გადამწყვეტი ჰორმონი, რომელმაც შეიძლება, მაიმუნებისგან ადამიანების გამიჯვნა და ევოლუცია გამოიწვია
გადამწყვეტი ჰორმონი, რომელმაც შეიძლება, მაიმუნებისგან ადამიანების გამიჯვნა და ევოლუცია გამოიწვია

ადამიანებს აქვთ სოციალური უნარების მთელი წყება, რომელიც მათ სხვა ცხოველებისგან განასხვავებს. როგორც ახალი კვლევა იუწყება, ეს ყველაფერი შეიძლება დავიდეს ჩვენს ტვინში არსებულ დოფამინის ჭარბ დონემდე.

დოფამინი ნეიროტრანსმიტერია — ქიმიური შიკრიკი თავის ტვინში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი გონების კომპენსირების ცენტრთან და ჩვენს გუნებასთან, მეხსიერებასთან და მოძრაობასთან. მეცნიერთა აზრით, სწორედ მის გამო შეიძლება ვართ ჩვენ მეგობრულები და ნაკლებ აგრესიულები სხვა მრავალ პრიმატთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ დოფამინი აღმოჩენილია ადამიანებშიც და ცხოველებშიც, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა, ადამიანის თავის ტვინიდან აღებულ ქსოვილთა ნიმუშებში დოფამინის „დრამატულად გაზრდილი“ დონე აღმოაჩინეს სხვა პრიმეტებთან შედარებით. შესაძლოა, სწორედ ამ ქიმიურმა ნარევმა შეგვაბიჯებინა გრძელ ევოლუციურ ისტორიაში.

„ჩვენი უახლოესი ნათესავებისგან განსხვავებით, ადამიანები ხასიათდებიან თვალშისაცემი დემოგრაფიული წარმატებითა და მოწინავე სოციალური თვისებებით, მაგალითად, ენით, ემპათიითა და ალტრუიზმით“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ოჰაიოს კენტის სახელმწიოფ უნივერსიტეტიდან, ოუენ ლავჯოი.

„რთულია იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდა ადამიანთა სოციალური ქცევა ინდივიდუალური რეპროდუქციული განვითარების გზით“.

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ადამიანთა და სხვა პრიმატთა თავის ტვინს შორის არსებული განსხვავების ახსნას, გარდა იმისა, რაც უკვე ვიცით — ადამიანის თავის ტვინი ზომით უფრო დიდია; კვლევათა ძალიან დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ნეიროქიმიაზე.

ანთროპლოგთა აზრით, უნდა არსებობდეს გარკვეული უმთავრესი განსხვავებები, რათა ავხსნათ, თუ როგორ დავიწყეთ წელში გამართულმა სიარული, შევქმენით იარაღები და საბოლოოდ, ჩამოვაყალიბეთ მოწინავე ცივილიზაციები.

მკვლევართა ჯგუფმა აიღო 38 ნიმუში ადამიანის, კაპუცინი მაიმუნების, ღორისკუდა მაკაკების, პავიანი ანუბისის, გორილებისა და შიმპანზეების თავის ტვინის ქსოვილებიდან; ყველა მათგანი დაღუპული იყო ბუნებრივი სიკვდილით.

ამის შემდეგ, ისინი კონცენტრირდნენ ტვინის ერთ-ერთ ნაწილზე, სტრიატუმზე (საბაზო ნერვული კვანძების ნაწილი), რომელიც ასრულებს ერთგვარი დახარისხების ოფისის ფუნქციას იმ ნერვული შეტყობინებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მოძრაობასთან, სწავლასთან და სოციალურ ქცევასთან. როდესაც ქსოვილი სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერებზე პასუხისმგებელი ქიმიური ნაერთებით შეღებეს, მკვლევრებს საშუალება მიეცათ ეხილათ დოფამინის, სეროტონინის და ნეიროპეპტიდ Y-ს დონეები.

ყველა ეს ნეიროტრანსმიტერი დაკავშირებულია სოციალურ სტიმულებთან და კოოპერირებულ კავშირთან; ადამიანებსა და მაიმუნებს უფრო მეტი სეროტონინი და ნეიროპეპტიდ Y აქვთ, ვიდრე სხვებს. თუმცა, ადამიანებს აქვთ გაცილებით დიდი ოდენობით დოფამინი და ნაკლები აცეტილქოლინი, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ ქცევასთან.

მთლიანობაში, ის კავშირიშია გასული წლის ბოლოს ზოგიერთ იგივე მკვლევართა მიერ ჩატარებულ სხვა კვლევასთან, რომელმაც ადამიანებში TH გენების უფრო ძლიერი გამოხატულება აღმოაჩინა შიმპანზეებთან შედარებით — სწორედ ეს გენია ჩართული დოფამინის წარმოებაში.

აქედან გამომდინარე, უფრო დიდი სოციალური მგრძნობელობა ადრეულ ადამიანებში, შეიძლება დოფამინის გაზრდილმა დონემ გამოიწვია. ეს კი მათ დაეხმარა ერთმანეთზე ზრუნვაში, სექსუალური ურთიერთობების ლიმიტირებასა და ჯგუფებს შორის აგრესიის შემცირებაში — ყველაფერი, რაც სახეობის გაუმჯობესებისათვისაა ხელსაყრელი.

საქმე ეხება ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარ ცვლილებებს ჩვენი ანატომიის ისეთ კომპლექსურ ნაწილში, რომ შეუძლებელია რაიმე გადაჭრით ითქვას. თუმცა ამ სახის ნეიროქიმიური ანალიზები მკვლევრებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საღ აზრამდე მისვლაში.

მეცნიერთა აზრით, სტრიატუმის განსხვავებულმა ქიმიურმა დონეებმა შესაძლოა არსებითი წვლილი შეიტანა შიმპანზეებისა და ადამიანების პერსონალური სტილისა და სოციალური ქცევების გამიჯვნაში; მაშინაც კი, როცა მათი თავის ტვინები თითქმის ერთნაირი ზომის იყო, 7-9 მილიონი წლის წინ.

შეიძლება ისიც, რომ მდედრები წყვილდებოდნენ სოციალურად მეგობრულ, არც ისე აგრესიულ მამრებთან; ის მამრები კი, რომლებიც ერთობლივად მუშაობდნენ, უფრო წარმატებულნი იყვნენ ნადირობასა და მშენებლობაში, რამაც მოგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ.

„როდესაც ნეიროქიმიაში არსებულ ამ განსხვავებას ადამიანთა ნამარხების გადმოსახედიდან ვუყურებთ, ისე ჩანს, რომ ის ჰომინიდების წარმოშობის ფესვებთანაა გაწოლილი და პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მათ ადრეულ, შეუფერებელ წარმატებასთან“, — ამბობს კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი მერი ენ რაგჰანტი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია kent.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ფოტო: “Rise of the Planet of the Apes” (20th Century Fox)