ატაკამის უდაბნოში აღმოჩენილი მუმიფიცირებული თუთიყუშები ისტორიის ბნელ მხარეზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ატაკამის უდაბნოში აღმოჩენილი მუმიფიცირებული თუთიყუშები ისტორიის ბნელ მხარეზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

რაც უფრო მეტად ვიკვლევთ ჩილეში მდებარე უკიდურესად მშრალ უდაბნო ატაკამას, მით მეტ რამეს ვპოულობთ. იქაური მისტიკური და განსაცვიფრებელი ფენომენები ხშირად არამიწიერს წააგავს.

თუმცა, ამ წარმოუდგენლად მშრალ ადგილას, მხოლოდ კლიმატი როდია ულმობელი. ამ არასტუმართმოყვარე ადგილის უძველესი მოსახლეობა, ყველაფრით ვაჭრობდა, რაც კი ხელში მოხვდებოდა.

როგორც ჩანს, ზოგჯერ ეს შორიდან მოყვანილი ფერადი ჩიტების ბრჭყვიალა ბუმბულები იყო, რადგან ამ უდაბნოში ისინი არ ბინადრობდნენ.

„ცხოველებთან მათი ურთიერთობა სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩვენ დღეს მისაღებად მიგვაჩნია. ამ ფრინველებს სულაც არ ჰქონდათ ბედნიერი ცხოვრება. მათ ბუმბულების წარმოების მიზნით ზრდიდნენ და მაშინვე ბრდღვნიდნენ, როგორც კი ამოეზრდებოდათ“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური არქეოლოგი ხოსე კაპრილესი.

კაპრილესი კოლუმბამდელი ამერიკის კულტურების უცნაური ნივთების სპეციალისტია.

ამჯერად, დედამისთან, ორნიტოლოგ ელიანა ფლორეს ბედრეგალთან ერთად, მან შეისწავლა ატაკამის უდაბნოში აღმოჩენილი ოცზე მეტი მუმიფიცირებული თუთიყუშის ცხოვრება და სიკვდილი.

კვლევის ფარგლებში უდაბნოს ხუთი არქეოლოგიური ძეგლი შეისწავლეს, სადაც თუთიყუშების სულ მცირე ხუთი სახეობის წარმომადგენელი აღმოაჩინეს. მუმიფიცირებული ნაშთები ახ. წ. 1100 – 1450 წლებს ეკუთვნის.

„ტროპიკულ ფრინველთა ბუმბულები კოლუმბამდელ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და წმინდა სტატუსის სიმბოლო იყო“, — წერენ ავტორები.

მათივე განცხადებით, ანდების მთებში, დახვეწილად წარმოებული ტანსაცმელი და ქსოვილები შეიცავდა ტროპიკულ თუთიყუშთა მრავალფერ ბუმბულებს, რაც ძალაუფლებისა და პრესტიჟის სიმბოლო იყო და განსაკუთრებით ფასობდა პოლიტიკურ და რელიგიურ ელიტებში.

ამ გასაოცარ ქსოვილთა ნაკეცებს მიღმა, მათი გულისთვის, ფერად-ფერადი ჩიტები სავარაუდოდ ტყვეობაში ცხოვრობდნენ, ძალიან ცუდ პირობებში, მშობლიური ამაზონის ტყეებიდან ძალიან შორს.

ზოგჯერ ბუმბულებს სხვა რეგიონებშიც აგროვებდნენ და ანდებში სპეციალური კონტეინერებით შეჰქონდათ. თუმცა, როგორც 27 თუთიყუშისა და თუთიყუშ არას ნაშთების ანალიზი მიუთითებს, უდაბნოში ბევრი ფრინველი მიჰყავდათ ბრჭყვიალა ბუმბულების წარმოების მიზნით.

ამ რეგიონში ბუმბულებით ვაჭრობა სათავეს უფრო შორეულ წარსულში იღებს, სულ მცირე ჩინჩოროს მუმიებამდე, რომლებიც ძვ. წ. 5050 წელს ეკუთვნის. ათასობით წლის შემდეგ, ბუმბულები კვლავ ძვირად ფასობდა და აქტიურად იყენებდნენ ტანსაცმელში, ქუდებში, თავსაბურავებსა და სხვა ორნამენტებში.

ახალი კვლევის ფარგლებში შესწავლილ მუმიფიცირებულ ფრინველთა უმეტესობა არქეოლოგიურ ძეგლ პიკა 8-ზე აღმოაჩინეს, რომელიც ატაკამის უდაბნოში დღემდე არსებულ ოაზისის საზოგადოებასთან ახლოს მდებარეობს.

მეცნიერთა აზრით, ერთ დროს, ეს ხალხი ფრინველებს საკუთარ მიცვალებულებთან ერთად მარხავდა.

„ჩიტების უმეტესობა ადამიანების საფლავებშია დამარხული, მაგრამ თუთიყუშებს კუდები ხშირად მომძვრალი აქვს“, — წერენ მკვლევრები.

 

ზოგან ცხოველები დახვეწილ პოზებშია მოთავსებული, გაღებული ნისკარტით, საიდანაც ენა აქვთ გადმოყოფილი რაც სავარაუდოდ რიტუალური პრაქტიკის ნაწილი იყო და განასახიერებდა თუთუყუშების ადამიანთა საუბრის მიმბაძველობის უნარს. ზოგსაც ფრთები აქვს გაშლილი, რათა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეშიც სამუდამოდ ეფრინათ.

თუმცა, როგორ ჩანს, სიცოცხლეში ბევრ თუთიყუშს ფრთები აქვს მოტეხილი, ფეხები კი თასმებით უნდა ჰქონოდათ შეკრული. ამავე დროს, ზოგიერთ ფრინველზე მკვლევრებმა ასევე შენიშნეს გარკვეული მზრუნველობის კვალიც, მაგალითად, მომჭერები ნისკარტსა და ბრჭყალებზე თიხის მომჭერის, ასევე მოტეხილი ძვლების მკურნალობის ნიშნები.

„წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ახდენდნენ მათ მუმიფიცირებას. როგორც ჩანს, ისინი კლოაკადან (გამომყოფი და რეპროდუქციული ნახვრეტი) არიან გამოშიგნული, რაც მათ ინახავდა. ხშირად ფრინველები ქსოვილებში ან ჩანთებშია გახვეული“, — ამბობს კაპრილესი.

აშკარა კი ის არის, რომ ამ ფრინველთა უდაბნოში წაყვანა ადვილი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. მათ ტრანსპორტირებას ამაზონის აუზიდან ლამების ქარავნებით ახდენდნენ, რასაც მკვლევართა აზრით, თვეები სჭირდებოდა; შესაძლებელია ისიც, რომ ზოგიერთ ფრინველს უდაბნოს ახლომდებარე რეგიონებშიც იჭერდნენ.

უდაბნოში მოხვედრის შემდეგ, ისინი მართლაც ძვირად ფასობდნენ, რა თქმა უნდა, თავიანთ საოცარი ბუმბულების გამო.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.