ინკების იმპერატორთა წარმომავლობის გასარკვევად, პერუელმა მეცნიერებმა მათი დნმ შეისწავლეს
ინკების იმპერატორთა წარმომავლობის გასარკვევად, პერუელმა მეცნიერებმა მათი დნმ შეისწავლეს

პერუელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ბოლოსდაბოლოს განსაზღვრეს ამერიკის უდიდესი კოლუმბამდელი ცივილიზაციის — ინკების წარმომავლობა. ეს მათი იმპერატორების თანამედროვე შთამომავალთა დნმ-ის საშუალებით მოხერხდა.

თავიანთ უძველესი დედაქალაქიდან, კუსკოდან, ინკები აკონტროლებდნენ უდიდეს იმპერიას, რომელსაც ისინი ტაუანტანსუიუს უწოდებდნენ (კეჩუას ენაზე ნიშნავს „სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს“). ეს იმპერია გადაჭიმული იყო თანამედროვე არგენტინის დასავლეთიდან სამხრეთ კოლუმბიამდე.


ინკები ამ იმპერიაში ორას წელიწადზე მეტხანს მბრძანებლობდნენ, სანამ საბოლოოდ, მე-16 საუკუნეში შემოჭრილმა ესპანელებმა არ დაიპყრეს.

იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა მთის წვერზე გაშენებული ციტადელი მაჩუ-პიქჩუც, რომელიც თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.

ინკების კულტურით, ორგანიზაციული უნარ-ჩვევებითა და ინჟინერიით მოჯადოებულმა მკვლევრებმა ლიმის უნივერსიტეტიდან, რიკარდო ფუხიტამ და ხოსე სანდოვალმა, მათი შთამომავლობის გენეტიკური პროფილის შესწავლა გადაწყვიტეს.

მათი თქმით, ეს გახლდათ ამ სახის პირველი კვლევა და მისი მიზანი იმის გარკვევა იყო, ჰყავდათ თუ არა ინკებს ერთი პატრიარქი.

მკვლევრებს სურდათ შეემოწმებინათ ინკების წარმოშობის შესახებ არსებული ორი ცნობილი ლეგენდა.

ერთი მათგანის მიხედვით, მათი მოდგმის წინაპრები იყვნენ ტიტიკაკის ტბის მიდამოში მცხოვრები წყვილი. მეორე ლეგენდის მიხედვით კი პირველი ინკები პაკარიტამბოს მთებში მცხოვრები ძმები იყვნენ.

დნმ-ის ნიმუშები ორივე ამ ადგილის მოსახლეობისგან აიღეს.

„მათი შთამომავლობის გენეტიკის სამწლიანი კვლევის შემდეგ, ვადასტურებთ, რომ ინკების ცივილიზაციის წარმოშობის შესახებ არსებული ეს ორივე ლეგენდა შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული“, — ამბობს ფუხიტა.

მისი თქმით, 3000-მდე ინდივიდის გენეალოგიური ხის აღსადგენად, ეს ნიმუშები მათ ხელთ არსებულ გენეალოგიურ ბაზას შეადარეს.


საბოლოოდ, ეს ბაზა 200 ისეთ ადამიანამდე შეამცირეს, რომლებსაც გენეტიკური მსგავსებები ჰქონდათ ინკების დიდგვაროვნებთან.

„მივედით დასკვნამდე, რომ ტაუანტანსუიუს დიდგვაროვნები ორი ხაზიდან მოდიან, ერთი ტიტიკაკის ტბის რეგიონიდან, მეორე კი კუსკოს სიახლოვეს, პაკარიტამბოს მთის მიდამოებიდან. ლეგენდა დასტურდება“, — აღნიშნავს სანდოვალი.

თუმცა, ასევე დასტურდება, რომ ეს ორი ლეგენდა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

სანდოვალის თქმით, პირველი მიგრაცია სავარაუდოდ პუნოს რეგიონიდან პაკარიტამბოში მოხდა, შემდეგ მათ კუსკოში გადაინაცვლეს და ტაუანტანსუიუს იმპერიაც დააარსეს.

თუმცა, კვლევა აქ არ სრულდება. მეცნიერებს კიდევ უფრო შორეულ წარსულში გადასვლა სურთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კოლუმბამდელი ცივილიზაციის წარმოშობის სრული სურათის დასახატად, მათ უნდა აიღონ ისეთ უძველეს რელიკვიათა დნმ, როგორებიცაა მუმიები.

ამოცანა არც ისე მარტივია, რადგან 1532 წელს ინკების იმპერიაში შეჭრილმა ესპანელმა კონკისტადორებმა ინკების სათაყვანებელი მუმიები გაანადგურეს, რადგან ამ ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევა სურდათ.

ისტორიის აღსადგენად, მკვლევრები ახლა აქტიურად ეძებენ ინკების ყველაზე პირდაპირ შთამომავალთა სამარხებს.

ამ ხალხის ზუსტი წარმოშობის გასარკვევად, დნმ-ის ანალიზებთან ერთად საჭიროა არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევებიც.

ძლიერების მწვერვალს ინკებმა XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როდესაც მათ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა მილიონ კვადრატულ კილომეტრს და აერთიანებდა თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს.

ინკების იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მხოლოდ თავიანთი ნებისყოფისა და მახვილი ჭკუის წყალობით, ინკებმა უმოკლეს დროში შეძლეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი ცივილიზაციის შექმნა ისე, რომ არ იცოდნენ ბორბლიანი ტრანსპორტი და ანბანური დამწერლობა. ეს უზარმაზარი იმპერია, რომელსაც მართავდნენ დიდი მპყრობელი-მეომრები, რომელთაგან თითოეული თავის თავს საპა ინკას, ანუ „ერთადერთ, განუმეორებელ, უნიკალურ ინკას“ უწოდებდა, მე-16 საუკუნეში უმოკლეს ვადაში დაიპყრო ესპანელთა რაზმმა, რომელიც სულ 200-მდე კაცისგან შედგებოდა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით