ინდონეზიის ერთ-ერთ მღვიმეში ცხოველის მსოფლიოში უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ინდონეზიის ერთ-ერთ მღვიმეში ცხოველის მსოფლიოში უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ცხოველის ამ დროისთვის უძველესი ნახატი 45 000 წლის წინანდელია და ასახავს ჯაგრიან, მეჭეჭებიან ღორს; გამოსახულება ინდონეზიაში, გამოქვაბულში აღმოაჩინეს.

მოწითალო ნახატი წითელი მინერალით, ჟანგმიწით არის შესრულებული და სავარაუდოდ ასახავს სულავესის მეჭეჭებიან ღორს (Sus celebensis) — ჯმუხ გარეულ ღორს სახეზე მეჭეჭებით, რომელიც 85 კილოგრამამდე იწონის.

კვლევის თანაავტორის, ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორის, ადამ ბრამის განცხადებით, ეს ღორები ველურ ბუნებაში დღემდე გვხვდება, მაგრამ მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება.

მისივე განცხადებით, ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას გვთავაზობს იმის შესახებ, რომ ინდონეზია კლდის მხატვრობის ნამდვილი ცხელი წერტილი იყო, მაშინ, როცა ევროპაში კლდის მხატვრობის პირველი ტრადიცია ევროპაში გამყინვარების ხანაში არ გაჩენილა, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა.

2017 წლის დეკემბერში, ბრამმა და მისმა კოლეგებმა ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე, ლეანგ-ტედონგნეს მღვიმეში მეჭეჭებიანი ღორის სულ მცირე სამი გამოსახულება აღმოაჩინეს. მღვიმე მდებარეობს ხეობაში, რომელიც ახლა ბუგისის ხალხით (ეთნიკური ჯგუფი ინდონეზიაში) არის დასახლებული.

„ამ სოფელში არ არის გზები; მიმდებარე დაბლობებიდან იქ მოხვედრა საკმაოდ რთულ ლაშქრობას მოითხოვს ტყის ბილიკების გავლით, რომლებიც კირქვის ბორცვებზე გადის და გამოქვაბულების ვიწრო გადასასვლელებთან სრულდება — ეს ამ ხეობაში შესვლის ერთადერთი გზაა“, — ამბობს ბრამი.

ბრამი ამბობს, რომ გამომდინარე აქედან, მიუხედავად ამ ხეობის სიახლოვისა დიდ ქალაქ მაკასართან, ადგილობრივთა განცხადებით, ამ ხეობაში დასავლური სამყაროს წარმომადგენლებს აქამდე ფეხი არასოდეს ჰქონდათ დადგმული. ადამ ბრამი საერთაშორისო ჯგუფთან ერთად მუშაობდა, რომელი ავსტრალიელი და ინდონეზიელი მკვლევრებისგან შედგებოდა.

კირქვოვან გამოქვაბულში არსებული ღორის რამდენიმე ნახატიდან, ყველაზე კარგად შემონახული ყველაზე ძველია. ასახავს დაახლოებით 136X54 სმ ზომის ღორს, რომლის ზემოთაც დახატულია ადამიანის ორი ხელი.

ეს ჯაგრიანი, მოკლეკუდიანი ღორი უყურებს სამ სხვა ღორს, რომელთა გამოსახულებებიც ნაკლებად არის შემორჩენილი და როგორც ჩანს, ამ დიდ ღორთან მათ გარკვეული სახის სოციალური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ.

ახლომდებარე მღვიმეში, რომელსაც ლეანგ-ბალანგაია 1-ს უწოდებენ, მკვლევრებმა ჭერზე დახატული კიდევ უფრო დიდი ღორი შენიშნეს; გამოსახულების ზომა 187X110 სმ-ია და იქვე ჩანს ოთხი ხელიც. მღვიმის ამ განყოფილებაში სულ მცირე ორი სხვა ცხოველის ნახატიც არის, მაგრამ ისინი იმდენად დაზიანებულია, რომ გაშიფვრა ჯერ ვერ ხერხდება.

რამდენიმე ანატომიური დეტალი მიუთითებს, რომ ორივე მღვიმეში ზრდასრული მამრი ღორებია გამოსახული; მაგალითად, ისინი დახატულია სახის მოზრდილი მეჭეჭებით, რომლებიც ზრდასრულ ხვადებს უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ძუებს.

შესაბამისად, იყო თუ არა ღორები კლდის მხატვართა შორის საინტერესო თემა?

სულავესის მეჭეჭებიანი ღორები ამ კუნძულისთვის უნიკალურია — ბრამის თქმით, ისინი იქ იზოლაციაში, ასობით ათასი წლის წინ ჩამოყალიბდნენ. როგორც არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, ადამიანები ამ ღორებზე ნადირობდნენ და ხანდახან იშინაურებდნენ კიდეც.

„გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ ადრეული ადამიანები ამ ღორებთან სხვადასხვა დონით საკმაოდ ახლო კავშირში იყვნენ, თანაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. უფრო მეტიც, გამყინვარების ხანის სულავესელი მხატვრები ამ ღორებით შეპყრობილნიც კი იყვნენ, რაც სულაც არ არის გასაკვირი მათი ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე“, — ამბობს ადამ ბრამი.

აქამდე, ცხოველის უძველესი კლდის ნახატი ასევე სულავესზე იყო აღმოჩენილი, სხვა მღვიმეში, მეჭეჭებიანი ღორის კიდევ ერთი გამოსახულება, რომელიც 2019 წლის კვლევის მიხედვით, სულ მცირე 43 900 წლის წინ არის შესრულებული. ეს გამოსახულებაც ადამ ბრამმა და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა.

თუმცა, ადამიანის მიერ ზოგადად შესრულებულ უძველეს ნახატს (ამ დროისთვის ცნობილს) წარმოადგენს 73 000 წლის წინანდელი ცხაურის ფორმის გამოსახულება, რომელიც სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინეს.

ახლად აღმოჩენილი კლდის მხატვრობის ასაკის დასადგენად, მკვლევართა ჯგუფმა აიღო მინერალ კალციტის რამდენიმე ნიმუში, რომლებიც ნახატზე შემდეგშია „გამოზრდილი“. მკვლევრებმა ეს ურანის სერიების დათარიღებით შეძლეს, მეთოდით, რომელიც ურანის რადიოაქტიურ დაშლას ზომავს.

კირქვის მღვიმეში ჩასული წვიმის წყალი მცირე ოდენობით ურანს ხსნის, რომელიც დროთა განმავლობაში ელემენტ თორიუმად იშლება. მინერალთა თითოეულ ნიმუშში ურანისა და თორიუმის პროპორციების გაზომვით, მეცნიერებმა განსაზღვრეს, როდის დაიწყო ამ მინერალებმა ნახატებს ზემოთ დალექვა.

ამ მეთოდით დადგინდა, რომ ლეანგ-ტედონგნეს მღვიმეში აღმოჩენილი ნახატი სულ მცირე 45 500 წლის წინანდელია, ლეანგ-ბალანგაია 1-ში აღმოჩენილი კი სულ მცირე 32 000 წლის.

გარდა იმისა, რომ ლეანგ-ტედონგნეს მღვიმის ცხოველის ნახატი უძველესია ამ სახის კლდის მხატვრობას შორის, „წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ადრეულ წარმომადგენლობითი ხელოვნების ნიმუშს და სავარაუდოდ, კუნძულ სულავესიზე თანამედროვე ადამიანთა ყოფნის უძველეს მტკიცებულებას.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.