მსოფლიოში უძველესი ქვის იარაღები სავარაუდოდ იმაზე უფრო ძველია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უძველესი ქვის იარაღები სავარაუდოდ იმაზე უფრო ძველია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

ანთროპოლოგებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა იმის გარკვევა, როდის განვითარდნენ ადამიანის ყველაზე ადრეული სახეობები და ქვის იარაღების გამოყენებაც დაიწყეს; უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ ეს ფრიად მნიშვნელოვანი ევოლუციური ნაბიჯი იყო. აღსანიშნავია, რომ ადრეული ქვის ტექნოლოგიების საპროგნოზო თარიღმა სულ ახლახან, დროში რამდენიმე ათეულ ათასი წლით უკან გადაიწია.

სტატისტიკური ანალიზის ახალი მეთოდის გამოყენებით, ამ დროისათვის აღმოჩენილ ქვის იარაღებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა ჯერჯერობით აღმოუჩენელ ქვის იარაღთა არტეფაქტების პროპორცია შეაფასეს. თავის მხრივ, ეს იმის გამოცნობის საშუალებას გვაძლევს, რა ასაკის შეიძლება იყოს ის ქვის ნაშთები, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია.

ამ გაანგარიშებებით ირკვევა, რომ უძველესი ჰომინინუსები (Hominini — ჰომინინების ქვეოჯახში შემავალი ტრიბა), 2,617 – 2,644 მილიონი წლის წინ შეიძლება უკვე იყენებდნენ ე. წ. ოლდუვაინის კულტურის საბაზისო ქვის იარაღებს (63 000 წლით უფრო ადრე, ვიდრე ამჟამინდელი აღმოჩენები მიუთითებს); ოდნავ უფრო დახვეწილ აშელის კულტურის იარაღებს კი 1,815 – 1,823 მილიონი წლის წინ (სულ მცირე 55 000 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა).

„ჩვენი კვლევა შესაძლოთა შორის საუკეთესო შეფასებას გვთავაზობს იმის გასაგებად, როდის დაამზადეს ჰომინინუსებმა პირველად ამ ტიპის ქვის იარაღები“, — ამბობს კენტის უნივერსიტეტის პალეოლითის არქეოლოგი ალასტარ კი.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია მრავალ მიზეზთა გამო, მაგრამ სულ მცირე იმით არის გასაოცარი, რომ წარმოაჩენს სავარაუდოდ აღმოუჩენელ არტეფაქტთა მნიშვნელოვან ოდენობას.

ოპტიმალური ხაზოვანი შეფასების (OLE) სტატისტიკური ანალიზით უკვე სცადეს იმის შეფასება, რამდენ ხანს ცოცხლობდნენ სახეობები გადაშენებამდე; ამისათვის გამოიყენეს ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი ნამარხები. აღმოჩნდა, რომ პროცესი გონივრულად ზუსტია; ამ კვლევაში ამ მეთოდის შებრუნებული ვერსია გამოიყენეს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დროისათვის არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი უძველესი ქვის იარაღები სინამდვილეშიც ყველაზე ძველი იყოს ადამიანთა მიერ გამოყენებულთა შორის — ექსპერტების აზრით, ბევრი მათგანი სამუდამოდ დაკარგულია, აღმოჩენილთა დათარიღება კი რთულია; თუმცა, ოპტიმალური ხაზოვანი შეფასება არსებულ არტეფაქტთა ექსტრაპოლაციის გზას გვთავაზობს.

მართალია, ოპტიმალური ხაზოვანი შეფასება (OLE) არქეოლოგიაში ახალი მიდგომაა, მაგრამ ახალი კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ის უფრო ფართოდ აღიარებული გახდება. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მტკიცებულებები მაინც ველზე აღმოჩენილი რეალური საგნებია, ეს ფიზიკური აღმოჩენები ვერ გვიყვება იმ სრულ ამბავს, რაც სინამდვილეში ხდებოდა მილიონობით წლის წინ.

„ოპტიმალური ხაზოვანი შეფასების მოდელირების მეთოდი მე და ჩემმა კოლეგებმა თავდაპირველად გადაშენებათა დათარიღებისთვის შევქმენით“, — ამბობს კენტის უნივერსიტეტის საკონსერვაციო მეცნიერი დევიდ რობერტსი.

მისივე განცხადებით, დამტკიცდა, რომ ეს საიმედო მეთოდია სახეობათა გადაშენების დროში განაწილების დასადგენად და ეფუძნება ბოლოს გამოჩენის ვადებს; შესაბამისად, კიდევ ერთი ამაღელვებელი ინოვაცია იყო მისი მორგება არქეოლოგიურ არტეფაქტთა პირველად გამოჩენებზე.

ქვების დამტვრევისა და სხვადასხვა მიზნებისთვის მათი გამოყენების უნარმა, რაც ჰომინინუსებს განუვითარდათ, ამ ადრეულ ადამიანებს სრულიად ახალი ჰორიზონტი გაუხსნა: ნადირობის და მშენებლობის შესაძლებლობების, საკვებთან და მასალებთან მუშაობის თვალსაზრისით და ა. შ. ამას ადამიანის ევოლუციის „საეტაპო ბარიერს“ უწოდებენ.

იმისათვის, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, რამდენად შორეულ წარსულზეა საუბარი, გეტყვით, რომ როგორც ამჟამად არის მიჩნეული, ქვის იარაღების გამოყენება ჰომინინუსებმა მაშინ დაიწყეს, ვიდრე ცერა თითი განუვითარდებოდათ, ანუ, ქვებს ჯერ კიდევ იქამდე ვამსხვრევდით, ვიდრე ხელში საგნების ნორმალურად დაჭერას შევძლებდით.

ამ დროისთვის აღმოჩენილი უძველესი ქვის იარაღები 3,3 მილიონი წლის წინანდელია და ისინი კენიაში, არქეოლოგიურ ძეგლ ლომეკივიზე იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძეგლზე აღმოჩენილი მასალები საკმარისი არ არის ოპტიმალური ხაზოვანი შეფასების (OLE) ანალიზებისთვის, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ქვის იარაღების გამოყენება შეიძლება ამაზე უფრო ადრეც დაიწყო. თუმცა, იქვე აღიარებენ, რომ მათ შეფასებას დიდი ალბათობით შეცვლის სამომავლო გათხრები და აღმოჩენები.

„იმის დადგენა, როდის დაამზადეს ჰომინინუსებმა პირველად ლომევიკის, ოლდუვაინისა აშელის ტექნოლოგიები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა წარმოშობის კვლევებისთვის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევა Journal of Human Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია kent.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.