ინდოეთში აღმოჩენილმა ქვის იარაღებმა, უძველეს ადამიანთა მიგრაციის ამბავი შეიძლება სრულიად შეცვალოს
ინდოეთში აღმოჩენილმა ქვის იარაღებმა, უძველეს ადამიანთა მიგრაციის ამბავი შეიძლება სრულიად შეცვალოს

ჩვენ ყველა აფრიკის შვილები ვართ. როგორც ჰომინინთა სახეობა ჰომო საპიენსის წევრები, თქვენც და მეც ვართ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მილიონობით წლიანი საერთო ევოლუციური ისტორიის პროდუქტები.

მაგრამ როგორც სახეობა, შედარებით ახალი ვართ, ჩამოვყალიბდით დაახლოებით 400 000-300 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აფრიკაში, ადგილობრივი არქაული პოპულაციებისგან.

ამჟამად, პალეოანთროპოლოგიის წინაშე მდგარ უდიდეს კითხვებს შორისაა იმის გარკვევა, თუ როდის და როგორ დატოვეს ადრეულმა ადამიანებმა კონტინენტი. ერთეული გაფანტვა იყო თუ მრავლობითი?

ცოტა ხნის წინ, ისრაელში აღმოჩენილი ყბის ძვლის ნამარხი გვაფიქრებინებს, რომ მიგრაცია არაუგვიანეს 180 000 წლის წინ უნდა დაწყებულიყო.

თუმცა, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ ადრეულმა ადამიანებმა აფრიკა გაცილებით ადრე დატოვეს.

ახალი კვლევა იუწყება შუა პალეოლითის ხანის (200 000-40 000 წლის წინ) იარაღების აღმოჩენის შესახებ ინდოეთის ტამილნადუს შტატში.

საოცარია, რომ ეს იარაღები 385 000 წლის წინანდელია, რაც დაახლოებით ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ეს ტექნოლოგია პირველად გამოჩნდა აფრიკის არქაულ ან შესაძლოა, თანამედროვე ადამიანებში.

აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს მრავალი მკვლევრის მიერ მხარდაჭერილ ხედვას, რომლის მიხედვითაც, ეს ტექნოლოგია ინდოეთში სულ მცირე 140 000 წლის წინ გამოჩნდა.

ატირამპაკამის არქეოლოგიური ძეგლი

ატირამპაკამი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტამილნადუში, მდინარე კორტალაიარის ნაპირებზე.

ინდოელ მკვლევართა ჯგუფმა გათხრების შედეგად აღმოაჩინა ქვის იარაღთა უხვი ფენები, რომლებიც ამ ზონაში ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან გამდინარე ნაკადულების მიერ მოტანილ დანალექებში იყო ჩაჭედილი.

 

როგორც ჩანს, დაახლოებით 1,7 მილიონი წლის წინ, ეს ადგილი სპორადულად დაიკავეს მაიმუნებმა და ჰომო საპიენსზე ადრეულმა ჰომინინებმა.

ინფრაწითელი სტიმულირების ლუმინესცენციის დათარიღების მეთოდის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრავს თუ როდის მოხვდა დანალექთა მარცვლებს ბოლოს სინათლე — კვლევის ავტორებმა განსაზღვრეს, რომ იარაღებში ჩაჭედილი შლამისა და ქვიშის მარცვლები 385 000-172 000 წლის წინანდელია.

ეს იარაღები წარმოადგენს ერთგვარ გადასვლას ადრეულ ადამიანთა აშელის კულტურიდან ქვედა პალეოლითში, სადაც იარაღების ზომა შემცირდა. იარაღებს უკვე ამზადებდნენ უფრო დახვეწილი მეთოდით, რომელსაც ლევალუა ეწოდება. ამზადებდნენ ქვის წვერებსა და დანებს.

ეს იარაღები წარსულში სწევს შუა პალეოლითის ტექნოლოგიების წარმოშობას ინდოეთში. წინა კვლევები გვთავაზობდა, რომ ეს მოხდა 140 000-46 000 წლის წინ, სავარაუდოდ მაშინ, როცა ჰომო საპიენსები ამ სუბკონტინენტზე მივიდნენ.

მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ერთი რამ — ეს თარიღები ნიშნავს ჰომო საპიენსისა და ჩვენი სახეობის მიგრაციებს ძველი სამყაროს დანარჩენ ნაწილში.

ამ შედეგებში გასარკვევად, გვჭირდება ჩრდილოეთ აფრიკის ნამარხების შესწავლა და იმის გარკევავ, თუ რამდენად არის ისინი დაკავშირებული ჰომინინისა სახეობასთან და ტექნოლოგიასთან.

თანამედროვე ადამიანები

აფრიკული შუა ქვის ხანის ტექნოლოგიები, რომლებიც დაახლოებით 400 000 წლის წინ გამოჩნდა, მიჩნეულია, რომ შექმნილია ადრეული ქვის ხანის კულტურების მიერ ისეთ ძეგლებთან, როგორებიცაა კაპტურინი (კენია), კათუ-პანი (სამხრეთ აფრიკა) და მაკაპანსგატი (სამხრეთ აფრიკა).

მაკაპანსგატის ძეგლი განსაკუთრებით წარმოაჩენს გადასვლას აშელიდან ლევალუას ტექნოლოგიებზე, რაც შესანიშნავად შეიმჩნევა ინდოეთში, ატირამპაკამის არქეოლოგიურ ძეგლზეც, მაგრამ უფრო მეტად დაკავშირებული არქაულ და არა თანამედროვე ადამიანთა ნამარხებთან.

ატირამპაკამის არქეოლოგიური ძეგლზე აღმოჩენილი ზოგიერთი არტეფაქტი

ცოტა ხნის წინ, მაროკოში, ჯებელ-ირჰუდის მღვიმეში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ერთად აღმოაჩინეს ჰომო საპიენსის ნამარხები და შუა ქვის ხანის იარაღები, რომლებიც 315 000 წლის წინანდელია.

კვლევა გვათავაზობს, რომ ჩვენი სახეობის გამოჩენა იყო პან-აფრიკული ევოლუციური პროცესი და შუა ქვის ხანის ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული მინიშნება.

ადამიანთა მიგრაციის შედეგები

ახალი აღმოჩენა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ არქაულმა ადამიანებმა ინდოეთში საკუთარი ასეთი ტექნოლოგია განავითარეს, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ადრეც ვარაუდობდა.

თუმცა, ყველაფერი შესაძლოა ასევე ნიშნავდეს იმას, რომ თანამედროვე ადამიანებმა აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს, ვიდრე ამას აფრიკის ზღურბლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მტკიცებულებები გვთავაზობს.

სინამდვილეში, აფრიკა მათ შეიძლება განვითარებიდან მალევე დატოვეს და რამდენიმე ათეულ ათასწლეულში ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპირომდეც მიაღწიეს.

ამ კონკურენტი მოდელის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს დამატებითი სამუშაოები ატირამპაკამის არქეოლოგიურ ძეგლზე, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კავშირი ტექნოლოგიებსა და ბიოლოგიას შორის, მარტივი არაა.

სამხრეთ აფრიკის რაიზინგ-სტარის მღვიმეში ნაპოვნიე იმის ძლიერ მტკიცებულება, რომ დროის ამავე მონაკვეთში, პრიმიტიული ჰომინინი ჰომო ნალედი სამგლოვიარო პრაქტიკას მისდევდა და თავიანთ მკვდრებს წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით ექცეოდნენ.

ტრადიციულად, ასეთი არქეოლოგიური ქცევა დაკავშირებული იყო უფრო მოწინავე ჰომინინებთან და თანამედროვე ჰომო საპიენსებთან.

არქეოლოგიურ ნიმუშებში, ზოგჯერ ბიოლოგია და კულტურა ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის. საუკეთესო გამოსავალი? გათხრები!

პატრიკ რენდოლფ-ქვინი, ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და სასამართლო ექსპერტიზის ასოცირებული პროფესორი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი