი ვაჭრობისა და სხვა აქტიურ საქმიანობათა ცენტრი გახდა, სადაც 2000-3000 ადამიანი ცხოვრობდა.

ისრაელის სიძველეთა სამმართველოს არქეოლოგის, ლორენ დევისის განცხადებით, ეს გახლავთ ისტორიის ამ მონაკვეთის უდიდესი არქეოლოგიური გათხრა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უდავოდ ბევრ ახალი ინფორმაციას მოგვაწვდის.

უძველესი ქალაქის ნამდვილი სახელი უცნობია; თუმცა ვიცით, რომ ის სტოუნჰენჯსა და ეგვიპტის პირამიდებზე ძველია. არქეოლოგიური გათხრები 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქის ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარი უნდა ყოფილიყო.

დასახლება 10500 წლის წინ დაარსდა და მაშინ სულ რაღაც ერთი ჰექტარის ფართობს მოიცავდა. თუმცა, მომდევნო 1500 წლის განმავლობაში ის განვითარებულ ურბანულ ცენტრად იქცა, რომელშიც მრავლად იყო დიდი შენობები, საზოგადოებრივი ობიექტები და სარიტუალო ადგილები.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის აღმოჩენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. წლების წინ არქეოლოგები ეჭვობდნენ, რომ მოცას ქვეშ შეიძლება გარკვეული სახის ნეოლითური დასახლების ნაშთები ყოფილიყო, მაგრამ დამარხული ქალაქი დღის სინათლეზე მხოლოდ ბოლო წლებში გამოჩნდა, როცა ამ ზონაში ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყეს.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, ჯეიკობ ვარდის განცხადებით, ეს აღმოჩენა თამაშის წესებს ცვლის, რადგან დრამატულად შეიცვლება ყველაფერი, რაც ნეოლითური ხანის შესახებ ვიცით.

ამ დრომდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ეს რეგიონი იმ პერიოდში დაუსახლებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, გარემო პირობები სულ სხვა რამეზე მიუთითებდა — ხეობაში არის ნაყოფიერი მიწები და მდინარე სორეკის მტკნარი წყალი.

თურქეთში აღმოჩენილ ქალაქ ჩათალჰოიუქისგან განსხვავებით, მოცას მეტროპოლისში შეინიშნება ფართო, თავისუფალი გასავლელები შენობებს შორის. ჩათალჰოიუქის მცხოვრებლებს ქალაქში გადაადგილება მხოლოდ შენობიდან შენობაზე, კიბეების საშუალებით შეეძლოთ.

ქალაქის ერთ ნაწილში აღმოჩენილია საცავები, სადაც ადამიანები თესლებსა და საკვებს, მათ შორის ოსპსა და მუხუდოს ინახავდნენ.

სამარხებში აღმოჩენილი კულტურული არტეფაქტები და ძვირფასი ნაკვეთი ნივთები, მაგალითად სამაჯურები და მედალიონები მიუთითებს, რომ იქ მცხოვრები საზოგადოება ამზადებდა და ყიდდა ეგზოტიკურ საგნებს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს, რომ ამ უძველეს ხალხს გაცვლა-გამოცვლა ჰქონდათ გაჩაღებული სხვა შორეულ ადგილთა მცხოვრებლებთან.

სამარხებში აღმოჩენილია უცნობი ტიპის ქვისგან დამზადებული უნიკალური ობიექტები, ასევე ანატოლიის ობსიდიანისგან (ვულკანური მინა) დამზადებული საგნები, ხმელთაშუა და წითელი ზღვებიდან მოტანილი ნიჟარები.

გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს კაჟის იარაღები, მათ შორის სანადირო და საბრძოლო ისრები, ნაჯახები და დანები.

ზოგიერთი იარაღი სოფლის მეურნეობისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი; ირკვევა, რომ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი და სხვა მარცვლეული.

მკვლევართა განცხადებით, გარდა მარცვლეულისა, ეს უძველესი ხალხი ასევე ჭამდა ძროხას, ღორს და სავარაუდოდ, პირველი საზოგადოება იყო, რომელმაც თხა მოიშინაურა.

შეჭმულ ცხოველთა ძვლები მიუთითებს, რომ ქალაქის მოსახლეობა თავდაპირველად მონადირე-შემგროვებელი უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი დასახლება თანდათან დახვეწილიყო და ზომაშიც სწრაფად გაზრდილიყო.

გათხრები გრძელდება. არქეოლოგთა განცხადებით, ეს უპრეცედენტო ძეგლი ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს მალავს.

მომზადებულია mfa.gov.il-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი