ინკების ქალაქ მაჩუ-პიქჩუს მთელი ამ დროის განმავლობაში სავარაუდოდ არასწორი სახელით ვიცნობდით — #1tvმეცნიერება
ინკების ქალაქ მაჩუ-პიქჩუს მთელი ამ დროის განმავლობაში სავარაუდოდ არასწორი სახელით ვიცნობდით — #1tvმეცნიერება

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლს ამჟამინდელი სახელი შეიძლება უბრალო გაუგებრობის გამო დაარქვეს.

ისტორიული დოკუმენტების ახალი ანალიზის მიხედვით, ინკების უძველეს ძეგლს, რომელსაც ჩვენ „მაჩუ-პიქჩუს“ სახელით ვიცნობთ, სავარაუდოდ, „პიქჩუ“ ან „უაინა-პიქჩუ“ უნდა ერქვას.

1911 წელს, როდესაც ამერიკელი ისტორიკოსი და მკვლევარი ჰირამ ბინგემი პირველი ეწვია ინკების უძველეს ნანგრევებს, ადგილობრივ მიწის მფლობელებს სთხოვა, მის საველე ჟურნალში ამ ძეგლის სახელი ჩაეწერათ.

გვერდის შუაგულში, ადგილობრივმა გლეხმა, სახელად მელჩორ არტეაგამ დაწერა „მაჩო-პისჩო“, სიტყვა, რომელზეც ჰირამი აღნიშნავს, რომ ხმამაღლა წარმოთქმისას უფრო „პექჩუდ“ ჟღერდა.

მას შემდეგ, ეს სახელი ყველამ მიივიწყა. გავიდა თითქმის საუკუნე და მსოფლიომ ამ სახელის გამეორება კვლავ დაიწყო, რუკებზე, დოკუმენტებსა თუ ისტორიის სახელმძღვანელოებში. ძეგლის სახელში მხოლოდ 1990-იან წლებში შეეპარა ეჭვი ზოგიერთ ექსპერტს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ინკების მაჩუ-პიქჩუს შესახებ კუსკოს რეგიონის მრავალი ადგილობრივისთვის არაფერი იყო ცნობილი. თუმცა, კარგად იყო ცნობილი დიდი ხნის წინ დაკარგული ძეგლის გარშემო აღმართული მთები.

ნანგრევების გვერდით აღმართულ პატარა, ციცაბო მწვერვალს „უაინა-პიქჩუ“ ჰქვია, სამხრეთით მდებარე უფრო დიდ, კალთებიან მწვერვალს კი „მაჩუ-პიქჩუ“.

უშუალოდ კვლევების წინ, ბინგემი ჯერ ცნობებს აგროვებდა. მის ჟურნალში ჩაწერილია საუბარი ახლომდებარე პატარა ქალაქის ხელმძღვანელ ადოლფო კევედოსთან, რომელიც ნანგრევებს „უაინა -პიქჩუს“ უწოდებს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ბინგემის ჯგუფს ადგილობრივი ფერმერი მიუახლოვდა და მოახსენა, რომ ახლომახლოს გარკვეული ნანგრევები იყო, სახელად „უაინა-პიქჩუ“. მისი თქმით, მწვერვალზე, სახელად „მაჩუ-პიქჩუ“, იყო კიდევ სხვა ნანგრევებიც, მაგრამ ის ზომით გაცილებით მცირე აღმოჩნდა, ვიდრე უაინა-პიქჩუსთან მდებარე.

შემდეგ, ბინგემმა თავის ჟურნალში ძეგლის აღსანიშნად ჩაწერა „მაკუ-პიკუ, უაინა-პიჩუ“. ამჟამად ცნობილი სახელი „მაჩუ-პიქჩუ“ ბინჰემმა სამუდამოდ მხოლოდ არტეაგას გამოკითხვის შემდეგ დაამკვიდრა. მაგრამ სავარაუდოდ, არტეაგა უაინა-პიქჩუს ნანგრევებს კი არ გულისხმობდა, არამედ მაჩუ-პიქჩუს მთაზე მდებარეს.

„მისი საველე ჩანაწერებიდან და წერილიდან ჩანს, რომ დანგრეული ქალაქისთვის მაჩუ-პიქჩუს წოდებისას, ბინგემმა მელჩორ არტეაგას მიერ მიწოდებული ინფორმაცია გითვალისწინა“, — წერენ კვლევის ავტორები.

მათი განცხადებით, ვინაიდან ბატონი არტეაგა მთის ძირში ცხოვრობდა და ნანგრევებიც უკვე მონახულებული ჰქონდა, უაინა-პიქჩუზეც კი იყო ასული, ბინგემს სახელის კითხვის მიზეზი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ურუბამბაში შემდგარი წინა საუბრისას, ნანგრევებს კონკრეტულად უაინა-პიქჩუს სახელად იხსენიებდნენ.

ინკების ქალაქი, სახელად „უაინა-პიქჩუ“ მოხსენიებულია ბინგემის მოგზაურობის დაწყებამდეც კი, 1904 წელს სხვა მკვლევრის მიერ გამოცემულ ატლასში.

ესპანელი ახალმოსახლეების კიდევ უფრო ძველ დოკუმენტებში, რამდენიმე სხვა წყარო იხსენიებს ქალაქ პიქჩუს ან უძველეს ქალაქ უაინა-პიქჩუს. თუმცა, აბსოლუტურად არსად არის მოხსენიებული ქალაქი, სახელად „მაჩუ-პიქჩუ“.

„დამაინტრიგებელია, რომ ინკების ქალაქი, სახელად მაჩუ-პიქჩუ, არსად იხსენიება 1912 წელს ბინგემის ვიზიტამდე, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა“, — წერენ მკვლევრები.

1990 წელს, ანდების მკვლევარმა ჯონ როუიმ პირველმა გამოიყენა საარქივო დოკუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ „მაჩუ-პიქჩუ“ არასწორი სახელი იყო.

ის მიუთითებდა მე-16 საუკუნის ესპანელი კოლონისტების რამდენიმე წერილსა და დოკუმენტზე, რომლებიც ინკების უძველეს ქალაქს „პიქჩუს“ სახელით იხსენიებდნენ.

ახალი კვლევის ავტორები მას თან ეთანხმებიან, თან არ ეთანხმებიან. ეთანხმებიან, რომ „მაჩუ-პიქჩუ“ არასწორი სახელია, მაგრამ ამბობენ, რომ ადგილობრივთა გადმოცემით, ძეგლის სახელია „უაინა-პიქჩუ“.

ბინგემის ჟურნალში ჩაწერილ ზერელე საუბრებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, წარმოაჩენენ რამდენიმე მცირე დაკვირვებას, რომლებიც უფრო ადრეულ მკვლევრებს გამორჩათ ან არასაჭიროდ ჩათვალეს.

მაგალითად, ჟურნალის ერთ ჩანაწერში, ბინგემი წერს, რომ „ერთმა ყბედმა ძველმა კოლეგამ, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი კუსკოს დეპარტამენტის მაღაროების კვლევაში გაატარა, უთხრა, რომ ადგილზე, რომელსაც უაინა-პიქჩუს უწოდებენ, ნახა ნანგრევები, რომლებიც ძეგლ ჩოკეკირაუზე უფრო ლამაზი იყო“.

ამას მხარს უჭერს რამდენიმე სხვა საუბარი და ესპანელი კოლონისტების ადრეული დოკუმენტებიც.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ბინგემი მსოფლიოსთვის გაცნობილი ამ ფანტასტიკური ნანგრევების სახელს „წარსულის ჩრდილში დაკარგულად“ მიიჩნევდა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მისი დაწყებული კვლევის გაგრძელებით, ეს ჩრდილი გაიფანტოს და დღის სინათლეზე გამოვიდეს ამ ქალაქის ნამდვილი სახელი და ისტორია“, — ასკვნიან მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Ñawpa Pacha-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.