დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოში წყალმა სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი გამოიწვია
დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოში წყალმა სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი გამოიწვია

დედამიწის ყველაზე მშრალ და ძველ უდაბნოში, რომელიც ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავს, ხშირად რაღაცები ისე არ მოქმედებს, როგორც სხვა ადგილებში.

ავიღოთ წყალი. როგორც წესი, ეს სითხე სიცოცხლის მიმნიჭებლად მიიჩნევა. თუმცა, ჩილეში მდებარე ჰიპერმშრალი ატაკამის უდაბნოს შუაგულში, ანომალიურ წვიმებს საპირისპირო შედეგი აქვს — მოაქვს სიკვდილი, სპობს სიცოცხლეს, რომელსაც სულაც არ სწყუროდა.

მიჩნეულია, რომ ატაკამის უდაბნოს შუაგული მუდმივად ჰიპერმშრალ მდგომარეობაში ბოლო 15 მილიონი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნალექი ბოლო 500 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ უეცრად შეიცვალა. 2015 წლის მარტსა და აგვისტოში ატაკამაში გაწვიმდა. იგივე განმეორდა შარშან ივნისში.

ხანგრძლივი გვალვა გატყდა, მაგრამ ზიანი მიადგა ბევრ სხვა რამეს — სიცოცხლის ფორმებს, რომლებიც შეგუებული იყვნენ ჰიპერმშრალ ეკოსისტემას და საერთოდ არ ელოდნენ უეცარ, მომაკვდინებელ ალტერნატივას წყლის სახით.

კორნელის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგ ალბერტო ფაირენის განცხადებით, ატაკამაში წვიმის შემთხვევაში ისინი სიცოცხლის საოცარ აფეთქებას ელოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა — წვიმამ გამოიწვია ადგილობრივ მიკრობთა უმეტესი სახეობის მასობრივი გადაშენება.

აღსანიშნავია, რომ ატაკამაში წვიმის მოსვლამდე აღებული ნიადაგის ნიმუშებში 16 სახეობის მიკრობი აღმოაჩინეს.

უდაბურობისა და უნაყოფობის გამო, ამ რეგიონს ხშირად მარსს ადარებენ. ატაკამის არასტუმართმოყვარე გარემო ერთ-ერთი ყველაზე ახლოს დგას ჩვენს ხელთ არსებულ იმ ადგილებს შორის, სადაც შეგვიძლია ვიკვლიოთ, როგორ შეიძლება განვითარებულიყო სიცოცხლე წითელ პლანეტაზე.

წვიმის შემდეგ, რომელმაც მუდმივად მტვრიან უდაბნოში პატარა გუბურებიც დატოვა, ნიადაგის ანალიზებმა აჩვენა, რომ მიკრობების 75-87 პროცენტი გადაშენებულიყო. ეს ყველაფერი მაშინ, როცა დედამიწის სხვა უდაბნოებში წყალი სიცოცხლის უცაბედ აფეთქებებს იწვევს.

ფაირენის თქმით, წვიმის შემდეგ, გუბურაში ოთხიდან მხოლოდ ორი სახეობის მიკრობი გადარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უცბად მოსული დიდი ოდენობის წყალი ოსმოტური შოკით კლავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეგუებულნი არიან ჰიპერმშრალ გარემოში შეზღუდული ოდენობის ტენის მოპოვებას.

ოსტომური შოკი ხდება მაშინ, როცა უჯრედის გარშემო სითხეში დაშლილი ნივთიერებები უცბად იცვლის კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ სწრაფად ცვლის წყლის შეღწევადობას უჯრედის მემბრანაში და იწვევს მწვავე სტრესს.

ამ უჯრედული სტრესისგან თავდაცვა სახეობებმა სხვადასხვა გზით გამოიმუშავეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხეს ატაკამის მიკრობებმა.

შესაძლოა, ატაკამის მიკრობებს ბედმა უმუხთლათ, მაგრამ ეს აღმოჩენა სასიხარულოა სხვა მხრივ, რადგან გვაწვდის ღირებულ ახალ ცნობებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მიკროფლორა და მიკროფაუნა უცხო პლანეტათა მსგავს მშრალ, სასტიკ გარემოში.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი