10 მილიონი წლის ნამარხი ადამიანის ევოლუციის განსხვავებულ სურათს გვთავაზობს
10 მილიონი წლის ნამარხი ადამიანის ევოლუციის განსხვავებულ სურათს გვთავაზობს

ცენტრალური ევროპის პატარა, ფირუზისფერი კარიერის წყლებით ცნობილ სამთო-მოპოვებით ქალაქში რუდაპითეკი აღმოაჩინეს. უნგრეთის ქალაქ რუდაბანიაში, ეს უძველესი, განმარხებული მაიმუნი 10 მილიონი წლის განმავლობაში ელოდა აღმოჩენას, რათა ჩვენთვის ახალი ცნობები გადმოეცა ადამიანის ევოლუციის შესახებ.

კონკრეტულად კი, აღმოაჩინეს მენჯის ძვლოვანი სარტყელი, ჩონჩხის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ძვალი, რომელიც იშვიათად უძლებს დროს. ძვლის შესწავლის შემდეგ, მისურის უნივერსიტეტის ჯგუფმა კაროლ ვარდის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა, რომ ადამიანის ბიპედალიზმი, ანუ რო ფეხზე სიარულის უნარი შეიძლება იმაზე გაცილებით ადრე განვითარდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

რუდაპითეკის მენჯის ძვალი ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორმა დევიდ ბეგანმა აღმოაჩინა და კვლევაში თანამშრომლობისთვის კაროლ ვარდი მიიწვია. ბეგანს მანამდე შესწავლილი ჰქონდა Რუდაპითეკის კიდურების ძვლები, ყბების ძვლები და კბილები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ რუდაპითეკი თანამედროვე აფრიკის მაიმუნებისა და ზოგადად, ადამიანებს ენათესავებოდა, რაც ნამდვილად გასაკვირია არსებისთვის, რომელიც ევროპაში ბინადრობდა. უცნობი რჩებოდა ცნობები მისი სხეულის მდგომარეობისა და გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, მენჯის ძვლის აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია.

კაროლ ვარდის განცხადებით, რუდაპითეკი ძალიან ჰგავდა მაიმუნს და ტოტებს შორის სავარაუდოდ ისე დახტოდა, როგორც დღევანდელი მაიმუნები — ტანს მაღლა სწევდა და ფოფხდებოდა ხელებით.

თუმცა, როგორც მკვლევარი აღნიშნავს, თანამედროვე დიდი მაიმუნებისგან მას განასხვავებდა უფრო მოქნილი ქვედა წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თითქმის ადამიანის მსგავსად, მიწაზე წელში გამართულს დგომა უნდა შეძლებოდა.

თანამედროვე აფრიკულ მაიმუნებს გრძელი მენჯის ძვალი და დაბალი ქვედა წელი აქვთ, რადგან ისინი საკმაოდ დიდი ცხოველები არიან. როგორც წესი, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მიწაზე ისინი ოთხი კიდურით დადიან. ადამიანებს გრძელი, უფრო მოქნილი ქვედა წელი აქვთ, რაც მათ წელში გამართულად დგომისა და ორ ფეხზე თავისუფლად სიარულის საშუალებას აძლევს; ეს მახასიათებელი კი გადამწყვეტია ადამიანის ევოლუციაში.

ვარდის თქმით, თუ ადამიანები აფრიკის მაიმუნთა მსგავსი სხეულის აღნაგობიდან განვითარდნენ, საჭირო იქნებოდა არსებითი ცვლილებები — ქვედა წელის დაგრძელება და მენჯის ძვლის დამოკლება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანები უფრო რუდაპითეკის მსგავსი წინაპრებისგან მოდიან, ასეთი ცვლილება გაცილებით მარტივი იქნებოდა.

როგორც იგი აღნიშნავს, მათ შეძლეს იმის დადგენა, რომ რუდაპითეკს უფრო მოქნილი ტორსი უნდა ჰქონოდა, ვიდრე აფრიკის დღევანდელ მაიმუნებს; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის გაცილებით პატარა იყო, დაახლოებით საშუალო ძაღლის ზომის. ეს აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მხარს უჭერს სხვა მტკიცებულებათა მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებას, რომ ადამიანთა წინაპრები სულაც არ იყვნენ აფრიკული მაიმუნების მსგავსი.

მომზადებულია missouri.edu-ს მიხედვით.